FAO-ს მხარდაჭერით, ცხოველთა გენეტიკური ბანკის ჩამოყალიბების და სანაშენე საქმიანობის დანერგვის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (#FAO) ერთობლივი პროექტის „ფერმის მართვის სისტემების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პორტუგალიელი ექსპერტი, ცხოველთა გენეტიკური რესურსების მართვის სპეციალისტი პედრო ვიეირა იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს საქართველოში ცხოველთა გენეტიკური რესურსების არსებული მდგომარეობის შეფასება, მონაცემთა ბაზების გაცნობა და ეროვნულ დონეზე გენეტიკური ბანკის სისტემის ჩამოყალიბების პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენდა.
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას ცენტრის ხელმძღვანელები, მეცხოველეობისა და საკვებ-წარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პორტუგალიელი ექსპერტი ცენტრის მიერ შექმნილ რეესტრთა ბაზებს, მონაცემთა პლატფორმებს გაეცნო და ინფორმაცია მიიღო მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების შესახებ. მოწვეულ ექსპერტს და FAO Georgia-ს გუნდს დეტალური ინფორმაცია წარედგინა საქართველოში გავრცელებულ ცხოველების, ფრინველების, სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების და სხვა ადგილობრივ ჯიშებზე.
შეხვედრაზე შემუშავდა რეკომენდაციები ციფრული არქივის ოპტიმიზაციისა და გენეტიკური რესურსების სტრუქტურირებული აღრიცხვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაზების ინტეგრირებულ მენეჯმენტსა და ფერმის დონეზე გენეტიკური ინფორმაციის შეგროვების სტანდარტებზე.
მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სასელექციო სადგურში და სოფელ გომარეთში ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ ფერმაში.
ვიზიტის დასასრულს, ექსპერტმა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ანგარიში წარუდგინა. მისი შეფასებით, საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი რესურსი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს გენეტიკური მემკვიდრეობის ეფექტიან დაცვასა და გამოყენებას, ხაზი გაესვა შემდგომი პარტნიორობისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, FAO-სა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას, რათა ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ცხოველთა გენეტიკური რესურსების მდგრადი მართვა და კონსერვაცია, რაც საფუძვლად დაედება ქვეყანაში სანაშენე საქმიანობის დანერგვას.