აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვაფერმერი ფერმერს

გლიფოსატის დილემა _ რა უნდა იცოდეს ფერმერმა ყველაზე გავრცელებულ და სახიფათო ჰერბიციდზე

დღეს, როდესაც სოფლის მეურნეობა სწრაფად ციფრულდება და აგროქიმიური საშუალებები ჯერ კიდევ რჩება მოსავლიანობის ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელად, გლიფოსატი სარეველების გავრცელების საწინააღმდეგო მთავარი ქიმიკატი მსოფლიო აგრარული საზოგადოების ერთ-ერთი საკვანძო სადისკუსიო თემაა. ერთნი მას ფერმერთა საიმედო დამხმარეს უწოდებენ, მეორენი კი ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოსისტემის საფრთხედ მიიჩნევენ.
გლიფოსატი, იგივე „Roundup“-ის აქტიური ნივთიერება, ბოლო ნახევარი საუკუნეა სასოფლო-სამეურნეო წარმოების განუყოფელი ნაწილია. თუმცა მისი ფართო მასშტაბით გამოყენებასთან ერთად (როდესაც ის საკვებთან ერთად გარემოში, წყალში და ადამიანთა ორგანიზმში აღმოჩენის შემთხვევებიც იმატა), ახალი კითხვები ჩნდება — უსაფრთხოა თუ არა ეს ქიმიკატი და როგორ უნდა მიუდგეს მას თანამედროვე სოფლის მეურნეობა?

გლიფოსატი XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა და მალევე დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ეფექტიანმა ჰერბიციდმა, საშუალებამ, რომელიც სარეველებს სპობს, მაგრამ კულტურულ მცენარეებს არ აზიანებს. მისი გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა გენეტიკურად მოდიფიცირებული (GM) კულტურების – სიმინდისა და სოიოს გავრცელების შემდეგ.

ეს კულტურები სპეციალურად იქმნებოდა ისე, რომ გლიფოსატის მიმართ გამძლე ყოფილიყო, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევდა, ერთჯერადი დამუშავებით გაენადგურებინათ სარეველები და გაეზარდათ მოსავლიანობა.

თუმცა პრობლემაც აქედან დაიწყო – ეფექტიანობის გამო ფერმერებმა ის ისე ხშირად დაიწყეს გამოიყენება, რომ ქიმიკატი თითქმის ყველგან დაილექა: ნიადაგში, სასმელ წყალში, ატმოსფეროში, წვიმის წყალში, საკვებ პროდუქტებში და, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, ადამიანის ორგანიზმშიც — სისხლსა და შარდში.

გლიფოსატის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თემას ფართო რეზონანსი მოჰყვა აშშ-ში, სადაც ათასობით ადამიანი ამტკიცებდა, რომ მისი ზემოქმედების შედეგად განვითარდა არაჰოჯკინის ლიმფომა – იშვიათი ტიპის სისხლის კიბო.

პროცესებში, სადაც მოსარჩელეებს ადვოკატობას უწევდა გარემოს დაცვის აქტივისტი და იურისტი რობერტ კენედი, სასამართლოებმა ნაწილობრივ დაადასტურეს ფერმერებისა და მუშების პრეტენზიები. შედეგად, გლიფოსატის მწარმოებელმა გიგანტურმა კომპანიამ „ბაიერმა“ (რომელმაც 2018 წელს შეიძინა „მონსანტო“) კომპენსაციების სახით დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

მთელ პროცესს თან სდევდა სკანდალები: გავრცელდა „მონსანტოს“ შიდა ელფოსტები, სადაც კომპანიის წარმომადგენლები განიხილავდნენ მეცნიერებზე გავლენის მოხდენის გზებს და EPA-სთვის (აშშ გარემოს დაცვის სააგენტოსთვის) მომზადებული კვლევების მანიპულირებას. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ პესტიციდების უსაფრთხოების შეფასება ხშირად არა დამოუკიდებელ კვლევებს, არამედ თავად მწარმოებლების დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებს ეფუძნება.

გლიფოსატის შესაძლო ზემოქმედება მრავალმხრივია. ბოლო წლებში გამოქვეყნებულმა დამოუკიდებელმა სამეცნიერო ნაშრომებმა ის შემდეგ რისკებთან დააკავშირეს:
• არაჰოჯკინის ლიმფომა;
• თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
• ღვიძლის გაცხიმოვნება და გადაგვარება (NAFLD);
• ჰორმონული დარღვევები და ენდოკრინული დისფუნქცია;
• ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის ნაყოფიერების დაქვეითება.

2024 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გლიფოსატის კვალი აღმოაჩინეს ადამიანის სპერმაშიც, რაც მიანიშნებს მის შესაძლო როლზე ნაყოფიერების კლების გლობალურ ტენდენციაში. ამის მიუხედავად, ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტო კვლავ ეყრდნობა იმ კვლევებს, რომლებიც თავად ინდუსტრიის მიერაა დაფინანსებული, ხოლო დამოუკიდებელი კვლევების შედეგებს ნაკლებად ითვალისწინებს.

გლიფოსატის გარშემო არსებული კონფლიქტი მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი არ არის, ეს აგრარული სისტემის სტრუქტურული პრობლემის გამოვლინებაა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ფერმერული წარმოება იმდენად დამოკიდებული გახდა ამ ტიპის ქიმიკატებზე, რომ მისი უცებ ამოღება აგროწარმოებიდან პრაქტიკულად შეუძლებელია.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც გლიფოსატის მოხმარება დაუყოვნებლივ აიკრძალა, ფერმერები იძულებულნი გახდნენ, უფრო ტოქსიკური შემცვლელები გამოეყენებინათ, რამაც პრობლემას კი არ მოაგვარა, არამედ გაამძაფრა.

სარეველების ევოლუციური რეზისტენტობის ზრდა მისი საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ კიდევ ერთ პრობლემად იქცა. ბევრ რეგიონში უკვე დაფიქსირდა გლიფოსატის გამძლე სარეველების ახალი შტამები, რაც დამატებით ზრდის ქიმიკატების გამოყენების საჭიროებას. ასე იქმნება „ქიმიური დამოკიდებულების ციკლი“, რომელიც ნიადაგს ასუსტებს, ბიომრავალფეროვნებას ამცირებს და ხარჯებს ზრდის.

გლიფოსატის უარყოფა არ ნიშნავს დაუფიქრებელ აკრძალვას. გამოსავალი gradual („საფეხუროვანი“) მიდგომაა  ქიმიკატების შემცირება და აგროტექნოლოგიური ალტერნატივების დანერგვა.
სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, უკვე წარმატებით მუშავდება ისეთი მეთოდები, რომლებიც სარეველების კონტროლს ქიმიური პრეპარატების გარეშე ახერხებს:
• მულჩირება – ნიადაგის დაფარვა ორგანული მასალით, რაც სარეველებს ზრდას უშლის ხელს;
• მექანიკური პრევენცია – სარეველების ადრეულ ფაზაში განადგურება ტექნიკით;
• ფერმენტირებული ბიოპრეპარატები – მავნე ბაქტერიების ბუნებრივი ინჰიბიტორები;
• ნაკვეთის ბრუნვა და ინტერფერმერული თანამშრომლობა, რაც ამცირებს ქიმიკატებზე დამოკიდებულებას.

ასეთი პრაქტიკები არა მხოლოდ გარემოს იცავს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას და ამცირებს ფერმერის ხარჯებს.

გლიფოსატის საკითხი მხოლოდ ქიმიური პრეპარატის საკითხი არ არის, ეს უფრო ფართო დისკუსიაა სოფლის მეურნეობის მომავლის შესახებ.

ქართველი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თითოეული ქიმიკატის უკან დგას არა მხოლოდ მოსავლიანობის ზრდა, არამედ პოტენციური რისკიც – ნიადაგის, წყლისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მთავრობისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც არ დაანგრევს ფერმერის ეკონომიკას და დაიცავს ეკოსისტემას.

სუფთა საკვები, სუფთა წყალი და სუფთა გარემო ეს მხოლოდ ეკოლოგიური ლოზუნგი აღარ არის; ეს არის ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ფერმერის თვითგადარჩენის საფუძველი.

და ბოლოს!
თუ იყენებ ჰერბიციდებს:
🔹  დაიცავი დოზირება და დროის შუალედი კულტურის მომწიფებამდე;
🔹 გამოიყენე უსაფრთხო დამცავი ტანსაცმელი და ნიღაბი;
🔹 შეეცადე, გლიფოსატი არ გამოიყენო წვიმის დაწყების წინ ან როცა ნიადაგი ზედმეტად ტენიანია;
🔹 გამოიყენე სარეველებთან ბრძოლის ალტერნატიული მეთოდები: მექანიკური დამუშავებ, ბიოპრეპარატები, მულჩირება.

გლიფოსატის გამოყენება დღემდე თანამედროვე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ საკითხად რჩება.

მისი ერთი ხელის მოსმით აკრძალვა შესაძლოა რთული იყოს, თუმცა მის შემცირებაზე და ალტერნატიული მეთოდების დანერგვაზე ზრუნვა რეალური და აუცილებელი ნაბიჯია.

ფერმერი, რომელიც დღესვე დაიწყებს ქიმიკატების შემცირებას, ხვალ უზრუნველყოფს უსაფრთხო მოსავლის მიღებას, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას, რაც ჯანმრთელი მომავალი თაობების აღზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.