დარგებიმეფუტკრეობა

ენტომოფილურ მცენარეთა ფუტკრისმიერი დამტვერვა

მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვა და მოთხოვნები სადამტვერვო საფუტკრის მიმართ

მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვის ბიოლოგიური მნიშვნელობა

მიღებული თესლისა და ნაყოფის ხარისხის მიხედვით მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვა თვითდამტვერვასთან შედარებით გაცილებით უფრო ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, ნაჯვარ თაობას ახასიათებს მაღალი ცხოველმყოფელობა, გარემოსადმი შეგუების გაზრდილი უნარი. მცენარეთა ევოლუციის პროცესში მწერების მიერ ჯვარედინი დამტვერვის განხორციელებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბუნების მთელი ნაირსახეობის წარმოქმნაში. განაყოფიერების ეს ხერხი ყველაზე საიმედო და ეკონომიური აღმოჩნდა სხვა ხერხებთან (ჰიდროფილია, ზოოფილია, ანემოფილია, ორნითოფილია) შედარებით. მწერებს მცენარეული მამრობითი სასქესო უჯრედები (სპერმატოზოიდები) თავისი სხეულით უშუალოდ გადააქვთ მდედრობით სასქესო ორგანოებზე (ბუტკო). მცენარეებს, თავის მხრივ გამოუმუშავდათ მწერების მისაზიდი საშუალებები: ტკბილი წვენის (ნექტარი) გამომყოფი ჯირკვლები, ნექტარში არომატული ნივთიერებების შემცველობა, ყვავილების შესაბამისი ფერები. ამასთან ერთად, მწერები ნექტრის გარდა სარგებლობენ მცენარეთა ყვავილის მტვრით, როგორც ძირითადი საზრდო ნივთიერებების წყაროთი. მეთაფლე ფუტკრისათვის კი ეს ნივთიერებები (ნექტარი და ყვავილის მტვერი) ერთადერთი ბუნებრივი საკვებია.

 ფუტკრის ოჯახის წლიური მოთხოვნილება  ნექტარსა და ყვავილის მტვერზე

უნდა იცოდეთ!

ფუტკრის ოჯახის წლიური მოთხოვ- ნილება ნახშირწყლოვან საკვებზე (თაფლი) შეადგენს 90-110 კგ-ს, ხოლო ყვავილის მტვერზე – 20-35 კგ-ს. აქვე უნდა იანგარიშოთ საკვების ის რაოდენობა, რასაც ადამიანი იღებს ფუტკრისგან თაფლის სახით. თანამედროვე მეფუტკრეობაში ეს მაჩვენებელი 20-90კგ-ს შეადგენს. მუშა ფუტკარი ყოველ გაფრენაზე მოინახულებს 100-150 ყვავილს, ხოლო თავისი სხეულით მას გადააქვს 3-5 მლნ მტვრის მარცვალი.

ფუტკრის ძლიერი ოჯახი 50-60 ათასი ინდივიდით ყოველდღიურად ნახულობს 50-60 მლნ ყვავილს. ამ უზარმაზარი სამუშაოს შესრულებაში მას ბადალი არ ჰყავს. მცენარეთა დამტვერვაში მეთაფლე ფუტკარი ასრულებს ამ სამუშაოს 80-90%-ს, დანარჩენს _ ველური დამმტვერავი   მწერები.

ფუტკრის მნიშვნელობა ენტომოფილური მცენარეების ჯვარედინი დამტვერვის პროცესში

მცენარეთა დამტვერვაში მონაწილეობენ თრიპსები, ხოჭოები, პეპლები, ბუზები, მარტოხელა ფუტკრები, კელა. ამ მწერთა მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება შიმშილის დაკმაყოფილების გრძნობით, ბევრი მათგანი აქტიურ სეზონზე მხოლოდ 1 თაობას ზრდის. ფუტკარს თავისი ოჯახის განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესი აიძულებს, ეს პროდუქტები შეუდარებლად მეტი რაოდენობით შეაგროვოს. მეფუტკრეს შეუძლია, არეგულიროს ფუტკრის ოჯახში ინდივიდების რაოდენობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრე გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეების დასამტვერად, როცა ველური დამმტვერავი მწერები ბუნებაში ძალზე ცოტაა. მიწათმოქმედების ინტენსიფიკაცია (ნიადაგის ხვნა და შესაბამისად ველურ მწერთა ბუდეების დანგრევა, პესტიციდების გამოყენება და სხვა) ძალზე ამცირებს ამ უკანასკნელთა რაოდენობას, ხოლო ფუტკრის დაცვის შემუშავებული ღონისძიებები საშუალებას იძლევა, შხამქიმიკატების გამოყენებასთან ერთად ფუტკრის როლი მცენარეთა დამტვერვის საქმეში არ შესუსტდეს.

