ილტოს წყალსაცავი კახეთის ამ ზონაში მორწყვის პრობლემას გადაწყევტს
ილტოს წყალსაცავი კახეთის ამ ზონაში 45 ათასი ჰექტარი მიწის გასარწყავიანებას შეძლებს და ხეობის მცხოვრებთა სოციალ-ეკონომიკურ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის.
გლობალური დათბობისა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, წყლის რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენება სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, წყალსაცავების და საირიგაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაწყებულია კვლევა არსებული და ახალი საირიგაციო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, მათ შორის არის ილტოს წყალსაცავი კახეთში, რომლის მოცულობა 80 მილიონ კუბურ მეტრს აჭარბებს, დედოფლისწყაროში დალის მთის წყალსაცავი (140 მლნ/მ3).
ილტოს ხეობაში წყალსაცავის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიგეგმა და დაიწყო, გარკვეული სამუშაოები შესრულდა კიდეც, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო (საბჭოთა კავშირის დაშლა) შეჩერდა.
მდინარე ილტო _ალაზნის მარჯვენა შენაკადი, სათავეს კახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2129 მ. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 337 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარების, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალნაკლულუბა – ზამთარში.
ზაფხულსა და შემოდგომაზე ახასიათებს წყალმოვარდნები. საშუალო დებეტი, ხარჯი 6,5 მ3/წმ. ილტოდან გაყვანილია „მატანის არხი“, რომელიც 1190 ჰა მიწას რწყავს.
ილტოს წყალსაცავი კახეთის ამ ზონაში 45 ათასი ჰექტარი მიწის გასარწყავიანებას შეძლებს, თანამედროვე სარწყავი სისტემების და ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში წყლით უზრუნველყოფილი ფართობების მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო დალის მთის წყალსაცავის სრულად ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონს გვალვისგან მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირება იქნება შესაძლებლობა.
ილტოს წყალსაცავზე ასევე დაგეგმილია საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა.
მდინარეზე წყლის ყველაზე მცირე დებეტის დროსაც კი (აგვისტო-თებერვალი) ჰესი 11-12 მეგავატი სიმძლავრით მუშაობას შეძლებს.
წყალსაცავი რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაპროექტდა 300 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას იკავებდა, წყალსაცავის მოცულობა კი 85 მილიონ კუბურ მეტრს აჭარბებდა.
ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობისთვის იმ დროისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა _ 55 მილიონი მანეთი (1 მანეთი = 0,69$) იყო გამოყოფილი.
წყალსაცავი, რომლის სიმაღლე 118 მეტრია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში აშენდება, ბევრი დადებითი შედეგი ექნება და, რაც მთავარია, ილტოს ხეობის სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ახმეტიდან, ნესტან გუგუშვილი,
სექტემბერი, 2021წ.