ენდრო
ენდრო (ლათ. Rubia) – მცენარის გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. აქვს მთლიანი ჯვარედინად მოპირისპირე ფოთლები და უბის ნახევარქოლგებად შეკრებილი ყვითელი, მომწვანო ან მოთეთრო პატარა ყვავილები.
ენდროს 55-მდე სახეობაა გავრცელებულია აზიის ზომიერ სარტყელში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე ნაწილი – შუა ევროპასა და აფრიკაში, 15 სახეობა კი – სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში.
საქართველოში გვხვდება 2 სახეობა.
ენდროს რამდენიმე სახეობის მიწისქვეშა ნაწილები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
საღებავ ენდროს ძველთაგანვე აშენებდნენ, რომელსაც იყენებენ აბრეშუმის, ბამბეულისა და შალის (ნოხების) ქსოვილების შესაღებად. სინთეზური ალიზარინის აღმოჩენამ ენდროს კულტურა მკვეთრად შეამცირა და იგი მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. ენდროს იყენებენ აგრეთვე ხალხურ მედიცინაში რაქიტის სამკურნალოდ.
ენდრო გავრცელებულია მთის ფერდობებზე, იზრდება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე.
მასთან შერეული სხვადასხვა დასადედებელ-ფერმჭერის საშუალებით (ნაცარი, შაბი, გამხმარი შვინდის ნახარში, მურყნის ქერქის ნახარში და სხვა) იღებდნენ წითელი ფერის ფართო სპექტრს. ენდროთი იღებებოდა ბამბის, შალის, მატყლის მრავალფეროვანი საფეიქრო ნაწარმი. იგი იძლეოდა მდგრად ფერებს.
ენდრო საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ინტენსიური წარმოების გამო საექსპორტო საგანსაც წარმოადგენდა. საქართველოდან იგი აქლემებით გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ქართული ენდრო წარმატებით უწევდა კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე აზიურ და კაპრის ენდროს. მისი პლანტაციები საქართველოში გაშენებული იყო სხვადასხვა ადგილზე (თელავი, სიღნაღი, აწყური, ქუთაისი). XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ხელოვნური საღებავის — ანილინის მიღების შემდეგ ენდროს აღარ იყენებდნენ. ამჟამად ველური სახითაა გავრცელებული ქართლ-კახეთსა და იმერეთში.
როგორ შევღებოთ კვერცხები: ერთი შეკვრა ენდროს ფესვები გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ ან დანაყეთ ქვასანაყში, დაასხით 2-2,5 ლიტრა წყალი, დაამატეთ წითელი ხახვის რამდენიმე ფურცელი. ადუღეთ 20 წუთი, შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. მიღებულ საღებავში ჩააწყვეთ კვერცხები ისე, რომ საღებავმა ბოლომდე დაფაროს. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 15-20 წუთი, შემდეგ ამოიღეთ საღებავიდან და მოათავსეთ ცივი წყალში და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. თუ ენდრო ახალი და საღია, კვერცხები იდეალურად შეიღებება.