„ერთი სოფელი ერთი პროდუქტი“
საქართველოს რეგიონებში წარმოებული უნიკალური პროდუქტების პოპულარიზაცია და მცირე მეწარმეთა გაძლიერება ბოლო წლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამ პროცესში საყურდღებო როლი ენიჭება საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილება, რომელიც სოფლის განვითარებისთვის ინოვაციურ მიდგომებს გულისხმობს.
სწორედ ასეთ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩის 15 ნომერში გახსნილი ახალი მაღაზია, რომელიც იაპონური კონცეფციის: „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი (O.V.O.P)“ფილოსოფიას ეფუძნება და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
მაღაზია „ერთი სოფელი ერთი პროდუქტი O.V.O.P“ საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მაღაზიაში წარმოდგენილია მრავალფეროვანი აგროსასურსათო პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
მაღაზიის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივი წარმომადგენელი ჯუნჯი ვაკუი ესწრებოდნენ.
პროექტის „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი“ მიზანია ადგილობრივი ნედლეულისა და რესურსების გამოყენებით ადგილობრივი, ტრადიციული და უნიკალური პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების ხელშეწყობა.
მაღაზიის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია რეგიონული განვითარებისა და სოფლის ეკონომიკის გამტკიცების მიმართულებით. O.V.O.P მოდელი არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებას აძლიერებს, არამედ საქართველოს აგროსასურსათო მრავალფეროვნებას ახალ დონეზე აწევს, მომხმარებელს ხარისხიან, თანამდეროვე და უნიკალურ ადგილობრივ პროდუქტებს შესთავაზებს.
ინიციატივა ემსახურება როგორც მცირე მეწარმეთა ხელშეწყობას, ისე ქვეყნის აგრარული პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას.

