აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ენოტისებური ძაღლი

ენოტისებური ძაღლი – (Nyctereutes procyonoides). მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახიდან.

სხეულის სიგრძე აღწევს 65-80 სმ-მდე, კუდის სიგრძე 15-20 სმ-მდე. იწონის 4-10 კგ-ს.

ენოტისებური ძაღლი განსაკუთრებით ეტანება წყალსატევებს და დაჭაობებულ ადგილებს. იგი ხშირად გვხვდება დაბლობებში, მდინარის ჭალებში; პატარა მდინარეებთან და ტბებთან. მშრალ შემაღლებულ ადგილებს ეს ცხოველები ძალიან იშვიათად იკავებენ. იგი ეტანება ბუჩქნარებს და ფართოფოთლოვან ტყეს, სადაც უხვად არის წარმოდგენილი ქვეტყე. წიწვოვან ტყეს, თავისი ღარიბი ფაუნით იგი ერიდება. გვხვდება ბაღებში, ვნახებში, იშვიათად ველებზე, ქვაღორღიან ტერიტორიებს შორის მდელოებზე, ზოგჯერ ეტანებაა დამიანის დასახლებულ ადგილებს. ვერიკალური გავრცელება არ სცილდება ფართოფოთლოვანი ტყის ზედა ზღვარს.

ენოტისებური ძაღლის ბუნაგები სხვადასხვანაირია. იგი ხშირად იკავებს სხვა ცხოველის (მაჩვის, მელიის) მიერ მიტოვებულ ბუნაგებს. სორო მარტივია თავისი აგებულებით. ხშირად აქვს ერთი შესასვლელი, ერთი კამერა და ერთი განშტოება, რომელიც არ ამოდის ზრდაპირზე და იხით მთავრდება. სოროების სიგრძე იშვიათად აღემატება 2-2.5 მ-ს. სიღრმე 1-2 მეტრი. ხშირად ისინი ცხოვრობენ სოროს გარეშე და იკეთებენ ბუნაგს ხის ფესვების, დავარდნილი ხის ფუღუროში, ან დიდი ქვის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში მისი ბუნაგი არ მდებარეობს შესასვლელიდან შორს. ზოგჯერ იგი ლელიანში პირდაპირ აკეთებს „ბუდეს“ მშრალი ბალახისა და ლელქაშებისაგან. ზოგჯერ კი იგი ბუნაგს აკეთებს დიდი ბუჩქის შუაში.

ენოტისებური ძაღლი ეძლევა ზამთრის ძილს. თუ ზამთარი თბილია იგი საერთოდ არ იძინებს და მხოლოდ ყინვების დროს რამდენიმე დღით ბუნაგს აფარებს თავს ჩვეულებრივ გადაადგილდება ნაბიჯით, გარბის ნელა.

კვება

ძირითად იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებით (მეტწილად მღრღნელები, კურდღელი და სხვა.) მიწის ზედაპირზე მობუდარი ფრინველები (კაკაბი, მწყერი, გნოლი, ხოხობი და სხვა). თევზები, ლოკოკინები, კიბოები. ზოგჯერ ჭამს ბაყაყებს, ხვლიკებს, მწერებს, ხოლს, ბოსტნეულს, კენკრას. იკვებება მძორითაც. მისი საკვები განსხვავებულია როგორც სეზონურად, ისე ტერიტორიის მიხედვით. ზაფხულში მის საკვებს ამფიბიები, მოლუსკები და მწერები შეადგენს. შემოდგომაზე – მღრღნელები და თევზი. იშვიათად მის რაციონში იმატებს მცენარეული საკვები, ძირითადად გარეული ნაყოფი და ნაწილობრივ მარცვლეული საკვები.

საერთოდ კი ენოტისებრი ძაღლი ზაფხულში იკვებება ცხოველური საკვებით, შემოდგომაზე – მცენარეულით.

გამრავლება

ეს ცხოველები მონოგამები არიან. წყვილები ფორმირდება ნაყარის დაშლის შემდეგ, დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერის ბოლოს. უკრაინაში მძუნაობა იწყება თებერვალ-მარტში, ვორონეჟის მხარეში მარტის დასაწყისში, საქართველოში ზამთრის დასასრულს – ადრე გაზაფხულზე. მძუნაობის პერიოდში მამრებს შორის კონფლიქტები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ შეტაკებები არ ატარებენ სასტიკ ხასიათს. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 59-64 დღე, ნაყარში 6-8, ზოგჯერ 16 ლეკვია. ისინი ბრმები იბადებიან და თვალს 9-10 დღის ასაკში ახელენ. ოჯახი არსებობს შემოდგომამდე. ლეკვების აღზრდაში მამრები მონაწილეობას დაახლოებით ორი თვე იღებენ. სქესმწიფობა 9-10 თვის ასაკში დგება. სქესთა შეფარდება 1:1. მათ ძირითად მტრებს წარმოადგენენ მგლები, ზოგან – ფოცხვერიც.

წყარო: www.nplg.gov.ge