აგროსიახლეები

გლობალურმა ფაქტორებმა ნუში მნიშვნელოვნად გააძვირა

გლობალური მოთხოვნის ზრდამ ნუშზე, რაც აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომითა და თურქეთში მოსავლის შემცირების რისკებით იყო გამოწვეული, უზბეკურ ნუშზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
როგორც EastFruit 2025 წლის მარტში წერდა, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირება მძიმედ აისახა კალიფორნიის სოფლის მეურნეობაზე — რომელიც ამერიკაში ნუშის და სხვა კაკლოვნების ძირითადი მწარმოებელი რეგიონია. ტარიფების ორმხრივი ზრდის ფონზე, ჩინეთმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე 15%-იანი ტარიფი დააწესა, რაც განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა კალიფორნიელი ნუშის მწარმოებლებისთვის, რადგან ჩინეთი მათი ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია.

ამ ვითარებაში, ჩინელმა იმპორტიორებმა ალტერნატიული მომწოდებლების ძიება დაიწყეს, თუმცა პარალელურად გაჩნდა ახალი რისკიც — გაზაფხულის ყინვებმა ნუშის მოსავალს თურქეთშიც მნიშვნელოვნად დაარტყა. თურქეთი მსოფლიოში ნუშის მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელი და ამ პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია.

შედეგად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უზბეკურ ნუშზე. ბოლო ორ-ნახევარ თვეში ადგილობრივი ჯიშების შარშანდელ მოსავალზე ფასები თითქმის გაორმაგდა: 65 000-70 000 უზბეკური სუმიდან (დაახლოებით $5.0-$5.4) 120 000-130 000 სუმამდე ($9.5-$10.2) კილოგრამზე.

უზბეკი ექსპორტიორების თქმით, ადგილობრივ ბაზარზე საექსპორტო ნუში მცირეა და ამიტომ მსხვილი პარტიების ფორმირება რთულია.

რაც შეეხება ნუშის „კალიფორნიული ჯიშების“ შარშანდელ მოსავალს, მისი ფასიც 2.6-ჯერ გაიზარდა _ 45 000-50 000 სუმიდან ($3.5-$3.9) 120 000-130 000 სუმამდე ($9.5–$10.2).

აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის ბაზარზე კალიფორნიული ნუშის ძირითადი მომხმარებელია საკონდიტრო მრეწველობა, რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში ის ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. მანამდე კალიფორნიული ნუში ადგილობრივზე 25-30%-ით იაფი ღირდა, თუმცა მიმდინარე ვითარებამ ფასთა სხვაობა გააქრო — ახლა ორივე ჯიშის ნუშზე ფასები თითქმის გათანაბრებულია.

წყარო: EastFruit