მედიასტატიები

ერთხელ კიდევ ალერგიის შესახებ

  ალერგია ჩვენი ცხოვრების თანმდევი ავადმყოფობაა. როგორც საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაციის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ბროშურის „ალერგია_რაც მეტი იცი მის შესახებ, მით ნაკლებად წუხდები” (თბილისი -1993წელი). ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ  „ყველა ხუთი ადამიანიდან ერთი ან უკვე დაავადებულია, ან მომავალში შეიძლება დაავადდეს ალერგიით.”

  ალერგენები ანუ ალერგიის გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია: მემკვიდრეობითი, როცა ერთი მშობელია ავად, შვილის დაავადების ალბათობა -30%-ით, ხოლო ორივე მშობლის დაავადების შემთხვევეში -60%-ია, ან ხდება შთამომავლობის გამოტოვება და მომავალში, რამდენიმე თაობის მემკვიდრეებზე გადასვლა. ალერგია რამდენიმე სახის არსებობს. ძირითადად ცხოველური _ ძაღლის, კატის, ცხენის, კურდღლის ან სხვა შინაური თუ გარეული ცხოველის მიმართ და მცენარეული _ სხვადასხვა მცენარეების მიმართ, რაზედაც ქვევით ვრცლად შევჩერდებით, რადგან დღეს ჩვენზე, ალერგიით დაავადებულთა უმეტესობა, ერთ რომელიმე მცენარეზე მიუთითებს ისე, რომ ეს სამედიცინო კვლევით დადასტურებული არ აქვს.

  მახსოვს 20-25 წლის წინათ, ამერიკელ მეცნიერთა მიერ, ალერგენთა კვლევის შესახებ გამოქვეყნებული ნაშრომი, სადაც განხილული იყო _2500 ალერგენი, მათ შორის ავეჯისა თუ კედლის ფერები და ცოლ-ქმრული ურთიერთობებიც კი, როცა ათეული წლების სიამტკბილად თანაცხოვრების შემდეგ, ალერგენის გამო ცოლი ქმრისთვის, ან პირიქით მიუღებელია გახდა, აღწერილი იყო სხვა მრავალი კურიოზული შემთხვევებიც.

როცა ჩვენთან მცენარეთა ალერგენებზე ლაპარაკობენ, ან მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს გეგმავენ, არჩევენ ორ-სამ მერქნიან სახეობას და მისგან ქმნიან `განტევების ვაცს”. მაშინ, როცა მცენარეთა უმეტესობა, როგორც მერქნიანი, ისე ბალახოვანი ყვავილობის დროს ფანტავს მტვერს. ის მცენარის მამრობითი ნაწილაკებია, საშუალოდ _ 0,05 მმ. დიამეტრის, რომელთა დანახვა შეუიარაღებული თვალით შეუძლებელია, მაგრამ სასუნთქ გზებსა  თუ სხვა ლორწოვან ორგანოებში მოხვედრისას იწვევს გარდაუვალ ალერგიას.

ნაწვიმარზე, ქუჩაში დარჩენილი გუბის ზედაპირზე, ყველა ჩვენგანს შეუმჩნევია მწვანედ თუ ყვითლად მოკიდებული აპკი. მათ „მშობლები“ კვიპაროსები, ფიჭვები, კედრები და მრავალი სხვა მცენარეა, რომლებშიც ჩვენ დამნაშავეს ვერ ვხედავთ და გაზაფხულზე ვერხვის თესლის მოფარფატე ფიფქებში ყველაზე დიდი დამნაშავე გვეგულება. დამნაშავედ მივიჩნევთ აგრეთვე ჭადრის ტოტებზე ჩამოკიდებულ თესლის ბურთულებს, რომელიც ხეზე მხოლოდ ძლიერი ქარის დროს იხსნება, ძირითადად დამწიფებული ცვივა დაბლა და მტვერში ერევა. მტვერი კი საშინელი ალერგენია, რომელიც ქარიანში თვალების გახელის საშუალებასაც კი არ გვაძლევს.

მავანთა უცოდინარობისა თუ მეტისმეტი „განსწავლულობის’’ გამო, დაიწყო დამაავადებელი, „დამნაშავე” მცენარეების: ჭადრების და ვერხვების წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვენმა „სწავლულმა“ თუ „ნამეტნავად“ განათლებულმა ქალაქის მესვეურებმა ბრძოლა გამოუცხადეს ტანად ჭადრებსა და ვერხვებს , მაგრამ  მხოლოდ  ერთი შეეშალათ, დაავიწყდათ თუ არ იცოდნენ, რომ დიდტანიანი და ხნიერი ვერხვები ამონაყარს არ იძლევა, ამიტომ ქალაქში მომრავლდა უმაქნისი, შიშველი ვერხვის „ბოძები“, თავზე ცოცხისმსგავსი ამონაყარით, რომლებიც მესამე-მეოთხე წელიწადს ხმება.

ბატონო ნიკო კეცხოველი სიამაყით აღნიშნავს, რომ ჩვენში ვაშენებთ დიდტანოვან და ფართოფოთლოვან მცენარეებს, რომელთა ერთი ხის ფოთლების ჯამი ერთ ჰექტარსა და მეტსაც კი იკავებს.

მახსენდება და ყოველთვის გულის ფანცქალით შევყურებ 7 ჭადარს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, რომელთაგან ერთის დამრგველი ჩემი მასწავლებელი, დენდროლოგიის პროფესორი აწ განსხვავებული იასონ აბაშიძე _ ჩვენი იჩო იყო. მეშინია, რომ ჭადართან მებრძოლებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე გალაკტიონის ჭადარიც კი არ „დაინდეს“, იგივე არ დამართონ იჩოს ჭადარსაც.

 თურმე ჭადრის ტოტებმა ვარჯი შეკრეს და მანქანების გამონაბოლქვს ჰაერში გაბნევის საშუალებას აღარ აძლევსო. ეს არის არაპროფესიონალიზმის ნიმუში, რადგან ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რომ 1 ტონა აბსოლუტურად მშრალი მერქნის შესაქმნელად მცენარე ატმოსფეროდან შთანთქავს, საშუალოდ 1,83 ტონა ნახშირორჟანგს და იმავდროულად გამოყოფს -1,32 ტონა ჟანგბადს. ამიტომ რაც მეტია მცენარეზე ტოტები და ფოთლები, მით მეტი გამონაბოლქვი გაზები შთაინთქმება და მეტი ჟანგბადი გამოიყოფა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეებს დიდი დამსახურება მიუძღვით ქალაქში ხმაურის ჩახშობის მხრივაც.

რაკი ჩვენში ბრძოლა გამოუცხადეს ჭადრებსა და ვერხვებს, ეს სენი რუსთავშიც გავრცელდა, სადაც ხის თითოეულ ფოთოლს ზაფხულში ოქროს ფასი აქვს.

აქვე გვინდა ამ ორი მცენარის სიკეთეზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა.

ჭადარს ათი სახეობიდან ჩვენში ძირითადად ორია გავრცელებული. მათ ჩვენში ჩინარსაც უწოდებენ.იგი სწრაფმზარდი ხეა და სიცოცხლის ხანგრძლივობითაც გამოირჩევა (1000 წელი და მეტი ). თელავში დგას ჭადარი, რომელიც 900 წლისაა და რამდენად საწყენია, რომ მის მოგვარების ცხოვრება დედაქალაქში ასე უდროოდ შეწყვიტეს უგუნურებმა.

ჭადრის მერქანი მკვრივი, კრიალა და კვერცხის გულის ფერია. იგი გამოიყენება გამოყენება ავეჯისა და პარკეტის წარმოებაში. რაკი სწრაფმოზარდი და დიდტანოვანია უნდა ვივარაუდოთ რამდენი ნახშიროჟანგი აქვს შთანთქმული და ჟანგბადი გამოყოფილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფოთლები ხეზე თითქმის მთელი წელი რჩება და ასუფთავებს ჰაერს.

ვერხვიც სწრაფმოზარდია, მაგრამ სიცოცხლის მოკლე პერიოდით  ხასიათდება  (50-250 წელი) სახეობისა და ცხოვრების პირობების მიხედვით.იგი ტენის მოყვარული მცენარეა და სიმშრალეში მალე ბერდება.

ჩვენში ვერხვის 7 სახეობა ხარობს. მერქანი მსუბუქი და მრეწველობის მრავალ დარგში გამოიყენება. მისი მიზნობრივი პლანტაციები თითქმის შეუცვლელია ქაღალდის წარმოებაში.

ვერხვი „ჩემპიონია” ჰაერის ნახშიროჟანგისგან გაწმენდისა და ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით. ამ მაჩვენებლებით იგი ცაცვხს_2,7-ჯერ, ფიჭვს_ 4,7-ჯერ, ხოლო ნაძვს_6,9-ჯერ აჭარბებს.

საჭიროა, ეს ყველამ იცოდეს! რათა ჭადარზე და ვერხვზე ავად ხელი აღარავინ ასწიოს. საერთოდ უსარგებლო მცენარე არ არსებობს, არც მერქნიანი და არც ბალახოვანი. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ მერქნიანი-მაღალტანოვანი ხე მცენარე იაპონური სოფიერა, რომელიც თბილისში და საერთოდ საქართველოში  მრავლად მოგვეპოვება. მისი ყველა „ორგანო“ ფოთოლიდან –ფესვამდე შხამიანია, მაგრამ, როგორც გველის შხამი მედიცინისთვის, ისე იაპონური სოფიორას ყველა ნაწილი სამკურნალო თვისებისაა .ჯერ კიდევ ავიცინა, შუააზიელი ფილოსოფიის, მეცნიერი და ექიმი მისი ნაყოფის (პარკების) გამონაწურს თვალების სამკურნალოდ იყენებდა.

 /ტრისტან ჩერქეზიშვილი/

PS. ეს სტატია ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა, თუმცა მას აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. პირიქით, ეს პრობლემები ჩვენს ქალაქებში და საერთოდ ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას.