ერთწლიანი კულტურების წარმოების ხელშესაწყობად „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი დაემატა
დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრივად გაცემული სესხის პროცენტის სახელმწიფოს მიერ დაფარავის შესახებ განკარგულება დაამტკიცა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი ემატება, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 8%-ის ოდენობით, სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5 000-დან 100 000 ლარის ჩათვლით.
ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს. საფინანსო ინსტიტუტებს შეეძლებათ, სესხები გასცენ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად კიდევ ერთი პროგრამა განხორციელდება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად. 500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს, მისი ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს და არაუმეტეს 450 000 ლარს.