ეგზოტიკური ფრინველები
ეგზოტიკურ ფრინველებს გააჩნიათ არამარტო დეკორატიული და ესთეტიკური მნიშვნელობა, არამედ მათ აშენებენ სამეურნეო-კომერციული მიზნითაც. ჩვენ ქვეყანაში არსებობს მრავალი მოყვარული მეფრინველე, რომლებიც სახლის თუ საკარმიდამო მეურნეობების პირობებში აქტიურად მისდევენ ეგზოტიკური და დეკორატიული ფრინველების მოვლა-შენახვას და მოშენებას.
წინამდებარე სტატია წარმოადგენს წინაპირობას დაინტერესებულ პირთათვის, რათა წარმატებით შეძლონ ქვემოთ მოყვანილი ფრინველების მომრავლება.
მტრედი
შინაური მტრედის უძველეს წინაპრად ითვლება გარეული შავ-მოიისფერო მტრედი. იგი მოიშინაურეს ჩვ. წ. აღ.-მდე 3000-3500 წლის წინ ძველ ეგვიპტეში. უხსოვარი დროიდან მტრედებს აშენებდნენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებსა და აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხები. მათ ინახავდნენ გამომწვარი თიხისაგან აშენებულ მრგვალი ფორმის სამტრედეებში. ასეთი ტიპის სამტრედეებს დღესაც შეხვდებით ეგვიპტეში.
მას შემდეგ ადამიანმა საუკუნეების განმავლობაში მტრედის მრავალი ჯიში გამოიყვანა. გადარჩევისა და შერჩევის საფუძველზე მიღებულია ისეთი ჯიშები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევიან არამარტო სხეულის ფორმითა და გარეგნული ნიშან-თვისებების მრავალფეროვნებით, არამედ დანიშნულებითაც. ამჟამად ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ მტრედის რამდენი ჯიშია გავრცელებული მთელს მსოფლიოში, არ არსებობს, მაგრამ მიახლოებით ცნობილია მათი 800-ზე მეტი ჯიში, რომლებიც იყოფიან სამ ჯგუფად: საფოსტო, დეკორატიული და სახორცე მიმართულების მტრედები.
მტრედისებრთა რიგში გაერთიანებულია ცხრა გვარი. ესენია: 1. კბილისებურ ნისკარტიანი მტრედი; 2. აბისინიური მტრედი; 3. მტრედი ვიახირი; 4. ჩვეულებრივი ანუ მინდვრის მტრედი; 5. მოხეტიალე მტრედი; 6. ჩვეულებრივი გვრიტი; 7. ქოჩრიანი მტრედი; 8. გრიფისმაგვარი მტრედი და 9. გვირგვინოსანი მტრედი.
მტრედი ძირითადად გავრცელებულია კონტინენტურ, ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. იგი საშუალო ზომის ფრინველია. ყველაზე დიდი ზომისაა გვირგვინოსანი მტრედი, რომლის სხეულის სიგრძე საშუალოდ 80 სმ-მდეა. შეფერილობა მრავალფეროვანია. ამ სახეობის ფრინველის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვნობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ავსტრალია და მიმდებარე კუნძულები. ძირითადად გავრცელებულნი არიან ფოთლოვან ტყეებში, ღია ველებზე და კულტურულ ლანდშაფტებში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, ბუჩქებში, კლდის ნაპრალებში, ადამიანის სიახლოვეს შენობებში და იშვიათად მიწაზე. მონოგამიური ფრინველია. კვერცხდება ახასიათებს წელიწადში 4-5-ჯერ. ერთ ჯერზე დებს 2, იშვიათად 1 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა მტრედის სხვადასხვა სახეობისათვის განსხვავებულია — 14 დღიდან 30 დღემდე. ახალგამოჩეკილი მოზარდი ბუდეს ტოვებს 14-დან 25 დღეზე. მტრედები ბინადრობენ გუნდებად. კვერცხზე მორიგეობით ზიან მდედრი და მამრი. პირველ დღეებში მშობლები თავიანთ მოზარდებს კვებავენ ე.წ. „ჩიტის რძით”, რომელსაც მტრედი გამოყოფს ჩიჩახვის სპეციალური ეპითელიებიდან. მტრედები ძირითადად იკვებებიან სხვადასხვა თესლებით და ნაყოფებით. ისინი იყენებენ ბევრ წყალს და სუფთა წყლის საძებნელად მას შეუძლია დაფაროს საკმაოდ დიდი მანძილი. მტრედის ხორცი გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით, მაგრამ სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია.
საფოსტო მტრედი გამოყვანილია მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, როდესაც გადარჩევა წარმოებდა ამ ფრინველის ორიენტაციის უნარის შესაძლებლობების მიხედვით. ამჟამად მტრედის ფოსტამ დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა, მაგრამ იყო პერიოდები (უძველეს ხანაში, მეორე მსოფლიო ომის დროს), როდესაც მას უდიდესი ფუნქცია გააჩნდა. დღესდღეობით კი საფოსტო მტრედებს აშენებენ მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. მათი ფრენის სიჩქარე აღემატება 60 კმ`სთ-ს. ფრენის სიშორე ცალმხრივად 100—150 კმ-ია. ყოფილა შემთხვევები, რომ დაუფარავთ 1000 კმ.
დეკორატიული მტრედები ფასობენ ორიგინალური გარეგნობით, ბუმბულის მრავალგვარი შეფერილობით (ბღენძიები, კაპუცინები, კოსმაჩები და სხვ.), ან თავისებური ფრენის მანერით (ტურმანები, თოლიები და სხვ.). ყველა ამ ჯიშს გააჩნია სამოყვარულო დანიშნულება.
სახორცე ჯიშის მტრედებს (კარნო, კინგი, რომაული და სხვ) აშენებენ ხორცის წარმოების მიზნით. ისინი საკმაოდ დიდი ზომისანი არიან (900 გ). გამოირჩევიან მაღალნაყოფიერებით და მალმწიფადობით. ერთი წყვილი მეხორცული მიმართულების მტრედისაგან წლის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ 14 ფრთა მოზარდი. თითოეული მათგანი ერთი თვის ასაკში მიაღწევს 600—700 გ-ს. ახალმიღებულ სახორცე მოზარდს სუქებაზე აყენებენ 10—15 დღით. ყველაზე უფრო ხელსაყრელია სუქებაზე დაყენებული 25-დღიანი მოზარდის რეალიზაცია. ამ ასაკის მტრედის ხორცი არის ნაზი, თეთრი და გამოირჩევა კუნთოვანი ქსოვილის წვრილბოჭკოვანი სტრუქტურით. ხორცი შეიცავს 12,8% პროტეინს, 14,5% ცხიმს, ნაცარი 1,2%-ია და წყალი 62,5%. მათი დაკვლისა და გაპუტვის ტაქნოლოგია იგივეა, როგორც ქათმის შემთხვევაში.
თუთიყუში
თუთიყუშისებრთა რიგში ერთიანდება ორი გვარი: 1. კაკადუსნაირები, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს 65 სახეობას და 2. ნამდვილი თუთიყუშები ანუ გლუვენია-ნები, რომელშიც გაერთიანებულია 285 სახეობა. ამ ორ გვარში სულ გაერთიანებულია 350-მდე სახეობა. მათ შორის: 27 სახეობა და 14 ქვესახეობა შეტანილია მსოფლიო წითელ წიგნში. თუთიყუში გავრცელებულია მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. სახეობათა ყველაზე დიდი მრავალფეროვნება აღრიცხულია ავსტრალიის ფაუნაში. გვხვდება, აგრეთვე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთში, დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ითვლება ხეზე მობინადრე ფრინველად. ცხოვრობენ ტყეებში, იშვიათად — გაშლილ ველებზე; რამდენიმე სახეობა გვხვდება მთებშიც; ბინადრობენ გუნდებად; იკვებებიან მცენარეული საკვებით, იშვიათად — მწერებით; ხელს უწყობენ მცენარეთა დამტვერვისა და გამრავლების პროცესს. ხშირ შემთხვევაში ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო ნათესებსა და ბაღებს.
თუთიყუშის სხეულის სიგრძე მერყეობს 9,5 სმ-დან 1 მ-მდე, ცოცხალი მასა — 10 გ-დან 1 კგ-ზე ზევით. შეფერილობით არიან ძალზე მრავალფეროვნები და დამახასიათებელია მკვეთრი ფერები. ძირითადად ჭარბობს მომწვანო-მოყვითალო ფერები. გააჩნიათ მოკაუჭებული მასიური ნისკარტი და მოღუნულბრჭყალებიანი მასიური ფეხები. მე-2 და მე-4 თითი უკანაა მიმართული და ძალზე მოქნილია. ფრთები გრძელი და წაწვეტებულია. იგი მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ქვებს შორის ნაპრალებში და სხვ. დედალი დებს 2-3, იშვიათად 5-8 კვერცხს. კრუხობს დედალი. ინკუბაციის ხანგრძლივობა გრძელდება 3 კვირამდე. ბარტყი იჩეკება შეუბუმბლავი და თვალაუხილავი.
თუთიყუშის თავის ქალა გამოირჩევა თავისი სიფართით. აქედან გამომდინარე, თავის ტვინიც მოცულობაში შედარებით დიდია. ქვედა ყბის ძვლები საკმაოდ გრძელია. დამახასიათებელია კარგი მეხსიერება და ხმების იმიტაცია (კარგად არის განვითარებული ხმის იოგები). ენა მოკლეა, მსხვილი და ხორციანი. ზოგიერთ სახეობაში აღჭურვილია წვრილი, მრავალრიცხოვანი ძაფისებრი დვრილებით.
თუთიყუშები სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენლებია და დაჯილდოებულნი არიან საუცხოო „ლაპარაკის” უნარით. არიან ძალიან მოძრავები და ენერგიულები. სწორედ ამ თვისებების გამო ისინი ხშირად ჰყავთ გალიებში, როგორც შინაური ფორმა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტალღისებური ანუ ხუჭუჭა თუთიყუში, რომლის სამშობლოც ავსტრალიაა. სამხრეთ ამერიკის თუთიყუშები გამოირჩევიან განსაკუთრებული შეფერილობით. ეს კონტინენტი ითვლება გიგანტური თუთიყუშის „არას” სამშობლოდ. აქაურები არიან „ამაზონებიც.” ისინი შედარებით მცირე ზომისანი არიან,მაგრამ მიუხედავად ამისა „არებზე” უკეთესად „ლაპარაკობენ.” ე.ი. მათზე უკეთ შეუძლიათ ადამიანის ლაპარაკისა და სხვა ხმების იმიტაცია. მათ შორის საუკეთესოდ ითვლება ყვითელკისერა „ამაზონი” და ლურჯშუბლიანები. ისინი „ლაპარაკით” მხოლოდ „ჟაკოს” ჩამოუვარდებიან. ავსტრალიისა და გარეშემო კუნძულების თუთიყუშები შედარებით ნაკლებინტენსიური შეფერილობით გამოირჩევიან. აქ გავრცელებულია „ხუჭუჭა თუთიყუშები,” „ნიმფები” და დიდქოჩრიანი „კაკადუ.”
ჩვენს ქვეყანაში გალიებში, სახლის პირობებში, ყველაზე მეტად გავრცელებულია ტალღისებური ანუ ხუჭუჭა თუთუყუშები.
იადონი
იადონი მიეკუთვნება იადონისებრ მგალობელ ფრინველთა გვარს. მისი ლათინური სახელწოდება (Serinus canaria) წარმოდგება კანარის კუნძულებიდან, ე.ი. იმ ადგილებიდან, სადაც ესპანელმა და პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა ეს ფრინველი პირველად შენიშნეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი გავრცელების არეალში შედის მადეირას, პორტო-სანტოსა და აზორის კუნძულები. ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ესპანელმა ზღვაოსნებმა იგი შემოიყვანეს ესპანეთში. ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირველები, ვინც დაიწყეს ევროპაში მისი მოშენება, იყვნენ ესპანელი მღვდლები.
XV-XVI საუკუნეებში ევროპაში ეს ფრინველი ჯერ კიდევ დიდ იშვიათობად ითვლებოდა და წარმოადგენდა ფუფუნების საგანს. მას შემდეგ, რაც ფართოდ დაიწყეს იადონის მოშენება, დაიწია ამ ფრინველის ფასმა და იგი ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისათვის. მოგვიანებით ცნობილი გახდა იადონის ერთ-ერთი საოცარი თვისება. კერძოდ, მაღალი მგრძნობელობა ჰაერში გაზის (მეთანის) შემცველობის მიმართ. გალობის საოცარი უნარისა და ლამაზი შეფერილობის გარდა იგი გადაიქცა ადამიანის მაშველ ფრინველადაც. მისი გამოყენება დაიწყეს დახურული ტიპის კარიერებისა და გვირაბების მშენებლობის დროს. როგორც კი იადონი გვირაბში „ცუდად” იგრძნობდა თავს, მუშები მაშინვე ტოვებდნენ გვირაბს და ამით თავს იცავდნენ გაზით მოწამვლისაგან, ან აფეთქებისაგან. XVI-XVII საუკუნეებში ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში დაიწყეს სხვადასხვა შეფერილობის იადონების გამოყვანა და სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ფერად მეიადონეობას, როგორც ეგზოტიკური ფრინველების მოშენების ერთ-ერთ დარგს. დღესდღეობით ყველაზე მრავალგვარი შეფერილობა ფრინველებს შორის სწორედ იადონებისთვისაა დამახასიათებელი. გამოყვანილია ისეთი ჯიშებიც, როგორებიცაა: ბიბილოიანი, ხვეულბუმბულიანი და კუზიანი იადონებიც კი. სანაშენე მუშაობა არ წყდება ამჟამადაც. ყოველწლიურად რეგისტრირდება იადონების ახალ-ახალი ჯიშები.
ბუნებრივია, სანაშენე საქმის წარმოების დროს ადამიანმა თავდაპირველად ყურადღება იადონის არაჩვეულებრივ ხმასა და ჟღერადობაზე გაამახვილა. სწორედ სასიმღერო ნიშან-თვისებებით დაიწყო მან ამ ფრინველის შერჩევა და გადარჩევა. ამ მიმართულებით სამუშაოები პირველად დაიწყეს გარმანელმა მოყვარულებმა. ისინი აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ რა იადონის მრავალხმოვანი ტონალობის ბგერების გამოცემის უნარს, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების დახმარებით შექმნეს ე. წ. კეთილშობილი მომღერალი იადონების ჯგუფი, რომლებსაც დღესდღეობითაც აღფრთოვანებაში მოჰყავთ მსმენელი. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სხვა გარეული მგალობელი ფრინველებისაგან განსხვავებით იადონი ადვილად ეგუება ტყვეობას და ძალიან ადვილად თვინიერდება.
ფარშავანგი
ფარშავანგი მონოტიპიურ სახეობად ითვლება ე. ი. არ იყოფა ქვესახეობებად, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ მთელი რიგი სხვადასხვა ფერის ეგზემპლარები და შეფერილობის მიხედვით სხვადასხვაგვარი ვარიაციები. იგი მოშინაურებულია ადამიანის მიერ. ძირითადად გავრცელებულია ინდოეთში, ინდონეზიის კუნძულებზე, მალაიზიაში, პაკისტანსა და შრილანკაში. ვრცელდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. ბინადრობს ჯუნგლებში და ტყიან მასივებში; გვხვდება კულტურულ ლანდშაფტებში, სოფლებთან ახლოს; არ ერიდება ადამიანის სიახლოვეს. უპირატესობას ანიჭებს ბუჩქნარიან ადგილებს, ტყის განაპირა ზოლებს და წყალსატევის ნაპირებს.
უკვე 3000 წელზე მეტია, რაც ფარშავანგმა პოპულარობა მოიპოვა სხვადასხვა ხალხების კულტურაში, ლეგენდებში, ლიტერატურასა და რელიგიაშიც კი. იგი პირველად ინდოეთში მოიშინაურეს დაახლოებით 3000-ზე მეტი წლის წინათ, ხოლო 1963 წლიდან გამოცხადებულია ინდოეთის ეროვნულ ფრინველად. ამ ქვეყანაში იგი აღიარებულია წმინდა ფრინველად.
