ბლოგირუბრიკებისტატიები

გერმანია – სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია და კოოპერაციული საფინანსო ინფრასტრუქტურა

გერმანიის კოოპერაციული სისტემის მაგალითი მნიშვნელოვანია როგორც  ვერტიკალური კოოპერაციული სისტემის ფორმირების, ასევე კოოპერაციული საფინანსო ინსტიტუტების განვითარების კუთხით. გერმანიაში კოოპერაციული საქმიანობა დაფუძნებულია გერმანიის ფედერალურ კანონზე „კომერციული და სამეურნეო ამხანაგობების” შესახებ (1889 წ). გერმანია ითვლება საკრედიტო კოოპერატივების სამშობლოდ. სწორედ აქ მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო და საკრედიტო კოოპერატივების მასიური გავრცელება. ამ მოძრაობის ფუძემდებლად ითვლება ფრიდრიხ ვილჰელმ რაიფაიზენი, რომელმაც 1876 წელს შექმნა პირველი „გერმანიის ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო სალარო“.

საკრედიტო კოოპერატივების წარმატებულმა განვითარებამ 1895 წელს იმპულსი მისცა „პრუსიის ცენტრალური კოოპერაციული სალაროს“ დაარსებას. ასეთმა კოოპერაციულმა საკრედიტო სისტემამ  მისი მაღალი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა. კოოპერატივებმა გაუძლეს და გადალახეს სერიოზული ეკონომიკური კრიზისები, მსოფლიო ომებით გამოწვეულ რყევები, ფაშისტური დიქტატურა და პერმანენტულად იმაგრებდნენ თავიანთ პოზიციებს ქვეყნის საბანკო სისტემაში. მიმდინარე პერიოდში რაიფაიზენის კავშირი აერთიანებს ყველა სასოფლო-სამეურნეო, სახელოსნო და მომსახურეობის საკრედიტო კოოპერატივებს და კოოპერაციულ ბანკებს გერმანიის მთელ ტერიტორიაზე.

გერმანიის ეროვნული კოოპერაციული სისტემის სათაო ორგანიზაციის როლში გამოდის „გერმანიის კოოპერაციული ბანკი“, რომლის კაპიტალის 80% ეკუთვნის რეგიონალურ კოოპერაციულ ბანკებს. გერმანიის კოოპერაციული ბანკების დანიშნულებას მისი წევრების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა წარმოადგენს, რასაც ისინი უკვე 100 წელზე მეტია ემსახურებიან. ფერმერთა 80%, ბიზნესმენთა 75% და ხელოსნების 60%, რომელთა საერთო რაოდენობა  შეადგენს 14 მილიონს, არიან კოოპერაციული  ბანკების წევრები. იმისათვის, რომ საშუალო ზომის ბანკმა უზრუნველყოს სრული მოცულობის ფინანსური მომსახურება, გერმანიის სახალხო ბანკები და რაიფაიზენის ბანკები დღიდან მათი დაარსებისა, მოქმედებენ  პარტნიორობის პრინციპით და დააარსეს სპეციალური ინსტიტუტები,  რომელთა მეშვეობით მათ შეუძლიათ კლიენტებს შესთავაზონ სრული მომსახურება ფულად სახსრებთან მიმართებაში, საქმიანობის ყველა სფეროში.

გერმანიაში, კოოპერაციული სისტემა წარმოდგენილია სამ საფეხურიანი იერარქიით. პირველად, ანუ ადგილობრივ დონეზე, არსებობს სოფლის საწარმოო, მომსახურების, საკრედიტო და კომერციული კოოპერატივები. პრინციპით _ „ერთიანობა ძლიერების საფუძველია’’ პირველადმა კოოპერატივებმა, თავიანთი სპეციალიზაციის მიხედვით, დააფუძნეს 33 რეგიონალური ცენტრალური კოოპერატივი, რომელთა საქმიანობა გაძლიერებულია სპეციალური ინსტიტუტებით. ცენტრალური კოოპერატივები აგვარებენ იმ პრობლემებს, რომლებსაც ვერ უმკლავდებიან პირველადი კოოპერატივები. შენახვის, გადამუშავების და რეალიზაციის თანამედროვე პოტენციალის გამოყენებით, ისინი აერთიანებენ მოთხოვნისა და მიწოდების მოცულობებს, რათა შექმნან შესაძლებლობა, შევიდნენ ბაზრის სეგმენტებზე დიდი მოცულობის საქონლის პარტიებით. ისინი ზრუნავენ რეგიონთაშორისი სავაჭრო ბალანსის რეგულირებაზე, რისთვისაც მუშაობენ არა მარტო მათ წევრ კოოპერატივებთან, არამედ კოოპერატივებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით. რეგიონულმა ცენტრალურმა კოოპერატივებმა შექმნეს შესაბამისი ინსტიტუტები ფედერალური დონეზე.

უკვე XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან კოოპერატივებმა დაიწყეს კავშირების შექმნა.  ეს ფაქტორი განაპირობა კოოპერატივების მწირმა სამეურნეო შესაძლებლობებმა და მმართველი პერსონალის არასათანადო ცოდნამ საგადასახადო, სამართლებრივ და ორგანიზაციული მოწყობის საკითხებში. ძალიან მოკლე დროში კოოპერატივების  მმართველმა პირებმა გააცნობიერეს, რომ წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელია აუდიტორული შემოწმებები.

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კოოპერატივების კავშირები რეგიონალური მაშტაბით სადაც კოოპერატივები შედიოდნენ ნებაყოფლობითი პრინციპით და ნებაყოფლობით იღებდნენ აუდიტორულ შემოწმებას. 1889 წლიდან აუდიტორული შემოწმება სავალდებულო გახდა, ხოლო 1934 წლიდან ყველა კოოპერატივი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული რომელიმე აუდიტორულ კავშირში. დღეს არსებული 11 რეგიონული კავშირი კონსულტირებას უწევს მათ წევრ კოოპერატივებს სამართლებრივ, საგადასახადო და ორგანიზაციული მოწყობის საკითხებში. კავშირებს გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგიონალურ დონეზე. კავშირების ეროვნულ სათაო ინსტიტუტს წარმოადგენს გერმანული კოოპერატივების აკადემია (ADG).

გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში გერმანიის კოოპერაციული სისტემის ყველა სფეროში მოხდა  სტრუქტურული ცვლილებები. იმისათვის, რომ კოოპერატივებს გაეძლიერებინათ თავიანთი პოზიცია გამძაფრებულ კონკურენციაში, ყველგან, სადაც გამოიკვეთა აქტუალობა, შეიქმნა კოოპერატივების გაერთიანებები და კავშირები. ამის შედეგად გაფართოვდა კოოპერატივების შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი პროდუქტიულობა. თუ 1950 წელს გერმანიაში არსებობდა 26000-ზე მეტი კოოპერატივი, გატარებული პოლიტიკის შედეგად მათი რაოდენობა 7000-მდე შემცირდა. სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულმა პოზიტიურმა შედეგებმა კოოპერატივების მიმართ მოსახლეობაში ნდობა ამაღლდა და კოოპერატივების წევრთა საერთო რაოდენობა იგივე პერიოდში 4.4 მილიონიდან 16 მილიონამდე გაიზარდა. სტრუქტურულმა ცვლილებებმა საკრედიტო კოოპერატივების რიცხვი 12000-დან 2250-მდე (მათ შორის 560 საკრედიტო კოოპერატივი საწარმოო და კომერციული ფუნქციებით) შეამცირა. ამავდროულად, საკრედიტო კოოპერატივების წევრთა რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და 14.6 მილიონი შეადგინა.

საკუთარი შესყიდვების და  გაყიდვების მოცულობის ნახევარზე მეტს გერმანელი ფერმერები ახორციელებენ კოოპერატივების საშუალებით. ეს ფაქტი ასევე მიუთითებს მოსახლეობის მხრიდან კოოპერატივების მიმართ ნდობის მაღალ ხარისხზე. როგორც აგრარული სექტორის მომსახურე საწარმოები, კოოპერატივები თავის წევრებს უზრუნველყოფენ სხვადასხვა საწარმოო საშუალებებით: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, საწარმოო აღჭურვილობით, სათესლე და სანერგე მასალებით, სასუქებით და სხვა. მათ მიზანს წარმოადგენს წარმატებული ოპერირება როგორც საშინაო ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ ბაზრებზე და შეძლებისდაგვარად სახელმწიფო დახმარებაზე კოოპერატივების წევრი ფერმერების ნაკლები დამოკიდებულება. შენახვის, გადამუშავების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაღალი დონის ინფრასტრუქტურის შექმნით კოოპერატივები ახდენენ დიდი მოცულობის პროდუქციის მობილიზებას, სადაც ისინი რეგულარულად ახორციელებენ პროდუქციის ხარისხის კონტროლს. კოოპერატივები წლების განმავლობაში ახორციელებენ ღონისძიებებს  ალტერნატიული ნედლეულის, მათ შორის  ბიოდიზელის წარმოების და რეალიზაციის მაშტაბების გაზრდის კუთხით.

კოოპერაციული სისტემის განვითარებამ საფუძველი დაუდო რაიფაიზერის ორგანიზაციის შექმნას, რომელიც წარმოადგენს გერმანიის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს. იგი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, განსაკუთრებით სასოფლო დასახლებებში. მიმდინარე პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულია 140000 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.

გერმანული კოოპერატივების რაიფაიზენის კავშირი: (DGRV) – შეიქმნა გერმანული  კოოპერაციული სისტემის რეფორმირების შემდეგ 1972 წელს, ფედერალურ დონეზე არსებული 3 სათაო კავშირისგან:

•          გერმანული სახალხო ბანკების და რაინფაიზენის ბანკების ფედერალური კავშირი (BVR) – ემსახურება საკრედიტო კოოპერატივებს;

•          რაიფაიზენის გერმანული კავშირი (DRV) – ემსახურება საწარმოო და მომსახურების კოოპერატივებს, მათ შორი საკრედიტო კოპერატივებს საწარმოო ფუნქციებით  და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც ეხება სამეურნეო საქმიანობას;

•          კომერციული ჯგუფების ცენტრალური კავშირი (ZGV) – ემსახურება კომერციულ და მომსახურების კოოპერატივებს.

გერმანული კოოპერატივების რაიფაიზენის კავშირი (DGRV) – მუშაობს ყველა  საკითხზე რომელიც დაკავშირებულია გერმანულ კოოპერაციულ სისტემასთან: იცავს და ლობირებს კოოპერატივების ინტერესებს სამეწარმეო საკითხებთან და საგადასახადო პოლიტიკასთან მიმართებაში, ეწევა კონსულტაციებს ყველა საკითხზე რომელიც დაკავშირებულია კოოპერატივების უფლებებთან, განათლების სისტემასთან, ორგანიზაციულ მოწყობასთან, მონაცემების დამუშავებასთან და სხვა.

გერმანიის აგროსასურსათო სისტემის ანალიზი ნათელს ხდის, რომ არსებულ ეტაპზე სოფლის მეურნეობის შემადგენელ არცერთ სფეროს არ შესწევს ძალა, ძლიერი კოოპერაციული სისტემის გარეშე, სათითაოდ წარმატებით გაუმკლავდეს ეკონომიკურ პრობლემებს, რაც თავის მხრივ წარმოადგენს კოოპერაციული პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებისა და შესაბამისად, გერმანიის ეკონომიკის სტაბილიზაციის განმსაზღვრელ ფაქტორს.

დღეისათვის ყველა მეხუთე გერმანელი არის კოოპერატივის წევრი ან სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობაშია  კოოპერატივებთან.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გერმანიაში 20 000 სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტრუქტურა გაკოტრდა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა არცერთი კოოპერატივი.

დავით მამუკელაშვილი, 

სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“

მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსი