დარგებიმედიამემარცვლეობა

ექვსი მიზეზი რატომ უნდა გახდეს სატაცური ჩვენი რაციონის ნაწილი

სატაცური ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი და, ამავდროულად, დაბალკალორიული პროდუქტია. 

სატაცურის დამატება ყოველდღიურ რაციონში ჯანმრთელობის ბევრ სარგებელთან არის დაკავშირებული, წონის კლებიდან დაწყებული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერით დასრულებული.

ნაკლები კალორია, მეტი ენერგია

Healthline-ის მონაცემებით, ნახევარი ჭიქა (დაახლოებით 90 გრამი) მომზადებული სატაცური მხოლოდ 20 კალორიას შეიცავს, თუმცა მისი ვიტამინური შემადგენლობა შთამბეჭდავია:

  • ვიტამინი K: დღიური ნორმის 57%;
  • ფოლიუმის მჟავა: დღიური ნორმის 34%;
  • ვიტამინი A: დღიური ნორმის 18%;
  • ვიტამინი C: დღიური ნორმის 12%;
  • ვიტამინი E: დღიური ნორმის 7%;
  • კალიუმი და ფოსფორი: დღიური ნორმის 5-6%.

სატაცურის 6 მეცნიერულად დასაბუთებული თვისება:

  1. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერა

სატაცური უჯრედისის (ფიბრის) საუკეთესო წყაროა. მასში შემავალი ინულინი ბუნებრივი პრებიოტიკია, რომელიც ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მას აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი, რაც ქრონიკული შეკრულობის პრევენციისთვისაა მნიშვნელოვანი.

  1. სისხლში შაქრის დონის რეგულირება

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სატაცურის ექსტრაქტი დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტების მსგავსად მოქმედებს: ის ეხმარება ორგანიზმს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის შემცირებაში და ამაღლებს ანტიოქსიდანტურ აქტივობას.

  1. ჯანსაღი გული და სისხლძარღვები

სატაცური აუმჯობესებს ნაღვლის მჟავების ბოჭვას საჭმლის მონელებისას, რაც პირდაპირ კავშირშია ქოლესტერინის რეგულირებასთან. გარდა ამისა, მასში შემავალი ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს არტერიული წნევის შემცირებაში, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მინიმუმამდე დაჰყავს.

  1. კიბოს პრევენციის პოტენციალი

მცენარე შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, საპონინებსა და პოლისაქარიდებს. ეს ნაერთები ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს, ანთებით პროცესებს და ხელს უშლიან გენურ მუტაციებს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ონკოლოგიური დაავადებების რისკის შესამცირებლად.

  1. იმუნიტეტის გაძლიერება

სატაცური აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების აქტივობის ხელშეწყობით. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მას ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს და ეფექტურია ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა E. coli და ოქროსფერი სტაფილოკოკი.

  1. სხეულის ცხიმის შემცირება

NDTV-ის ცნობით, სატაცური შეიცავს ალკალოიდ ასპარაგინს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ცხიმოვან უჯრედებზე და ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების დაშლას. ბალანსირებული დიეტის პირობებში, სატაცურის რეგულარული მიღება წონის კლების პროცესს აჩქარებს.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა