დარგებივეტერინარია

ღორის რეპროდუქციული – რესპირატორული სინდრომი და მისი კონტროლის თანამედროვე სტრატეგია

ინფექციური დაავადებები ოდითგანვე იყო ფერმერთა საზოგადოების და კაცობრიობის პრობლემა. დაავადებები მოიცავდა დიდ ტერიტორიებს, ანადგურებდა ცხოველთა პოპულაციებს და მოქონდა იწვევდა დიდ ეკონომიკურ ზარალს. ბევრი ამ დაავდებებისგან დღეს დამარცხებულია ან კონტროლდება, მაგრამ მეღორეობის ინდუსტრიაში თავი იჩინა ახალმა დაავადებებმა, მაგალითად ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომმა, ცირკოვირუსმა და სხვებმა, რომლებიც სერიოზულ თავსატეხს უჩენენ ფერმერებს.

ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი (PRRS) ვირუსული დაავადებაა, გამოწვეულია რნმ-ის შემცველი ვირუსით, რომელიც მიეკუთვნება არტერივირიადეს ( Arteriviriadae) ოჯახს და არტევირუსების (Arterivirus) გვარს. 

ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი, მას ასევე უწოდებენ ცისფერი ყურის დაავადებას და უნაყოფობის სინდრომს.

როგორც სახელიდან ჩანს, მას ახასიათებს სასუნთქი და რეპროდუქციული სისტემის დარღვევა, კერძოდ: აბორტი, მუმიფიცირებული ნაყოფი, ნაადრევი მშობიარობა, დასუსტებული და მკვდარი გოჭების შობადობა, სასუნთქი ორგანოების დაზიანება და ასევე სილურჯე, მოცისფრო-მოწითალო შეფერილობა ყურების არეალში, ვულვაზე.

რეპროდუქციული და რესპირატორული პრობლემები პირველად 1987 წელს აშშ-შიდაფიქსირდა. დღეს უკვე გვხვდება ორი გენოტიპი:

1. ევროპული – ფართოდ გავრცელებული ლელისტად (Lelystad) ვირუსი;

2. აშშ – გავრცელებული VR-2332 ვირუსი.

დაავადება ეკონომიკური თვალსაზრისით ძალზე საყურადღებოა, რადგან ის ყოველწლიურად მეღორეობის ინდუსტრიაში დიდ დანაკარგებს იწვევს.

დაავადებით გამოწვეულმა ზარალმა, აშშ-ში აშშ-ს მეღორეობის ვეტერინართა ასოციაციის მონაცემებით 2012-2013 წლებში 664 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმავე წლებში ევროპაში (ნიდერლანდები, ესპანეთი, დანია, შვეიცარია) ზარალმა 126 მილიონ ევროს მიაღწია.

ინფექციის გავრცელების წყაროა:

56% – დაავადებული ღორი;

20% – ინფქცირებული სადგომი;

21% – არაპირდაპირი გავრცელების გზით (ავტომანქანები, მოწყობილობები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა);

3% – გარეული იხვები და შესაძლოა სხვა ფრინველები.

ვირუსს აქვს გადაცემის მრავალი გზა და გარემოში ძალიან მდგრადია. ზრდასრული ღორები ვირუსს ბევრად უფრო სწრაფად ავრცელებენ, ვიდრე ახალგაზრდა ცხოველები. ცხოველიდან ცხოველებზე პირდაპირი კონტაქტი ყველაზე საშიშია. გადაეცემა სპერმით ხელოვნური განაყოფიერების გზით, გამოიყოფა რძეში და ხსენში. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით 3 კმ-მდე მანძილზე ვრცელდება. ღორი ვირუსისმატარებელი 2-3 თვის განმავლობაშია. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მდგომარეობა შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ვირუსის სისხლში ყოფნის ხანგრძლივობა – 56 დღემდეა, სპერმაში _ 92 დღემდე.

ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომს განსაკუთრებული კავშირი აქვს ​მაკროფაგებთან, განსაკუთრებით ფილტვის მაკროფაგებთან (ალვეოლური მაკროფაგები).

მაკროფაგები იმუნური სისტემის ნაწილია და დაცვის ფუნქცია აკისრიათ, ისინი შთანთქავენ ორგანიზმში შემოჭრილ ვირუსებს და ბაქტერიებს. ალვეოლურ მაკროფაგებში ხდება დაავადების აღმძვრელის რეპროდუქცია, ანუ ვირუსი მრავლდება  მაკროფაგის შიგნით და ანადგურებს მათ. შედეგად, მაკროფაგების 40% -მდე განადგურებულია, რაც მნიშვნელოვნად  ასუსტებს სხეულის დამცავ ფუნქციებს და ზოგადად იმუნიტეტს . შედეგად ვიღებთ დასუსტებულ ორგანიზმს,  რომელიც მარტივად ამთვისებელია სხვადასხვა დაავადებების მიმართ. დაავადების დროს ვირუსს შეუძლია მხარი დაუჭიროს გვერდითი პათოგენების განვითარებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების უფრო სერიოზული მიმდინარეობა.

ეს გახლავთ ინტრაუტერიული ინფექცია, რომლის დროსაც ვირუსი ნაყოფს გადაეცემა პლაცენტის მეშვეობით. ზუსტი გავრცელების პერიოდი არაა დადასტურებული, თუმცა ძირითადად ეს ხდება მაკეობის 60-70 დღიდან.

კლინიკური ნიშნები ცვალებადია და დამოკიდებულია ვირუსის შტამის სპეციფიკურ ვირულენტობაზე. დაავადება ვლინდება ენზოოტიის სახით, ყველაზე გამოხატული არის მშობიარობის პერიოდში. ინკუბაციური პერიოდი 4 -დან 35 დღემდეა. დედა ღორებში დაავადება იწყება საკვებზე დროებით უარის თქმით, სისუტით, ტემპერატურის მომატებით, აბორტის პერიოდში ტემპერატურა 41.5 -გრადუსამდე. ზოგიერთ ღორებში აღინიშნება სასუნთქი გზების დაზიანების  სიმპტომები, მოცისფრო-მოწითალო შეფერილობა ყურების არეალში, ვულვაზე (სილურჯე).  მაკე ღორებში დაავადებას ახასიათებს აბორტი, მუმიფიცირებული ნაყოფი, ნაადრევი მშობიარობა, დასუსტებული და მკვდარი გოჭების შობადობა. აბორტები შეიძლება იყოს 50%-მდე.  სუსტი და არასიცოცხლისუნარიანი გოჭებისთვის დამახასიათებელია რესპირატორული დარღვევები ხველებით და პნევმონიით, კუნთების სისუსტე, კონიუქტივიტი, წონის მატება შეიძლება შემცირდეს 50-70%- მდე.

აბორტირებული და მკვდრად დაბადებული გოჭების გაკვეთისას აღინიშნება სისხლჩაქცევები, კანქვეშა ქსოვილების შეშუპება, გულმკერდის ღრუში  ექსუდატის მომატება, ღვიძლის დისტროფია, პნევმონიის ნიშნები.

დიაგნოზი დგინდება ეპიზოოტიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე. ლაბორატორიაში დიაგნოზის დასადგენად, დაავადების გამომწვევი ვირუსის, ანტიგენის, გენომის გამოვლენის მიზნით, ყველაზე შესაბამისი ნიმუშებია ტვინის , ფილტვების,  გულმკერდის ქსოვილები, ასევე სისხლის ნიმუშები ერთდროულად აღებული რამდენიმე ღორისგან.

იმისათვის, რომ სადგომი მივიჩნიოთ საეჭვოდ ღორის რეპროდუქციულ-რესპირატორულ სინდრომზე, გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები და კრიტერიუმები: ა) აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა 8%-ზე მეტია ბ) მკვდარი გოჭები ან მუმიფიცირებული ნაყოფი 20%-ზე მეტია გ) გოჭების სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ კვირაში 25%-ს აღემატება. თუ ამ კრიტერიუმებიდან ორი დამაკმაყოფილებელია, მაშინ სადგომი შეიძლება საეჭვოდ მივიჩნიოთ ამ ვირუსზე.

ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომი წარმოადგენს პრობლემატურ დაავადებას მეღორეობის დარგის ფერმერებისთვის შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:

1) დაავადების აღმძვრელის ფილოგენეტიკური მრავალფეროვნება და ახალი უაღრესად პათოგენური შტამების გაჩენა;

2) დაავადების კონტროლისა და მონიტორინგის სტანდარტიზებული პროგრამების, პროტოკოლების არარსებობა.

ცხოველთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია ითვლება ყველა დროის უდიდეს და ეფექტურ ვეტერინარულ ღონისძიებად. ვაქცინის ეფექტურობა ფასდება სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე. ბოლო ათწლეულში ღორის რეპროდუქციული-რესპირატორული სინდრომის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული და ეფექტური საშუალებებია შემოთავაზებული. კომპანია „ინვეტი“ გთავაზობთ ღორების იმუნიზაციისთვის ვირუსის საწინააღმდეგო მაღალეფექიან  ვაქცინას „პროგრესისი“ (PROGRESSIS), რომელიც წარმოებულია საფრანგეთში კომპანია „CEVA”-ს მიერ, მას წარმატებით იყენებენ საქართველოში მოქმედი მეღორეობის მეურნეობები.

გურამი მელქაძე, აკადემიური დოქტორი,

კომპანია „ინვეტი“