აგროსიახლეები

იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს

კასპის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სოფელ იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში  100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს.
ინიციატივას საფუძვლად უდევს ფრინველთა უნიკალური სახეობების შენარჩუნება და საქართველოს ბიომრავალფეროვნების გამდიდრება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფრინველები ფონდმა „ქართუმ“ გადასცათ. 

„ქართუ“ ფონდის აღნიშნული საშენი წლებია მუშაობს ქართული ფლორისა და ფაუნის გამდიდრებაზე, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობის პოპულაციის აღდგენაზე.

გნოლებისა და კაკაბების ბუნებაში გაშვებას წინ უძღოდა ერთთვიანი ადაპტაციის ეტაპი, ფრინველები სპეციალურად მოწყობილ ვოლიერში, ტყის ეკოსისტემასთან ახლოს, ეგუებოდნენ ახალ გარემოპირობებს.

ვოლიერის მოწყობა და ფრინველების მოვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ხუციშვილმა უზრუნველყო .

ფინველების ველურ ბუნებაში გაშვების პროცესში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძე, ასევე კლუბ „ლეგიონისა“ და „იბერიის“ წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე მრავალი წელია აფინანსებენ უნიკალური ფრინველთა ჯიშების გამრავლებასა და მათ შემდგომ გაშვებას ბუნებაში. მათი მხარდაჭერით კოლხური ხოხობის პოპულაცია, რომელიც ერთ დროს გადაშენების პირას იმყოფებოდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი ბინადრობს.

იგოეთთან განხორციელებული აქცია არა მხოლოდ კონკრეტული ლოკალური ინიციატივაა, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების განმტკიცების პროცესის ნაწილი. გნოლისა და კაკბის გაშვება კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომელიც ბუნებრივ ეკოსისტემებს გაძლიერებას ემსახურება, ხოლო საზოგადოებისთვის პასუხისმგებლობისა და გარემოზე ზრუნვის მაგალითია.