დარგებიმედიასტატიები

განვითარების როგორი მოდელი სჭირდება საქართველოს სოფელს და სოფლის მეურნეობას

დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული სოფლის მეურნეობა, ერთი პერიოდი ჩამორჩენილობის  სიმბოლოდაც კი განიხილებოდა და ბედს მინდობილი _ გადარჩებოდა ხომ კარგი, არადა ქვეყანა ექსპორტირებული პროდუქტითაც მშვენივრად გაიტანდა თავს. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ, მარტო დარგს კი არა, მთელ ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა.

gocha-tsophurashvili

სოფლის მეურნეობისადმი მიდგომა ქვეყანაში დღეს მკვეთრად არის შეცლილი, თუმცა ვითარება იმდენად რთული და გამორჩეულია, რომ მათი გადაწყვეტის გზებიც მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გამოწვევების შესაბამისი თუ არ მოიძებნა, მდგომარეობის გამოსწორება გაჭირდება. მეტიც რეგიონში დაწყებულმა პოლიტიკურმა და სოციალ-ეკონომიკურმა ძვრებმა, ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობა, დღის წესრიგის მთავარ საკითხად დააყენა.

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ და ონლაინჟურნალი agronews.ge ხსნის სადისკუსიო თემას, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სოფლის მეურნეობა და სოფელი, სადაც ეფექტიან ეკონომიკაზე დაფუძნებული განვითარების კონცეფცია საშუალებას მიცემს, ქვეყანას ყველა რეგიონში, ყოველ სოფელში შექმნას იქ არსებულ რესურსებზე და გარემოზე მორგებული სოციალ-ეკონომიკური მოდელები, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარების და ღირსეულად ცხოვრების პირობებს შეუქმნის.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ (რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი) საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აგროინოვაციების კომისიის თანათავჯდომარე გოჩა ცოფურაშვილთან ერთად, რომელიც წლების განმავლობაში სრულიად ახალგაზრდა ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტს, იყო ფინანსთა სამინისტროს, კონტროლის პალატის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანი და მაღალი კვალიფიკაციის მოხელე, პრაქტიკოსი ფერმერი, მკვლევარ-მეცნიერი, აქვს უნიკალური თეორიული და გამოცდილება, შევეცდებით დიალოგის ფორმით წარმოვადგინოთ ჩვენი თვალსაზრისი შექმნილ ვითარებაზე და ამ არცთუ, სახარბიელო მდგომარეობიდან დარგის გამოყვანის გზებზე.

დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას.

შ.. ბატონო გოჩა თქვენს სტატიას „სოფლის  მეურნეობის  და  სოფლის  განვითარების ალტერნატიული  ხედვა და სტრატეგია“ რომელიც ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ და ონლაინჟურნალ agronews.ge (https://agronews.ge/sophlis-meurneobis-da-sophlis-ganvitharebis-alternatiuli-khedva-da-strategia/) გამოქვეყნდა, დღემდე სტატია 4000-ზე მეტმა კაცმა ნახა და წაიკითხა, საკმაოდ მრავალფეროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტია, როცა დარგობრივ ჟურნალში ამ ტიპის ანალიტიკურ სტატიას ამდენი ადამიანი ეცნობა და ინტერესდება, თემა საზოგადოებისთვის საყურადღებოა.

როდესაც ტაივანის მთავრობამ, ქვეყნის განვითარების ამოცანა დასახა და სამოქმედო გეგმა _ „ინდუსტრიის განვითარება სოფლის მეურნეობის გზით და სოფლის მეურნეობის განვითარება ინდუსტრიის გზით“, ჩამოაყალიბა, ბევრი სპეციალისტი ასეთ მიდგომას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის გააქტიურების კუთხით, სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ყველა მალევე დარწმუნდა ტაივანის მთავრობის გათვლები სწორი იყო. რა მიზანსაც მიაღწია ქვეყანამ, როგორც ინდუსტრიის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ამას ყველა ვხედავთ.

სინგაპურს გარდა მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს რეფორმირებასა და განვითარებაში სახელმწიფოს როლი  და  პასუხისმგებლობა  განუზომლად  დიდია, როგორ ვიქცევით და რას ვაკეთებთ ჩვენ?