დამტვერვისათვის ფუტკრის ოჯახებზე მოთხოვნილება

მოთხოვნილება უნდა გაიანგარიშოთ ერთეულ ფართობზე ერთდროულად მომუშავე მუშა ფუტკრის რაოდენობით, საიდანაც დგება დამტვერვისათვის საჭირო ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.

ცალკეულ ენტომოფილურ მცენარეთა მასივებისათვის ეს მაჩვენებელი მოტანილია ცხრილში.

საჭირო დასამტვერავი მცენარის 1 ჰა-ზე საჭირო ფუტკრის ოჯახების რაოდენობა

მცენარის დასახეება ფუტკრის ოჯახის რაოდენობა
ვაშლი, მსხალი,  ქლიავი 2,0
ჟოლო, ხურტკმელის მსხვილნაყოფა ჯიშები 0,5 – 2,0

 

მოცხარი 4
ხენდრო 0,5 – 1
წიწიბურა 2
მზესუმზირა 0,5 – 1
ვაზი, ხახვი, კიტრი კვალსათბურში 0,3 – 0,5
საკვები პარკოსნები 1
ესპარცეტი 3 – 4
ბამბა 5 – 6
მდელოს სამყურა (წითელი) 4 – 6
იონჯა 8 – 10
მდოგვი 0,5
ძიძო 3 – 4
ქინძი 2

საფუტკრეში ოჯახების რაოდენობა უნდა განისაზღვროს ერთი ან ერთდროულად მოყვავილე თაფლოვანი კულტურების საერთო ფართობით, ნორმის მიხედვით ფუტკრის ოჯახების მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე. თუ ფუტკრის ოჯახები შედარებით სუსტია, მაშინ მათი რაოდენობა შესაბამისად უნდა გაიზარდოს იმ ანგარიშით, რომ ერთი ძლიერი ოჯახის (12 ჩარჩო ფუტკარი და 8-9 ბარტყიანი ჩარჩო) ნაცვლად იყოს 2 საშუალო სიძლიერის ოჯახი.

 თუ თქვენმა საფუტკრემ ესპარცეტის ნათესი ფართობის 100 ჰა უნდა დამტვეროს, მაშინ ამ საფუტკრეში თქვენ უნდა იყოლიოთ 100x4=400 ძლიერი ოჯახი, რომელსაც ყვავილობის დასაწყისში გადაიტანთ აღნიშნულ მასივზე.

მცენარეთა ფუტკრისმიერი ჯვარედინი დამტვერვის ეფექტიანობის ზრდის ხერხებია:

  _ დასამტვერავი მცენარის მოყვანის თანამედროვე, მაღალი აგროტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო საზრდო ნივთიერებებით (სასუქები), ეფექტიან დაცვას მავნებლებისა და დაავადებებისგან, წყლის რეჟიმის შენარჩუნებას ნიადაგში;

_ ფუტკრის ოჯახების დროული მომზადება სადამტვერვო სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც შეიძლება დაიწყოს ადრე გაზაფხულიდანვე (მაგალითად, ნუშის პლანტაციის დამტვერვა): პროტეინოვანი და ნახშირწყლოვანი საკვებით უზრუნველყოფა, ბუდეში სხვადასხვა ასაკის მუშა ფუტკრისა და ბარტყის არსებობა საჭირო რაოდენობით, სითბური რეჟიმის შექმნა, ახალგაზრდა, კარგი კვერცხმდებელი დედა ფუტკრის არსებობა, დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიების გატარება;

_ საფუტკრის მიტანა დასამტვერავი კულტურის მასივთან. რაც უფრო ახლოს განეწყობა ფუტკრის ოჯახი ამ მასივთან, მით უკეთესია. ყოველ შემთხვევაში ეს მანძილი 0,5 კმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. საფუტკრე დასამტვერავი მცენარის მასივთან უნდა განთავსდეს იმ პერიოდში, როცა მცენარე იწყებს ყვავილობას (არაუმეტეს 10%-სა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ფუტკრის მოქმედება სრულ ეფექტს არ იძლევა.

_ საფუტკრის ნაადრევად მიტანისას მასივთან, ან დაგვიანების შემთხვევაში, ფუტკარი უფრო ხალისით შეიძლება ამუშავდეს სხვა კონკურენტ თაფლოვან მცენარეებზე.

საფუტკრის სამთაბაროდ უნდა შესრულდეს შემდეგი ოპერაციები: სკას მოეხდება სახურავი და დასათბუნებელი ბალიშები, ამოეცლება თაფლით სავსე, მძიმე ფიჭები ცარიელი ფიჭების ჩადგმით, გადაიკეცება საფარი ტილო სანახევროდ, დაეფარება სამთაბარო ბადე (ვენტილაციის უზრუნველყოფისათვის), დაიკეტება საფრენები და დალაგდება სკები ავტოტრანსპორტზე ან მისაბმელზე. საღამო ხანს გადაიტანება ისინი დასამტვერავი მცენარის მასივზე ღამის განმავლობაში. დილით ადრე სკებს ეხსნება საფრენები წინა რიგებიდან. ისინი უნდა განთავსდეს დასამტვერავ ფართობზე იმ ანგარიშით, რომ მთელი მასივი ერთნაირად იყოს ფუტკრით უზრუნველყოფილი. არ შეიძლება ერთ ადგილზე 30-40 სკაზე მეტის დაწყობა _ მომდევნო ჯგუფი უნდა განლაგდეს არა უმეტეს 300 მეტრზე ნაკლებად მიმ-ზიდველი კულტურის შემთხვევაში და არა უმეტეს 500 მეტრზე იმ კულტურების მასივიდან, რომელზეც ფუტკარი უფრო ხალისით მუშაობს.

თუ მასივის კონტური ისეთია, რომ მისი სიგანე აღემატება ფუტკრის აქტიური ფრენის რადიუსს, მაშინ სკები მასივზე უნდა დაეწყოს შემდეგნაირად (შემხვედრი დამტვერვა):

  – ფუტკრის  დაგეშვა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მცენარის მასივი გამოყოფილი ნექტრის სიმცირის ან მისი დაბალი კონცენტრაციის გამო ფუტკრისთვის ნაკლებად მიმზიდველია. დაგეშვა იწყება აღნიშნული მცენარის ყვავილობის დასაწყისშივე, რისთვისაც მზადდება სიროფი შაქრისა და წყლის შეფარდებით 1:1, თბილ სიროფში ჩაყრიან ამ მცენარის ყვავილებს. 5-6 საათის შემდეგ სიროფი მიიღებს სასურველ სუნს, შემდეგ მას გადაწურავენ და უმატებენ 1-2 წვეთ ანისულის ზეთს ან პიტნის ნაყენს. დილით ადრე, ფუტკრის ფრენის დაწყებამდე, ეძლევა სიროფი თითოეულ ოჯახს 150-200 გ-ის რაოდენობით. ასეთნაირი კვება გრძელდება აღნიშნული მცენარის ყვავილობის დასრულებამდე. ეს ხერხი კარგია იმ შემთხვევაში, როცა საფუტკრე უშუალოდ დასამტვერავ მასივზე დგას.

ფუტკრის დაგეშვა შეიძლება გარკვეულ ტერიტორიაზეც. ტერიტორიაზეც. ამისათვის იმ მასივზე, რომელზეც საფუტკრის მიერ დასამტვერავი მცენარე არის (მაგალითად, წითელი სამყურა), ზოლებად თესავენ (100-150 მ-ის დაშორებით) უფრო უხვნექტრიან მეორე მცენარეს (მაგალითად, ვარდისფერი სამყურა). ეს უკანასკნელი 1-2 კვირით ადრე დაიწყებს ყვავილობას. როცა ფუტკარი ამ ტერიტორიას მიეჩვევა, დაიწყებს წითელი სამყურას ყვავილების მონახულებასაც.

დასამტვერავ ფართობზე ფუტკრის მოქმედების გაძლიერების მიზნით გამოიყენება შემდეგი ხერხი: ფუტკრის ძლიერ ოჯახს, რომელსაც ბუდეში საკმაოდ ბევრი თავღია ბარტყი ჰყავს, უნდა წაერთვას ჭეოიანი ფიჭები, ვთქვათ,  წითელი სამყურას მოყვავილე მასივზე, რაც აიძულებს, შეაგროვოს ყვავილის მტვერი გაზრდილი რაოდენობით, ეს გააძლიერებს წითელი სამყურას ფუტკრისმიერ დამტვერვას.

ყურადღება!

ეცადეთ, ნათელი გახადოთ სხვებისთვის საკვები მცენარეების ფუტკრით დამტვერვის უპირატესობა. თქვენი საფუტკრიდან სხვადასხვა დაშორებით (50, 250, 500, 1000 და 2000 მ) აირჩიეთ ფართობები, თითოეული 1მ2-ის ოდენობით, შემოზღუდეთ ისინი. ყვავილობის პერიოდში დაითვალეთ შერჩეულ ადგილებზე ფუტკრის ფრენის ინტენსივობა 5 წუთის განმავლობაში. მომწიფებული მცენარის თესლის მოსავლის აღრიცხვით თქვენ დაანახვებთ ტერიტორიის მფლობელ ფერმერს ფუტკრისმიერი დამტვერვის უპირატესობას.

ამ ტერიტორიას სხვა საფუტკრე არ უნდა მოემსახუროს. ფუტკრისმიერი დამტვერვის შედეგების უფრო ზუსტად დასადგენად შეიძლება აღვრიცხოთ მიღებული მოსავალი დამტვერილ ფართობზე იმასთან შედარებით, სადაც ეს სამუშაო ფუტკრის მიერ არ შესრულებულა. სხვაობა მათ შორის ნათელყოფს ფუტკრის გავლენას მცენარის მოსავლიანობაზე დამტვერვის შედეგად.

ფუტკრის მომზადება მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვისათვის.

ამ სამუშაოს შესასრულებლად ფუტკრის ოჯახი უნდა იყოს ძლიერი, ბუდეში ბარტყის საკმაო რაოდენობით. გან-საკუთრებული ყურადღება ეთმობა თავღია ბარტყის რაოდენობას, რომელსაც გამოსაკვებად ჭეო გაძლიერებით ეძლევა (რძესთან ერთად) ძიძა ფუტკრების მიერ. ფუტკრის ოჯახის საადრეო განვითარებისათვის მეფუტკრე ასრულებს შემდეგ სამუშაოებს:

_ საკვებ მარაგს გაზაფხულზე (დამტვერვის დაწყებამდე) შეუვსებს 8-12 კგ-მდე, რისთვისაც აძლევს მას 50%-იან შაქრის სიროფს 2-3_დღიანი შუალედებით, თითოეულ ჯერზე 1,52 კგ-ის რაოდენობით. თბილი სიროფი ეძლევა ფუტკარს ინდივიდუალური საკვებურით საღამო ხანს;

_ ბუდე ფუტკარს უნდა დაუთბუნდეს როგორც ზევიდან, ისე გვერდიდან დამატებითი ბალიშით, რომელსაც სკაში ჩადებენ ბუდის განაპირას არსებული ტიხარის მიღმა.

 ფუტკრის დაქირავება

 როცა ფერმერს დასამტვერავი მცენარის შეზღუდული ფართობი აქვს, მისთვის უფრო მომგებიანია, ფუტკარი იქირავოს ამ მცენარის ყვავილობის დასაწყისიდან მის ბოლომდე. ასეთ შემთხვევაში ფერმერთან იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

_ გასაქირავებელი ოჯახების რაოდენობა და სიძლიერე (ფუტკრის რაოდენობა ჩარჩოების მიხედვით);

_ დასამტვერავ ფართობზე ფუტკრის ოჯახების განლაგების გეგმა;

_ მცენარის მასივთან ფუტკრის ოჯახების მიყვანის დრო და დამტვერვის პერიოდის ხანგრძლივობა;

_ მცენარეთა დამტვერვის პერიოდში ფუტკრის ოჯახების მომსახურების წესი;

_ შხამქიმიკატებით მცენარეთა დამუშავების გეგმაგრაფიკი და ფუტკრის დაცვის ღონისძიებები;

_ სადამტვერვო სამსახურის შესრულებისათვის გადასახადის ოდენობა.

ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიწეროს ფუტკრის ტრანსპორტირებაზე საჭირო დანახარჯების ანაზღაურების წესი.

ხელშეკრულებით ნაკისრ ორმხრივ ვალდებულებებში, აგრეთვე აღნიშნულია, რომ მიწის მფლობელი ვალდებულებას კისრულობს, არ იხმაროს სადამტვერვო სამუშაოს პერიოდში ტოქსიკური პესტიციდები, ხოლო მეზობლების მხრივ მათი გამოყენების შემთხვევაში გააფრთხილოს მეფუტკრე ამის შესახებ (Hoopingarner a. Waller, 2010).  ცალკე პუნქტად მიეთითება სუფთა წყლით მომარაგების საკითხი (მიწის მფლობელის მხრივ).

 

გიორგი მაძღარაშვილი

 „მეფუტკრეობა“