აგროსიახლეები

იაპონია-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე თბილისში იმსჯელეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (JGCCI) პრეზიდენტს, ტადაჰარუ უეჰარას, თბილისში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და კონკრეტულად — იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

„ყოველთვის სასიამოვნოა ჩვენი ქვეყნის ძველ და კარგ მეგობართან შეხვედრა. მადლობას გიხდით იაპონიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო იქნება,“ — განაცხადა მინისტრმა სონღულაშვილმა.

ტადაჰარუ უეჰარამ, რომელმაც წარსულში ელჩის თანამდებობაც ეკავა, აღნიშნა, რომ საქართველო მისთვის მეგობრობის, სითბოსა და პარტნიორობის ქვეყანაა: „JGCCI-ს გვსურს, ვიქცეთ ერთგვარ ხიდად, რომელიც ხელს შეუწყობს იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.“

შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლაც ესწრებოდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ინვესტიციების მოზიდვის, ცოდნის გაზიარებისა და ბაზრებზე წვდომის გამარტივების მნიშვნელობა.