აგრარული განათლებააგროსიახლეებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ეთილენით კარტოფილის შენახვა _ ინოვაცია მეკარტოფილეობაში

ნიდერლანდებში აგროსექტორი კვლავ ლიდერობს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვით. იქ დაიწყო ახალი კონცეფციის – „Potato-e“ განხორციელება, რომელიც ეფუძნება ეთილენის გამოყენებას სათესლე კარტოფილის შენახვის პროცესში.
აღნიშნული მეთოდი ფუნდამენტურად ცვლის ტრადიციულ მიდგომას და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება გახდება თანამედროვე მეკარტოფილეობაში.

ეთილენი ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი ფიტოჰორმონია, რომელიც აჩქარებს მცენარეთა ფიზიოლოგიურ პროცესებს და განსაკუთრებით მოქმედებს ფესვთა და ყლორტთა ზრდის რეგულაციაზე.

კარტოფილზე მისი ზემოქმედება უნიკალურია: აფერხებს ზედა ამონაყრების დომინანტობას, რაც ხელს უწყობს ტუბერზე მეტი კვირტის განვითარებას. შედეგად, მცენარეზე იზრდება როგორც ღეროების, ისე ტუბერების რაოდენობა, რაც პირდაპირი გზა უხვმოსავლიანობისკენ.

პროექტი Potato-e სამმა ჰოლანდიურმა კომპანიამ Ten Brinke, Theunisse და Hoogland შეიმუშავა. მათი მიზანია, ეთილენის გამოყენება გადაიყვანონ მჭიდროდ კონტროლირებად, მონაცემებზე დაფუძნებულ პროცესში.

თხუთმეტწლიანი კვლევების შედეგად კომპანიებმა სხვადასხვა პირობებში  1350-ზე მეტი ექსპერიმენტი ჩაატარეს და 225-ზე მეტი კარტოფილის ჯიში შეისწავლეს. ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა ზუსტად დოზირებული მეთოდოლოგია, რომელიც თითოეული ჯიშისათვის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს იძლევა.

სისტემაში გამოიყენება ჭკვიანი სენსორები, რომლებიც ეთილენის, CO₂-ისა და ტემპერატურის დონეს აკონტროლებს. მონაცემები დისტანციურად იკითხება, რაც უზრუნველყოფს მუდმივ კონტროლსა და შენახვის სტაბილურ პირობებს. აღჭურვილობა მარტივად თავსებადია ნებისმიერ კარტოფილის საცავთან, როგორც გაციებით, ისე მის გარეშე და არ მოითხოვს სერიოზულ ტექნოლოგიურ ჩარევას და მოწყობილობების გადაკეთებას.

საქართველოში, სადაც კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ბაღჩეული კულტურაა, ეთილენზე დაფუძნებული შენახვის ტექნოლოგია („Potato-e“) შესაძლოა მნიშვნელოვან ინოვაციად იქცეს.

მთიან რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, რაჭა, დუშეთი) კარტოფილის სათესლე მასალა კულსტარული, ტრადიციული მეთოდებით ხორციელდება, რაც ტემპერატურული მერყეობისა და ნესტის გამო ხშირად ზიანდება და ხარისხს კარგავს.

ეთილენის ტექნოლოგიის დანერგვა ამ პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ის ახანგრძლივებს ტუბერის სიცოცხლისუნარიანობას, იცავს გაღიებისა და ლპობასგან, ამავდროულად აუმჯობესებს ხარისხს, აღმოცენების უნარს.

გარდა ამისა, Potato-e ტექნოლოგია ხელმისაწვდომია მცირე მეურნეობებისთვისაც, რადგან სპეციალური ინფრასტრუქტურული მოდიფიკაციები არ სჭირდება. ეს ინოვაცია რეალურად შეიძლება გახდეს ქართული სათესლე კარტოფილის შენახვის ახალი სტანდარტი, რაც ქვეყანას საერთაშორისო ბაზრებზეც კონკურენტუნარიანს გახდის.

ეთილენით შენახვა აერთიანებს მეცნიერულ ინოვაციასა და პრაქტიკულ სარგებელს. Potato-e-ის პროექტი გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგია მოსავლიანობის გასაზრდელად არა მხოლოდ დიდი აგროინდუსტრიის, არამედ მცირე ფერმერებისთვის ეფექტიანი მეთოდი გახდეს.

თუ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგავს მსგავს ინოვაციებს, ჩვენი ფერმერები არა მხოლოდ ხარისხიან მოსავალს, არამედ უკეთეს ეკონომიკურ შედეგებსაც მიიღებენ.