ევროპარლამენტმა რუსული და ბელარუსული აგროპროდუქციის მიმართ საბაჟო შეზღუდვები გაამკაცრა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ინიციატივას, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე საბაჟო გადასახადების გაზრდის თაობაზე.
საბაჟო გადასახადის გაზრდა იმ პროდუქციას ეხება, რომელიც აქამდე არ იბეგრებოდა — მათ შორისაა შაქარი, ფქვილი, ძმარი და შინაური ცხოველების საკვები.
ახალი რეგულაციით, აღნიშნულ პროდუქციაზე დაწესდება 50%-იანი საბაჟო ტარიფი, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთიდან და ბელორუსიდან იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სრულად საბაჟო ბარიერების ქვეშ მოექცევა.
ამავე სხდომაზე ევროპარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსული და ბელარუსული სასუქები 6,5%-იანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება. დამატებით, თითო ტონაზე დაწესდება 40-დან 45 ევრომდე მოცულობის ფიქსირებული მოსაკრებელი.
სანქციების გამკაცრებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი.
მოსკოვში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე (22 მაისი), მან ევროკავშირის გადაწყვეტილებას ირონიულად უპასუხა: „ევროპელები, როგორც ყოველთვის, განაგრძობენ საკუთარ ფეხებში სროლას. შედეგად, მათ უხარისხო აზოტის სასუქების უფრო ძვირად შეძენა მოუწევთ“.