აგროსიახლეები

ღვინის ტური საქართველოში: უცხოელი პროფესიონალები ქართულ ღვინოსა და ტრადიციებს ეცნობიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media“-ის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ტური განხორციელდა.
ათკაციან ჯგუფში შედიოდნენ ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან.

ტურის ფარგლებში სტუმრები კახეთსა და ქართლში ღვინის დაყენების როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ. მათ დააგემოვნეს ქვევრისა და კლასიკური ტექნოლოგიით წარმოებული სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.

ავსტრალიელი სომელიეს შთაბეჭდილებები

ჯგუფის ავსტრალიელმა წევრმა, სომელიემ და რესტორნების ჯგუფის „Trader House“-ის სასმელების მიმართულების დირექტორმა, ლიენ ოლტმანმა (Leanne Altmann), ვიზიტისას საკუთარი შთაბეჭდილებები გააზიარა:

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. აქ დავინახე, რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული კულტურა, ღვინო, საკვები და ხალხი. როგორც სომელიესთვის, რომელიც მომხმარებლებს ესაუბრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეძლო ისტორიის გადმოცემა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ღვინოები გემრიელია და მივიღე პასუხი უამრავ კითხვაზე ღვინის წარმოების, ქვევრების, სხვადასხვა ვაზის ჯიშისა და მიკროზონების შესახებ. ჩემთვის აქ ყოფნა ნამდვილი პატივია“, – აღნიშნა მან.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე

ტურის მონაწილეებისთვის თბილისში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის პროდუქცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზებაა. ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.