გოგრა და საქართველოში გავრცელებული გოგრის ჯიშები
გოგრა _ Cucurbita — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარის გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
გოგრა ბაღჩეული კულტურაა, აქვს მთავარღერძა მძლავრი ფესვთა სისტემა, დატოტვილი და მიწაზე გართხმული, ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. მისი ძირითადი ნაწილი ნიადაგში 40–50 სმ სიღრმეზეა გავრცელებული, ცალკეული ფესვები – 4-5 მ-ზე, ღერო მხოხავი და მხვიარაა, ფოთოლი ფართო (25 სმ), გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი, ზარისებური ყვავილი ყვითელი ან ნარინჯისფერია.
გოგრა სახეობისა და ჯიშის შესაბამისად, ისხამს სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს, რომლის მასა 4-10 კილოგრამს იწონის. ზოგიერთი სახეობის გოგრა რამდენიმე ათეულ კილოგრამს იწონის.
გოგრას აქვს მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალო თესლი. ის გაყოფილსქესიანი, ერთსახლიანი, ჯვარედინმტვერია, სითბოსა და სინათლის მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა.
გოგრის 13 სახეობიდან კულტივირებულია ერთწლოვანი გოგრის სამი სახეობა:
- მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა (ლათ. Cucurbita maxima), რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები — თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1 და სხვა;
- მაგარკანიანი გოგრა (ლათ. Cucurbita pepo) (საქართველოში ძველთაგანვეა გავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატისონი.
- ჯავზის გოგრა (ლათ. Cucurbita moschata) (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). მისი ჯიშებია: კაშგარის 1644, ლენინაბადისა და სხვა.
გოგრას იმერეთსა და რაჭალეჩხუმში კვახს უწოდებენ; გურიასა და აჭარაში – ხაპს; სამეგრელოსა და სვანეთში – კოპეშიას, კვახნეს; საინგილოში – გუგრას; ჭანეთში – კაიშს, ყოყორეს და სხვ.
მსხვილნაყოფა და მუსკატური გოგრის სამშობლოა ამერიკა, მაგარკანიანის – აზია-აფრიკა. თესლი აღმოცენებას იწყებს 15°C ტემპერატურაზე, მისი ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპრაა 25–28°C. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანულ და მინერულ სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე.
გოგრის ნაყოფი შეიცავს მინერალურ მარილებს, ნახშირწყლებს, პექტინებს, კაროტინს, ვიტამინებს (С, B1, B2, E) და სხვ.
გოგრის თესლისაგან ხდიან ზეთს. ის სამკურნალო მცენარეა, იყენებენ სასურსათედ, სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად, აგრეთვე ცხოველთა საკვებად.
გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე ზოგჯერ 1000 ცენტნერსაც კი აღემატება.
დიდნაყოფა გოგრა
დიდნაყოფა გოგრას აქვს გრძელი მხოხავი ღერო და მძლავრი, ფართოდ დატოტვილი ფესვთა სისტემა. ფოთლები მომრგვალოა, თითქმის დაუნაკვთავი. ფოთლის ფირფიტა თეთრი ლაქების გარეშეა ან სუსტადაა გამოხატული. ყვავილი, სხვა გოგროვნების მსგავსად გაყოფილსქესიანი და ასიმეტრიულია.
ნაყოფი მრგვალი ან მობრტყოა, დიდი ზომის. კანი თხელია, მოთეთრო, ნაცრისფერი, რუხი, მოვარდისფრო ყვითელი, მოყვითალო-ნარინჯისფერი. თესლი რძისებრ თეთრია ან მოყვითალო, სუსტად გამოხატული არშიით.
დიდნაყოფა გოგრაში სახამებელი შეადგენს ნახშირწყლების უდიდეს ნაწილს, მისი რაოდენობა ყველაზე მაღალია სიმწიფის წინ (ნედლი წონის 16-20%). სახამებლის რაოდენობა შემდგომში თანდათან კლებულობს და შენახვის პერიოდში მთლიანად ქრება. დიდნაყოფა გოგრაში დიდი რაოდენობითაა კაროტინი, რომელზედაცაა დამოკიდებული ნაყოფის ხორცის და ყვავილების ფურცლების ყვითელი ფერი. რაც მეტია კაროტინის კონცენტრაცია ნაყოფში, მით უფრო ინტენსიურია რბილობის ფერი.
ზრდა-განვითარებისთვის მეტ სითბოს მოითხოვს, ვიდრე მაგარკანიანი გოგრა, ამიტომ ვრცელდება საქართველოს მებოსტნეობის მხოლოდ პირველ და მეორე ზონაში. ჩვენში მას უმთავრესად წმინდა სახით თესავენ კარგად განოყიერებულ ბოსტნებში და საკარმიდამო ნაკვეთებში. ეზოებში ის ხშირად მოჰყავთ ვერტიკალურად ღობეებზე, სახლის აივნებსა და სახურავებზე აშვებით. გაშლილ ადგილებში თესავენ ან რგავენ 3X1,55-2 მ-ზე ან სხვა სქემით და კვების არეზე.
მუსკატური (თაფლა) გოგრა
მუსკატურ გოგრას უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, ვიდრე დიდნაყოფას. მისი ნაყოფები მდიდარია შაქრებით – (საშუალოდ 8-10%) და კაროტინით (10-20 მგ%), მაგრამ მის გავრცელებას ხელს უშლის სითბოსადმი მაღალი მოთხოვნილება. აღნიშნულის გამო, ჩვენში გავრცელებულია ძირითადად თბილისის საგარეუბნო ზონაში (მარნეული, გარდაბანი), სადაც ცხელი და მშრალი ჰავაა.
მუსკატური გოგრის ნაყოფს აქვს 8-ის მაგვარი ფორმა. ამიტომ მას ხურჯინა გოგრასაც უწოდებენ. კანი თხელი, ყვითელი ან მოწითალო-მიხაკისფერია. ხშირად ნაყოფს თავიდან აქვს მომწვანო ბადისებური ან ზოლებიანი ნახატი, რომელიც თანდათანობით ერთმანეთს ერწყმის და ღებულობს მთლიან ჟანგმიწისფერს. თესლბუდე მოთავსებულია ნაყოფის ქვედა ნაწილში, ყელი მთლიანად ხორციანია (ბითუმია). თესლი წააგავს მაგარკანიანი გოგრის თესლს, ხშირად უფრო წვრილია. აქვს ოვალური ფორმა, მოთეთრო-მორუხო შეფერვა და მკვეთრად გამოხატული არშია. ითესება ან ირგვება 2-2,5X1,5-2 მ კვების არეზე.
მაგარკანიანი ანუ ხოკერა გოგრა
მაგარკანიანი გოგრა გვხვდება მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი დასავლეთში. მისი ნაყოფი საკმაოდ მდიდარია შაქრებით და კაროტინით, მაგრამ მოსავლიანობით და რბილობის სისქით ჩამორჩება დიდნაყოფა და მუსკატურ გოგრებს.
ამ სახეობის გოგრისათვის დამახასიათებელია მაგარი კანი, რომელიც შედგება სკლერენქიმური ქსოვილისაგან. მაგარი კანი ჯავშანივით იცავს ნაყოფს მექანიკური დაზიანებისაგან, ხელს უწყობს მის ტრანსპორტაბელობას და შენახვის ხანგრძლივობას.
გარდა ნაყოფის სიმკვრივისა, დიდნაყოფა გოგრისგან განსხვავებით, ფოთლის ფირფიტა უფრო მეტადაა დანაკვთული და მისი ზედა ნაწილი და ყუნწი დაფარულია უხეში, მჩხვლეტავი ქაცვებით. ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერვა სხვადასხვაგვარია. შეიძლება იყოს მრგვალი, მობრტყო, მოგრძო ცილინდრული, ელიფსური და სხვა. ზედაპირის მთელ სიგრძეზე ხშირად გასდევს სხვადასხვა სიდიდის ამონაბორცვი. შეფერვა შეიძლება ჰქონდეს ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ჟანგმიწისფერი. შეფერვა ჭრელი ან მთლიანია. თესლი საშუალო ზომისაა, ბრტყელი, ელიფსის ფორმის, გამოკვეთილი სქელი არშიით და ნისკარტით. თუმცა მაგარკანიან გოგრის ჯიშებში გვხვდება უკანო თესლებიც, რომელთა თესლს მხოლოდ ნისკარტთან აქვთ ოდნავ გამაგრებული კანი და დანარჩენ ნაწილს კი გადაკრული აქვს მეტად თხელი, სიფრიფანა აპკი.
მაგარკანიანი გოგრის გავრცელების ვერტიკალი უფრო მაღალია, ვიდრე დიდნაყოფა და მით უმეტეს მუსკატური გოგრის. ამიტომ ჩვენში მთიან ზონაშიც მოჰყავთ. გარდა გაშლილი ადგილებისა, ჩვენში ხოკერა გოგრა ხშირად მოჰყავთ სიმინდთან შეთესვით.
მოვლითი ღონისძიებები სხვა სახეობის გოგრების ანალოგიურია. მაგარკანიან გოგრებს მიეკუთვნება აგრეთვე ყაბაყი და პატისონი.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი