აგროსიახლეები

ექსტენციის და ფერმერთა ცოდნის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი რეფორმის გატარდება იგეგმება

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, გაფართოებულ რეჟიმში, მოისმინა ინფორმაცია განახლებული ექსტენციისა და რეგიონებში ფერმერთა ცოდნის ამაღლების შესახებ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სისტემის განვითარება, რომლის მიზანია ფერმერთათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდება, ფრიად მნიშვნელოვანია იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომლებიც ფერმერებს ცოდნის მიღების გზაზე ხვდებათ. შესაბამისად, ფერმერთა ცოდნის ამაღლება აუცილებელია დარგის პროდუქტიულობის, მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნეს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, 2024 წელს როდესაც ქვეყანამ განაცხადი უნდა გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე, ამ მიმართულებით სამინისტროს მუშაობა უკვე მრავალი წელია დაწყებული აქვს. სწორედ ევროპასთან დაახლოების ფარგლებში, ორი წლის წინათ, განახორციელეს ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგია რამდენიმე სამსახურის საფუძველზე სოფლის განვითარების სააგენტოს შექმნა. დღეს სამინისტრო სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც უნდა მოახდინოს ინფორმაციის მიტანა ყოველ რაიონში, ყოველ სოფელში თითოეულ ფერმერამდე. 2024-2025 წლებისთვის სოფლის განვითარების სააგენტო თვისობრივად უკვე ევროპული სტრუქტურა იქნება და ქვეყანას, დონორების დახმარებით, საშუალება ექნება თვისობრივად ევროპული დაფინანსების მოდელი დანერგოს საქართველოში, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს სწორედ განახლებული ექსტენცია და რეგიონებში ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა.

ლაშა შალამბერიძემ კომიტეტის წევრებს ქვეყანაში ექსტენციის სერვისის განვითარებისა და ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით უკვე განხორციელებული ღონისძიებები და ასევე სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, რეგიონული სამსახურები და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გადავიდნენ ახალ პლატფორმაზე – regions.mepa.gov.ge, რაც საშუალებას იძლევა, რომ საექსტენციო მომსახურეობა უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდეს. სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით კი დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ერთ სივრცეში გაიცნონ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა ნაშრომებს, სადემონსტრაციო ნაკვეთების რუკას, ღონისძიებების კალენდარს და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციას. სამსახური ასევე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაიზარდოს ახალგაზრდობის ჩართულობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ფერმერთა/სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცოდნის ამაღლების მიზნით დაინერგა კარდაკარის პრინციპით შეხვედრები, ტრენინგები, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ფერმერების დასწრება და სხვა აქტივობები.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, რეფორმის საჭიროება იდგა ამ სფეროში და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით შედეგები არც თუ ურიგოა. კომიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში, სამინისტროს აღმოუჩენს შესაბამის მხარდაჭერას იმ მიმართულებით, სადაც ამის აუცილებლობა იქნება, ამასთანავე პროცესებს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.