გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ევროკავშირთან დასაახლოებლად
აჭარაში, ქალაქ ბათუმის საკრებულოს შენობაში, გაიმართა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული გასვლითი სხდომა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საზოგადოებას სამინისტროს 2024 წლის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, განსაკუთრებით — გარემოს დაცვის სფეროში საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა “გარემოს დაცვის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელთა მიზანია მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის შექმნა.
მისივე განცხადებით, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან 21-თან საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია, ხოლო 2 სამართლებრივი აქტი პარლამენტში განიხილება. თანდილაშვილმა დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის ატმოსფერული ჰაერისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, წყლის რესურსების მართვაზე, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების გამართვაზე, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებაზე.
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული საკანონმდებლო დაახლოების საკითხს. ნინო თანდილაშვილის თქმით, 2028 წლის ბოლომდე დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირის 200 სამართლებრივ აქტთან, საიდანაც უკვე 146-თან დაახლოება წარმატებით დასრულებულია.
განხილვის საგანი გახდა სურსათის უვნებლობისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებიც. ევროკავშირის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა (DG-Sante) თხილის სექტორის აუდიტის საფუძველზე დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ გატარებული სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად, პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე შეუფერხებლად ხორციელდება.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია ორი პრიორიტეტული პროდუქტი — აკვაკულტურის პროდუქტები და დედა ფუტკარი, რომელთა ექსპორტის დასაშვებად შესაბამისი დოკუმენტაცია ევროკომისიაში უკვე გადაგზავნილია და განხილვის ეტაპზეა.
სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გააგრძელოს ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაციის პროცესი და განახორციელოს პრაქტიკული ნაბიჯები როგორც გარემოსდაცვითი, ასევე სასურსათო უსაფრთხოების სფეროებში.