ვენახის გასხვლის დრო
მევენახეებისთვის გაზაფხული პირველყოვლისა გასხვლასთან ასოცირდება. გასხვლა მთავარი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომლის მიზანია ყურძნის რეგულარული და მზარდი მოსავლის მიღება. გასხვლის საშუალებით, მყარდება სასურველი შეფარდება ვაზის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას შორის. გაუსხლავად ნაზარდ ვაზს მრავალი სუსტი რქა უვითარდება, რასაც მოჰყვება არათანაბარი მოსავალი (წვრილი და უხარისხო მარცვალი).
გასხვლა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზამთარში (ფოთლების ჩამოცვენიდან ორი კვირის შემდეგ), ასევე გაზაფხულზეც (კვირტების დაბერვამდე). გასხვლის შედეგად უმჯობესდება მოსავლის ხარისხი, იქმნება მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობები. ამავე დროს, მცენარე უზრუნველყოფილია სინათლისა და ჰაერის ოპტიმალური გამოყენებით.
გასხვლისას უმთავრესი გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ დაცული იქნეს კვირტებისა და რქის ზრდის ურთიერთდამოკიდებულების სასურველი ბალანსი, ანუ, რაც უფრო მეტი კვირტი დარჩება, მით უფრო მეტია მოსავალი. მაგრამ შედეგად სუსტად ვითარდება რქები და პირიქით. კვირტების შემცირება იწვევს დაბალ მოსავალს, მაგრამ რქის ძლიერ განვითარებას. ამიტომ გასხვლისას აუცილებელია მოსავლიანობასა და ზრდას შორის არსებული ბალანსის მაქსიმალური დაცვა. ამისათვის საჭიროა ყურადღება მიექცეს შემდეგ ძირითად ფაქტორებს.
თუ სანაყოფე რქები სუსტადაა განვითარებული და ამავე დროს შემცირებულია მანძილი კვირტებს შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაზი წინა წელს ძლიერ იქნა გადატვირთული და საჭიროა ნაკლები დატვირთვა. იმ შემთხვევაში, თუ რქები მსხვილია, კვირტებს შორის მანძილი დიდია, ხოლო შტამბზე ბევრი ამონაყარი შეინიშნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაზი ნაკლებად დაიტვირთა წინა წელს. მცირე ამონაყარი ფორმირების ელემენტებზე და შტამბზე კი ძლიერი ამონაყარი იმის მანიშნებელია, რომ ვაზი საჭიროებს გაახალგაზრდავებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ გასხვლისას არ არსებობს ერთიანი მიდგომის სისტემა და გასხვლა უნდა ჩატარდეს კონკრეტული ვაზის მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ერთიან მიდგომას, ანუ იმ ზოგად წესებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას გასხვლის პროცესში, მათი ფორმულირება შესაძლებელია შემდეგი სახით:
• ყველა ჭრილობა უნდა იყოს გლუვი;
• შტამბის დადაბლებას მიმართავენ მხოლოს უკიდურეს შემთხვევაში;
• სანაყოფე რქა ყოველთვის უნდა იყოს ორწლიან რქაზე;
• ჭრილობა შეძლებისდაგვარად ყოველ წელს უნდა იყოს ერთ მხარეს;
• სანაყოფე რქა უნდა მდებარეობდეს სამამულე რქაზე მაღლა;
• სანაყოფე და სამამულე რქები უნდა მდებარეობდეს ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და არ უნდა წარმოადგენდეს ერთმანეთის გაგრძელებას.
გასხვლა წლოვანების მიხედვით
გასხვლა წლოვანების მიხედვით. პირველი გასხვლისას, დარგვიდან მეორე წელს ვაზს უტოვებენ ორ, კარგად განვითარებულ ქვედა კვირტს. მეორე გასხვლის დროს შეირჩევა უფრო განვითარებული რქა და გაისხვლება 3-4 კვირტზე. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ოთხივე კვირტის განვითარება, მწვანე ოპერაციის დროს აცლიან ორ ქვედა ყლორტს, ზედა ყლორტებს კი ტოვებენ. მესამე წელს, ფორმირების წესის მიხედვით, ვაზის გასხვლა შესაძლებელია შტამბის გამოსაყვანად. ამ დროს არჩევენ კარგად განვითარებულ რქას და სხლავენ შტამბის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე სუსტია, შტამბს გამოიყვანენ მომდევნო წელს.
შტამბის გამოყვანის დასრულების შემდეგ ტოვებენ ორ რქას, საიდანაც ერთს სხლავენ მოკლედ, 2-3 კვირტზე, რის შედეგადაც მისგან მიიღება სამამულე რქა. მასზე ვითარდება ფორმირების ელემენტები. მეორე რქას გრძლად სხლავენ 8-10 კვირტზე და მისგან ვითარდება სანაყოფე რქა.
წყარო: allwine.ge