აგროსიახლეები

გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენციზე მსოფლიო საზღვაო რესურსების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მექანიზმები განიხილეს.

ღონისძიება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა.

„გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერისა და მაღალი რანგის წარმომადგენლის მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ საზღვაო დაბინძურების შემცირება, ეკოსისტემების აღდგენა და ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილების გავლენაზე საზღვაო გარემოზე. აღინიშნა, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია ერთიანი მიდგომა და კოორდინირებული მოქმედება,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, მინისტრი სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრ ამნა ბინტ აბდულა ალ დაჰაკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გზები, მწვანე ტექნოლოგიების განვითარება და ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრებზე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საერთო ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის კრიზისის დაძლევაში და გამოთქვა მზადყოფნა, გააძლიეროს საქმიანი ურთიერთობები კონკრეტული პროექტების დონეზე.