გ.ც.ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე  სრულ გაურკვევლობაში ვამყოფეთ აგრარული დარგი,  ინერცია და უმოქმედობა 90-იანებში  2003 წლის შემდეგ შეცვალა ჯერ სოფლის მეურნეობის მეორეხარისხოვან და ეკონომიკურად უსარგებლოდ  გამოცხადებამ, ხოლო მოგვიანებით მათვე პროცესში გააჩინეს  უაზრო ექსპერიმენტები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა. მხოლოდ 2013 წლიდან შეინიშნება დარგში გამოცოცხლება, რაც მთავრობის მხრიდან კონკრეტულ ღონისძიებებში და მოქმედებებშიც აისახა. ჩვენ შევქმენით სოციალური დახმარების პროგრამებიც (დახვნა და ვაუჩერების დარიგება) და პროგრამული პროტექციონისტული პოლიტიკაც, რომელიც მოითხოვს კომპლექსურობას და  სრულყოფილებას მრავალი მიმართულებით.

შ.მ. _   შეიძლება ითქვას, რომ  მისი პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე, ეფექტურ  შედეგს ვერცერთმა  წარმატებულმა ქვეყანამ ვერ  მიაღწია, რა პროტექციონისტულ პოლიტიკასა ატარებს ქართული სახელმწიფო სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად?

გ.._  რა ჰქვია დღევანდელ პროტექციონისტულ პოლიტიკას და რატომ არ არის იგი სრულყოფილი   აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა ისმება… ეს ძალიან დიდი სასაუბრო თემაა, თუმცა მთავარი მაინც მიდგომებში გამეფებული  პრიმიტიულობა და არაკვალიფიციურობაა, გამაღიზიანებელია მისი ფრაგმენტული ხასიათი და შეფასება-მონიტორინგის სისტემის უსუსურობა. სახელმწიფო პოლიტიკა ცდილობს ხშირ შემთხვევაში, სრულიად დისტანცირებული იყოს შედეგებზე და ეს ყველაფერი შეუმდგარ ფერმერულ მეურნეობებს გადააბრალოს, რაც ჩვენს მდგომარეობაში დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა.  სამინისტროს ან უნდა ჰქონდეს პროცესის მართვის სადავეები, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს იმ ფორმით და მასშტაბით როგორიც არის. ფულის უპრაგონოდ დარიგების უწყებად ის ვერცერთ შემთხვევაში ვერ დარჩება. როდესაც მე ალტერნატიულ სტრატეგიულ გეგმებზე და მოქმედებებზე ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი საბაზრო მექანიზმების და პროტექციონისტული პოლიტიკის შეთანწყობის მოქნილ მოდელზე, სადაც ბიზნესსაც და მთავრობასაც აქვს პასუხისმგებლობის საკუთარი არეალი.

შ.მ. _   მოწინავე  ქვეყნების აგრარული პოლიტიკა  რესურსული  შესაძლებლობების გონივრულ მართვასა და  ინტენსიურ-ინოვაციური  ტექნოლოგიების გამოყენებაზეა დაფუძნებული, რას ეფუძნება საქართველოს აგრარული პოლიტიკა?

გ.. _ რესურსული შესაძლებლობების გონივრული მართვა დღევანდელ მოცემულობაში თითქმის გამორიცხულია, მაშინ როდესაც არ გვაქვს მიწის მართვის პოლიტიკა, არანაირად მოთხოვნილი და წახალისებული ინოვაციური ტექნოლოგიები, არც მაკრო, მიკრო და მეზო დონეზე შესწავლილ-გაანალიზებული შესაძლებლობების კვლევა, გაურკვეველი და ბედის ანაბარა მიტოვებული სისტემურ-სტრუქტურული საკითხი, ჩვენი ფერმერებისთვის გაუცხოებულია საწარმოო ოპტიმიზაციის და მართვის რაციონალური სისტემების თემა, ვადგებით ფასის, ხარისხის საკითხს და კონკურენციას,  დღემდე პროცესიდან გათიშული გვყავს თვითმმართველობის დონე და არ არსებობს ცენტრისკენული პოლიტიკა, რომელიც სინერგიაში უნდა იყოს მთავრობის ცენტრიდანულ პოლიტიკასთან.

შ.მ. _   2019  წლის  30  დეკემბერს  მთავრობამ მიიღო  2021-2027  წლის  სოფლის  მეურნეობის  და  სოფლის  განვითარების    სტრატეგია,  რომელიც სპეციალისტების განმარტებით (ამის თაობაზე თქვენც წერთ)  თავისი  შინაარსით,   მიზნებით  და  ამოცანებით   ვერ  პასუხობს  ქვეყნის, დარგის  წინაშე  არსებულ გამოწვევებს. რატომ?

გ.. _ ჩემს მიერ, აკადემიური წრეების და სპეციალისტების მიერ გაკეთებულია მრავალი შენიშვნა-მითითება, თუმცა არაფერი არსებითად აქ შეცვლილი არ არის. ამ სტრატეგიის მთავარი მიზანი კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაა და სხვათაშორის, მე სამოქალაქო კომიტეტის სხდომაზე დავსვი კითხვა, აქვს თუ არა სამინისტროს ამ მიზნის შესასრულებლად გაწერილი  სამოქმედო გეგმა და მივანიშნე,  რა ტიპის კომპლექსურ-მულტისექტორულ  პროგრამულ მოდულს ვგულისხმობდი.  პასუხი ვერ მივიღე და ვხვდები რატომ, ყველა საჯარო გამოსვლაში მოპასუხე ხელმძღვანელები ცდილობენ მაქსიმალურად დისტანცირებულები იყვნენ ამ პრობლემებისგან და პასუხისმგებლობა დააკისრონ ბიზნესს.

შ.მ.  _   თქვენ ამბობთ, რომ სასურსათო  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა დარგის  ეფექტიანი  სისტემურ-სტრუქტურული  ოპტიმიზაცია; ინტენსიური  განვითარება  და  რაციონალური  მართვა; ინოვაციური  ტექნოლოგიები  და  გონივრული  მენეჯმენტი; მაღალი  ხარისხი  და  კონკურენტუნარიანი  პროდუქცია;  რეგიონული  შესაძლებლობები  და  მიკროზონული  უპირატესობა. ამ მოთხოვნებს არ პასუხობს დღევანდელი საქართვლოს სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა?

გ.ც. _ რეგიონების, სოფლის მეურნეობის  და სოფლის განვითარების პოლიტიკა მოითხოვს არა მხოლოდ გაცხადებულ სტრატეგიული მიზნების და ამოცანების დეკლარირებას, ის მოითხოვს განვითარების გონივრულ პოლიტიკას, ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილზე დამაგრებასეკონომიკის ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას, სიღარიბის აღმოფხვრას და მრავალ  სხვა გამოწვევას. ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება და ევოუციურ ინერციაში ყოფნა დანაშაულია ქვეყნის წინაშე. იმედს ვიტოვებ რომ ახალი მინისტრი აცნობიერებს ამ ფაქტს და აპირებს აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ  პოლიტიკას.

შ.მ.  _   როგორც წესი, სახელმწიფო  რეგულაციები  და  მასტიმულირებელი  პოლიტიკა  უნდა  ქმნიდეს  დარგის  განვითარების  სრულ  ჰარმონიას, სახელმწიფოს  მხრიდან კომპლექსური მულტისექტორული  მონაწილეობა   და აღებული  პასუხისმგებლობა  უზრუნველყოფს   შედეგს, რაც  დადასტურებულია  მრავალი  წარმატებული  ქვეყნის  მაგალითით, ეს მოდელი  ჩვენთან  არ მუშაობს?

გ.ც. _ გლობალურად კონკურენტულ თეორიას ხუთ მიმართულებად ყოფენ და იქ სადაც  საუბარია სახელმწიფოს, ეკონომიკის, დარგის, ფირმის და პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე იკვეთება  არა მხოლოდ ფერმერის პასუხისმგებლობა. მე ამას ვაწყობ კოგნიტური რუკების მეშვეობით, რომელიც საკმაოდ რთულ მოდელად ყალიბდება და ეს არ  არის მხოლოდ თეორიული სქემა, მისი ამწყობი პრაქტიკაში უნდა ხედავდეს სრულ სურათს.

