ბლოგიმე და ჩემი სოფელიფერმერი ფერმერს

გამარჯობა, მე ნათია პაიკიძე ვარ, 24 წლის…

საინტერესოდ ვითარდება „ახალი აგრარული საქართველოს“ ინტერნეტ ჟურნალი agronews.ge-ს რუბრიკა „ფერმერის დღიურები“. ახალაზრდა ფერმერ ირაკლი სოხაძის ბლოგებს უამრავი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად, სტატიებს თავიანთ გვერდებზე აზიარებენ მკითხველები და გამოცდილებასაც უზიარებენ ერთმანეთს. ამჯერად კიდევ ერთმა ბლოგერმა გამოთქვა ჩვენს რუბრიკაში მონაწილეობის სურვილი –  მივიღეთ საინტერესო წერილი 24 წლის სტუდენტ ნათია პაიკიძისგან, რომელსაც ირაკლის მსგავსაც უყვარს სოფელი, წუხს მის პრობლემებზე და სურს ბევრი რამე შეცვალოს მშობლიურ კუთხეში.
ჩვენი ჟურნალი მუდამ იქ იდგა და დგას, სადაც სოფელს სჭირდება, ჩვენ ვაძლევთ ახალაზრდებს ასპარეზს, რომ მათ შეძლონ შეულამაზებლად ისაუბრონ რეალურად არსებულ პრობლემებზე, იმსჯელონ მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე და მოითხოვონ სახელმწიფოსგან საჭიროების შესაფერისი მხარდაჭერა, რომელსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. ჟურნალი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დროს, ენერგიას და უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ჯიბიდან ამოღებულ თანხებსაც არ იშურებს საამისოდ, რადგან გვჯერა, რომ ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვაქვს სოფლის გადარჩენის საქმეში.  
მაშ ასე, გაიცანით ნათია!  

კვირაში ერთხელაც კი არ დადის რაიონიდან ავტობუსი ჩემს სოფელში

ჩემი სოფლის და ჩვენი ოჯახური მეურნეობის საქმიანობის შესახებ წერის იდეა თქვენს ჟურნალში ირაკლი სოხაძის მიერ გამოქვეყნებულმა ბლოგებმა გამაბედინა. ,,ერთად ავაშენოთ სოფელიო” – ამბობს, და მეც მინდა შევუერთდე მის წამოწყებას. მიხარია რომ ერთმა ვინმემ მაინც დაიწყო რეალური პრობლემებზე საუბარი არა ჩასაფრებულის, არამედ გულშემატკივარის პოზიციიდან. მეც მიყვარს სოფელი, ჩემი კუთხე. ქალაქში სწავლის მისაღებად იმიტომ კი არ წავედი, რომ აუცილებლად იქ დავრჩე, პირიქით, მინდა განათლებული დავბრუნდე და რაღაცა შევცვალო, თუნდაც დამოკიდებულება სოფლის მიმართ, კიდევ, ინოვაციურ აზროვნებას მინდა თავიდანვე შევაჩვიო ბავშვები.

დიდი მადლობა „ახალ აგრარულ საქართველოს“ და agronews.ge-ს იმისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას რეალურ, თანამედროვე ფორუმს ჩავუყაროთ საფუძველი, ვილაპარაკოთ ჩვენ პრობლემებზე. რაც დრო გადის, სულ უფრო იზრდება დაცლილი სოფლებისა და მიტოვებული სახლ-კარის რიცხვი. ამის ყურება სოფელში მაცხოვრებლებისთვის  არც ისე სასიამოვნოა. თუმცა არც ქალაქში გადასვლის სურვილი და  კომფორტულად ცხოვრების იდეაა გასაკვირი.

გამარჯობა, მე ნათია პაიკიძე ვარ, 24 წლის. დავიბადე და გავიზარდე ვანის რაიონ სოფელ ბზვანში. გარდა ბუნების სილამაზისა, ვანი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული საგანძურია არქეოლოგიური და  ფასეულობების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ნაპოვნი უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება. აქ აღმოჩენილია ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული სხვადასხვაგვარი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ყელსაბამები და სხვა მრავალი ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს ანტიკური ეპოქის ნივთი. ამ მხარის სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას მოუხილავს 1847-1848 წლებში საქართველოსა და სრულიად კავკასიაში მოგზაურობისას ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსეც.  1876 წელს გაზეთი „დროება“ წერდა: „აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთები… დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე…“ ამ სტატიის შემდეგ დაინტერესებულა ექვთიმე თაყაიშვილი ვანით და 1896 წელს პირველი არქეოლოგიური გათხრებიც დაწყებულა.  1985 წლის 25 სექტემბერს, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით არქეოლოგიური მუზეუმიც დაფუძნდა. ამჟამად მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შეგვპირდნენ ახალ ოთხსართულიან გამორჩეულ მუზეუმს ავაშენებთ, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა და ლაბორატორია და ეს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადო. ძალიან გვიხარია და იმედია ასეც იქნება!

გარდა არქეოლოგიისა, ვანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობად სოფელ ჭყვიშში მდებარე გალაკქტიონის და ტიციან ტაბიძეების სახლ-მეზეუმია. აქ დაცულია მათი მემორიალური ნივთები, ძველბეჭდური წიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან, ასევე ქართველ მხატვართა, გრაფიკოსთა და სკულპტორთა ნამუშევრები. მართლა დაუვიწყარი სანახაობაა!

ჯერჯერობით ამ რამდენიმე ამბით შემოვიფარგლები ვანის შესახებ, ერთი ბლოგი რას ეყოფა ამოდენა სიმდიდრის ჩამოთვლას. შევეცდები დროდადრო კიდევ მოგიყვეთ რაღაც-რაღაცეები.

ჩემი სოფელი ვანიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული. მას საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს ვანის რაიონში, იგი აერთიანებს ორ სოფელს – ზედა და ქვედა ბზვანს, მოსახლეობა 1500-ღა დარჩა. როგორც მთელი ვანის ტერიტორიის დიდ ნაწილში, აქაც აღმოჩენილია უძველესი კულტურის ნაშთები, მათ შორის, ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე. ჩემი კარ-მიდამო ქვედა ბზვანში, კერძოდ ბაძგის უბანში, მდებარეობს. ვანიდან ქუთაისისკენ მიმავალი გზიდან რომ გადაუხვევ, იწყება ჩემს სახლამდე მიმავალი სამკილომეტრიანი გზა. გზა იმდენად გაუბედურებულია ქვებითა და ხშირად წყლის გუბეებით, გეგონება ადამიანის ხელი არასოდეს არ შეხებია. გზის შეკეთების თემას მოსახლეობა უკვე წინასაარჩევნო სატყუარას ეძახის. თუმცა ერთხელ კი ჩაგვესახა იმედი მთავრობამ რომ „გზა ყველა სოფელსო“ დააანონსა, მაგრამ სამწუხაროდ ესეც რამდენიმე მანქანა ხრეშის მოყრით დასრულდა, რომელიც პირველივე მოსული წვიმის შედეგად ირეცხება. გზა ხომ არ არის, არ არის არც ტრანსპორტი. კვირაში ერთხელაც კი არ დადის რაიონიდან ავტობუსი სოფელში. არადა, გლეხის შემოსავალი მოყვანილ-მოწეულ-გაზრდილის გაყიდვაა მხოლოდ. ახალგაზრდები თითქმის აღარ დარჩნენ სოფელში, არც ქალებია თითქმის. უსახსრობის გამო ზოგი საქართველოს ქალაქებში წავიდა სარჩოს საძებნელად, ზოგმაც (ძირითადად ქალებმა) უცხოეთს მიაშურეს.

ოჯახში ხუთნი ვცხოვრობდით, დედ-მამა, 2 ქალიშვილი და ერთიც ვაჟი. ჩემმა დამ მეზობელ სოფელში შექმნა ოჯახი და ახლა ოთხნი დავრჩით. მე ქუთაისში აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. პროფესია შეგნებულად ავირჩიე, რადგან ძალიან მიყვარს ბავშვები და მგონია, რომ კარგად გამომდის მათთან ურთიერთობა. ახლა აკადემიურ ცოდნასაც მივიღებ და დანარჩენ იმედებს პრაქტიკაზე ვამყარებ. შაბათ-კვირას, თუ სამეცადინო არ მაქვს, თითქმის სულ სოფელში დავდივარ, დედ-მამას ვეხმარები. ოჯახის ძირითადი ბიუჯეტი მესაქონლეობიდან მიღებული შემოსავალია. ჯერჯერობით ვწვდებით, თუმცა ძალიან კი ჭირს, განა სიზარმაცის, სხვა ბევრი ფაქტორის გამო. ჩემს ბლოგებში სწორედ ჩემ სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე, აქ დაგროვილ პრობლემებზე მინდა მოგითხროთ და ამ საქმეში თქვენი დახმარება, მხარდაჭერა დამჭირდება.მეც ვიწყებ!

ნათია პაიკიძე,

სტუდენტი