აგროსიახლეები

,,ელჩების კონფერენცია 2024”_ სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროს მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ,,ელჩების კონფერენცია 2024” -ში მიიღო მონაწილეობა და სამინისტროს მუშაობაზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა; ხელისუფლების მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაზარდოს ქვეყნის გავლენა გლობალურ ასპარეზსა და გლობალურ ბაზრებზე შეღწევადობაზე. მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება, ამ მიმართულებით კი სამინისტროს გუნდი  აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

„აგრარული დარგის განვითარებისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება. 2025-2028 წლებში სახელმწიფოს მიერ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. განსაზღვრულია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზეც გაამახვილა ყურადღება.

დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებსა და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართულ პროგრამებზეც ისაუბრა და აღიშნა, რომ ამ სამუშაოების გაწევის შემდეგ, სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტი 500 მლნ დოლარს მიაღწევს.

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება და მიმართულია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ. მთავრობის პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას“, _ აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.