ფრაგმენტული  აქტიურობა,  არასწორად  შერჩეული  პრიორიტეტები, არასაკმარისი  ანალიტიკა,  მიზანზე  არაორიენტირებული  ექსტენცია, არასავალდებულო  ახალი  ტექნოლოგიები,  ბედის ანაბარა  მიშვებული  სახელმწიფო  ინიციატივები,  უკონტროლო  დახმარებები,  პირველადი მწარმოებლებისთვის  ფინანსურ  რესურსებზე არასაკმარისი  წვდომა და  მრავალი  მსგავსი  საკითხი, საზოგადოებაში   იწვევს  დაუსრულებელი  მოლოდინის  და  ევოლუციური  ინერციის განცდას,  რომლის  დაშვება  დღევანდელი  გამოწვევების  პირობებში  დანაშაულის  ტოლფასია.

შ.მ. _  „დიდი  ბიძგის  პოლიტიკა“,  სადაც  სახელმწიფო  ყველა  დასახული ამოცანის  შესრულების მთავარი  გარანტორი  და  ორგანიზატორი  იქნება _ რას გულისხმობთ „დიდი  ბიძგის  პოლიტიკაში“?

გ.ც. რას ნიშნავს ჩემს კონცეფციაში დიდი ბიძგის პოლიტიკა  განვმარტავ მოკლედ. იგი ეკონომიკურ თეორიაში არსებობს ათეული წლების და გამოყენებულ იქნა კოლონიური ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობების პროგრამულად  განსაზღვრა-მოდერნიზაციის  თვალსაზრისით. კეინზიანური პოლიტიკის ორი თეორიული კონცეფციის ნაზავია – „სიღარიბის მანკიერი წრე“ და „თვითუზრუნველმყოფელი  ზრდის“. ამ პრინციპების  სინთეზი ზუსტად ეხმიანება დღევანდელ ჩვენს გამოწვევებს.  მარტივ ენაზე ესაა მოქმედების მოდელი, სადაც სახელმწიფო სწავლობს, აანალიზებს არსებულ კონკურენტულ უპირატესობებს, აღრმავებს და სისტემურს ხდის მის შეუქცევად, დინამიკურ წინსვლას და ხელს უწყობს მის განვითარებას საყოველთაო კეთილდღეობის და ინკლუზიურობის ელემენტების გათვალისწინებით.

შ. _ თქვენ ამბობთ, რომ ვიმყოფებით  განვითარების ისეთ ფაზაში, მითუმეტეს დღეს მძლავრი გეოპოლიტიკური რყევების პერიოდში, როდესაც  უმოქმედობა და  პროცესის  ინერციის რეჟიმში  გადაყვანა  სოფლის  მეურნეობის დარგის განვითარებისთვის შეიძლება  საბედისწერო  აღმოჩნდეს, რას გულისხმობთ, უფრო რომ ჩავშალოთ ეს თემა?

გ.ც. დღევანდელი პანდემია, ომი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ქმნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს და დღეს იმავე რეჟიმში მუშაობის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია. ყველამ ერთად უნდა განვაცხადოთ, რომ არ დაუშვებთ დარგის ახალი ფორმატის ჩიხს, რაც სამწუხაროდ, იკვეთება. თუ იქნება ერთიანობა, ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ ყველა ტიპის დაბუდებული სიმახინჯე ამ დარგში.

შ.მ. _   რეგიონში დღეს შექმნილი პოლიტიკური რყევების ფონზე სასურსათო უშიშროება მსოფლიოში, ამაზე გაეროს გენერალურმა მდივანმაც კი გაამახვილა ყურადღება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რას ნიშნავს სასურსათო უსაფრთხოება ჩვენთვის და სად ვართ ამ მხრივ?

 გ.ც. _  მთავრობამ ,პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა. სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიაში მას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

 2014 წლის ბოლოდან  მუშაობა მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკით, რაც მოიცავდა სტატისტიკურ-დიაგნოსტიკურ ანალიზს, დარგობრივი შესაძლებლობების  კვლევებს, საჯარო განხილვებს და დისკუსიების, 2016 წლის დასაწყისში შემუშავდა 20 სარეკომენდაციო  თეზისი, რომელიც ხსნიდა აუცილებლობას ქვეყანაში შექმნილიყო პირველ რიგში იმპორტჩანაცვლების   მიზნობრივ-პროგრამული მოქმედების  მოდელი, რადგან სასურსათო კალათის პროდუქტების 80%-იანი იმპორტი დაუშვებელია საერთაშორისო ნორმა-რეკომენდაციებით

მინდა აუცილებლად ვახსენო ოქსფამის ჯგუფის წევრები, რომელთა შრომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური (ლევან დადიანი, მიხეილ ჯიბუტი, ნინო ედილაშვილი, ქეთი გეთიაშვილი და სხვები), მათ მიერ შემუშავდა კანონიც და აქტიურად ცდილობდნენ მთავრობასთან თანამშრომლობას თუმცა უშედეგოდ.  იმდროინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა ჩათვალა ეს ყველაფერი ზედმეტად, სწორედ მის სახელს უკავშირდება მრავალი სიმახინჯე და განვითარების  პროცესის შეფერხება დარგში (ამაზე მოგვიანებით უნდა გავაგრძელოთ საუბარი, რადგან მის მიერ დანერგილი სიბეცე და მიკერძოებული გადაწყვეტილებები დღემდე დამანგრევლად მოქმედებს პროცესზე).

უკანასკნელ წლებში, სამწუხაროდ, მივიღეთ ახალი „მესიჯ-ბოქსი“ – საქართველო უნდა გახდეს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა. ერთი შეხედვით უწყინარი მიდგომა მრავალ სიღრმისეულ პრობლემას აჩენს. მარტივი ენით რომ ავხსნათ, ჩვენ გავაგრძელეთ ღვინის და სპირტის ბიზნესის მხარდაჭერა და საბოლოოდ უარი ვთქვით მარცვლეულზე, რამაც მოიტანა დღევანდელი უმართავი საგიჟეთი ხორბალთან მიმართებაში და ეს უბრალოდ ფრაგმენტია. შედარებისთვის თემა გაცილებით დიდია, მოიცავს მრავალ სეგმენტს, როგორც სისტემურს, ასევე სტრუქტურულ-ორგანიზაციულს.

დღეს როდესაც ისმება კითხვა, გვექნება თუ არა ხორბალი? ზოგიერთი მაღალჩინოსანი პასუხობს, _ ნუ გეშინიათ, ჩვენი დამსახურებით იმპორტი დივერსიფიცირებულია და ის აღარ არის დამოკიდებული ერთ ან ორ მომწოდებელზეო. აი, სადამდე შეიძლება მიგიყვანოს ადამიანი უპასუხისმგებლობამ და აქ უპრიანია გამონათქვამი _ ენას ძვალი არ აქვს!

 სასურსათო უსაფრთხოების საქმე აშკარად ჩავარდნილია ქვეყანაში და სანამ ამაზე საჯარო დისკუსია არ გაიმართება, რასაც უნდა მოყვეს სათანადო შეფასებები, სანამ თავს მოვიტყუებთ უაზრო დაპირებებით და ნორმა გახდება, _ მოითმინეთ ათეული წლები, სწრაფად არაფერი გამოვა! ამ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ.

მინდა მხარი დაუჭირო ახალ მინისტრს ოთარ შამუგიას, მის წესიერებაში ეჭვი არ მეპარება, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გამოიყვანოს დარგი ამ ღრმა ძილიდან.

იმედი გვაქვს დარგის სპეციალისტებიც ჩაერთვებიან დისკუსიაში და თავიანთ თვალსაზრისს შემოგვთავაზებენ,  ჩვენ კი შევეცდებით უფრო საფუძვლიანად ჩავუღრმავდეთ სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევებს და მათი დაძლევის ჩვენეულ თვალსაზრისს შემოგთავაზებთ.

შოთა მაჭარაშვილი