მოშინაურებული ფარშავანგის შესახებ მასალები ნაპოვნია ეგვიპტის, ეთიოპიის, არაბეთის, რომისა და საბერძნეთის ისტორიულ წყაროებში. მას ძირითადად აშენებდნენ სილამაზის მიზნით და ითვლებოდა სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოდ. ევროპის კონტინენტზე ამ ფრინველის შემოყვანა ძირითადად ა. მაკედონელის პერიოდს უკავშირდება. ძველ რომსა და საბერძნეთში ფარშავანგის ხორცს გამოიყენებდნენ საკვებად. ჩინეთსა და იაპონიაში ეს ფრინველი გვხვდება XII საუკუნიდან, საქართველოში კი ფარშავანგი შემოყვანილი იქნა ირანიდან XVI საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.
ფარშავანგის ბუმბული უძველესი დროიდან წარმოადგენდა ვაჭრობის საგანს. შუა საუკუნეების ევროპელი რაინდები მას იყენებდნენ ჩაჩქანის მორთულობაში, ხოლო ქალბატონები — ტანსაცმლის აქსესუარებში. ამ დროისათვის საკვებად გამოიყენებდნენ მის ხორცსაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფარშავანგის ხორცი საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და გამოირჩევა არასასურველი საგემოვნო თვისებებითაც.
ფარშავანგი ტყვეობას ადვილად ეგუება, თუმცა, ავლენს შედარებით დაბალ ნაყოფიერებას; ცუდად იზრდება სხვა შინაურ ფრინველთა გარემოცვაში, სამაგიეროდ კარგად იტანს მკაცრ კლიმატურ პირობებს და თოვლსაც კი.
ფარშავანგი ითვლება პოლიგამიურ ფრინველად. მამლის სხეულის სიგრძე აღწევს 100-120 სმ-მდე, კუდის სიგრძე — 40-50 სმ-მდე. მისთვის დამახასიათებელია მკაფიო შეფერილობის კუდის დიდი მფარავი ბუმბულები, რომელთა სიგრძეც 120-დან 160 სმ-მდე აღწევს. მამალი იწონის 4-4,3 კგ-ს. თავი, კისერი და გულმკერდის ნაწილი დაფარული აქვს ლურჯი ფერის ბუმბულით, ზურგი მწვანე ფერისაა, სხეულის ქვედა ნაწილი და ფეხები კი შავი ფერისაა. მდედრი უფრო მცირე ზომისაა, არ ახასიათებს მკვეთრი შეფერილობა და მოკლებულია კუდის გრძელ მფარავ ბუმბულს.
ცხოვრობენ მცირე გუნდებად. ერთ ოჯახში არის ერთი მამალი და 3—5 დედალი. ცუდად დაფრინავს და როგორც წესი, მოკლე მანძილზე. ძირითადად იკვებება მცენარეული საკვებით, ნორჩი ყლორტებით, ბალახეულით და მცენარეთა თესლით. ჭამს მწერებს, მათ მატლებს და მცირე ზომის ხერხემლიანებსაც. ამტანია სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი; სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2-3 წლის ასაკში; კვერცხდების სეზონი ახასიათებს აპრილიდან სექტემბრამდე. ბუდეს იკეთებს მიწაზე და ერთ ჯერზე დებს 4-10 კვერცხს. ტყვეობაში კვერცხდება ახასიათებს წელიწადში 2-3-ჯერ. ინკუბაციის პერიოდი 28 დღეა. სრული შებუმბვლა მამლებს უნვითარდებათ 3 წლის ასაკისათვის. ცოცხლობს 20 წლამდე.
ფერმერულ მეურნეობებში მოშენების შემთხვევაში ფარშავანგის მოვლა-შენახვა და კვება ანალოგიურია ხოხბის მოშენების პირობებისა.
კობა ნაცვალაძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი