მე და ჩემი სოფელიმედიასტატიები

როგორ განვავითაროთ და გავამდიდროთ სოფელი

ინოვაციებზე დაფუძნებული, სოციალურად გამრთული სოფელი და სოფლის მეურნეობა

გადატვირთული დედაქალაქი, განუვითარებელი სოფელი, უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი მოსახლეობა, არასასურველი დემოგრაფიული პერსპექტივა (რაც მემკვიდრეობაა), წარმოადგენენ პრობლემებს რომელთა გადაჭრასაც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ პრობლემათა გადაჭრის გზა ეკონომიურად ძლიერი ქვეყნის შექმნაზე გადის. იმ რესურსებიდან კი, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანონ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში, მიწის რესურსებია. თუ როგორ ეფექტურადაა გამოყენებული აღნიშნული რესურსი, მეტყველებს ეკონომიკური კვლევის ცენტრის შემდეგი სტატისტიკური მონაცემები: სოფლის მეურნეობის დარგი, სადაც მოსახლეობის 50%-ია დასაქმებული, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8%ს აწარმოებს, ხოლო გადამმუშავებელი მრეწველობის წილი 4%-ია.

ცნობილია შემდეგიც და სავალალო სტატისტიკაც:
1 ამერიკელი ფერმერი 79 თანამოქალაქეს კვებავს;
ევროპელი საშუალოდ _ 67-ს, რუსი 15-ს;
ხოლო ქართველი _ 0,85-ს, ე.ი. თავის თავსაც ვერ ირჩენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მოვახდენთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების კლასიფიკაციას, თავისი აქტუალობის მიხედვით, სოფლის განვითარება უნდა იქცეს მთავარ გამოწვევად, რადგან მისი გადაჭრა საფუძველს დაუდებს სხვა მრავალი პრობლემის მოგვარების პროცესს და ქვეყანა დაადგება კრიზისიდან გამოსვლის გზას.

პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის შემოთავაზებული მიდგომა როდესაც ვლაპარაკობთ სოფლის განვითარების პრობლემის გადაჭრაზე, საჭიროა აიხსნას პრობლემის წარმოშობის მიზეზები, საიდანაც უმთავრესი საბჭოთა პერიოდში სოფელში არსებული გლეხური მეურნეობების ბაზაზე (მათი სურვილის მიუხედავად) შექმნილი საბჭოთა კოლმეურნეობებია, რომლებიც განვითარდა გეგმიური (არა საბაზრო) ეკონომიკის პირობებში და საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში დიდი საბჭოური კორუფციული სისტემის ნაწილი იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ზემოთაღნიშნულის მიუხედავად, სწორი რეფორმების შემთხვევაში არსებობდა ყველანაირი რესურსი, რათა არსებული სავალალო მდგომარეობა თავიდან აგვეცილებინა, თუმცა, გადატრიალების შედეგად მოსული ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ძარცვას და ქურდობას „პრივატიზება“ დაარქვა, განიავდა კოლმეურნეობების ბალანსზე არსებული ყველა რესურსი, გაიძარცვა საბჭოური ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თუმცა, მომუშავე გადამმუშავებელი მრეწველობა, რის შედეგადაც მივიღეთ სოფლები, სადაც დასახლებულია გაღატაკებული, უმოტივაციო მოსახლეობა დაქუცმაცებული, განუვითარებელი ოჯახური მეურნეობებით (ამჟამად იწოდებიან, როგორც ფერმერული მეურნეობები).

ასეთი „რეფორმის” შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ ათწლეულში 2-ჯერ შემცირდა, 2004-2012 წლებში კი _ კიდევ 2-ჯერ, რაც მაშინდელი ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სრული იგნორირებით, ბედის ანაბარად მიტოვებით უნდა აიხსნას (ერთ სულ მოსახლეზე სოფლის მეურნეობის დაფინანსებით ბოლო ადგილზე ვიყავით მსოფლიოში, ქვეყანაში იწარმოებოდა ადგილობრივი მოხმარებისთვის საჭირო სასურსათო პროდუქციის 1/3, ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა იყო 1:5).

დადებითად უნდა ჩაითვალოს, რომ შემდგომმა ხელისუფლებამ დაინახა სოფლის განვითარების პრობლემის აქტუალობა და სხვადასხვა დახმარებებისა და პროგრამების მეშვეობით ეცადა სირთულეების მოგვარებას, რამაც მდგომარეობის გამოსწორების გარკვეული ტენდენციები გამოავლინა, თუმცა, ბუნებრივია, ამდენად შორს წასული სატკივარის გადაჭრა ამ მიდგომებით ვერ მოხერხდებოდა და შესაბამისად დღის წესრიგში დადგა სრულიად ახალი მიდგომის აუცილებლობა.

მიგვაჩნია, რომ გამოსავალი პრობლემის გადაჭრისა ინოვაციებზე დაფუძნებული, სოციალურად ორიენტირებული, მრავალპროფილიან საწარმოებზე ბაზირებული კვების მრეწველობის ორგანიზებაშია, რომელიც ადგილობრივი სანედლეულო რესურსებიდან უზრუნველყოფს განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებას. ასეთი მიდგომის შედეგად ქვეყანა გახდება „მწარმოებელი“ და არა „მომხმარებელი“, როგორიც ამჟამადაა.
თანმიმდევრობით გავაანალიზოთ აღნიშნული ფორმულირებები:

1. ინოვაციებზე დაფუძნებული;
2.მრავალპროფილიან საწარმოებზე ბაზირებული;
3.სოციალურად ორიენტირებული.

1. ქართული გადამმუშავებელი მრეწველობის განუვითარებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ „მისი ექსპორტი ვერ ასცდა ღვინისა და მინერალური წყლების წარმოებას“, ანუ წარმოებული პროდუქტების მრავალფეროვნების თვალსაზრისით ჩვენი მრეწველობა ძალიან ღარიბია. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის კლიმატური პირობები შესაძლებლობას ქმნის ამ თვალსაზრისით ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით მოწინავე ვიყოთ.

საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სასაქონლო სახით ჩამოუვარდება უცხოურს, თუმცა, შესაძლოა ეკოლოგიური, ბიოქიმიური და ორგანო-ლეპტიკური თვისებებით უმჯობესიც კი იყოს, რაც განპირობებულია ქვეყნის კლიმატური პირობებით. ამასთან გვაქვს ბუნებრივი სასუქების მნიშვნელოვანი რეზერვი, რაც ბიოაგრო წარმოებაზე და ბიომრეწველობაზე გადასვლის კარგ პირობას ქმნის.

როცა ვლაპარაკობთ საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ეფექტიანად გამოყენებაზე, ვფიქრობთ განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე უკვე არსებული პროდუქტების წარმოებით „შორს ვერ წავალთ“, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გამოვიყენოთ ჩვენთან წარმოებული საოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზემოაღნიშნული უპირატესობა და თანამედროვე ტექნოლოგიებით ვაწარმოოთ ინოვაციური ე.წ. „ჯანმრთელი პროდუქტები“, რომელიც ორგანოლეპტიკური, ეკოლოგიური, სამკურნალო-დიეტური და ორიგინალური მიმზიდველობით დააკმაყოფილებს ევროპელი და ამერიკელი მომხმარებლის მოთხოვნასა და ინტერესს.

ამ მიზნით ჩვენ დავამუშავეთ რამდენიმე ახალი პროდუქტი, რომლებიც იწარმოება ადგილობრივი ნედლეულიდან და წარმოადგენს ინოვაციებს: მეხილეობაში, მეჩაიეობაში, მევენახეობაში, აგრეთვე დაფნის წარმოებაში (რამდენიმე მათგანი დაპატენტებულია გამოგონებაზე).
მეხილეობაში შექმნილი ინოვაციური პროდუქტია ფორმირებული მშრალი ხილი, რომელსაც შიგთავსის სახით ემატება: თხილი, კაკალი ან სხვა ნატურალური დანამატი; მევენახეობაში შექმნილია ე.წ. უძაფო ჩურჩხელა (პროდუქტის წარმოებისას გამოირიცხება კაკლოვანთა ძაფზე აცმის შრომატევადი პროცესი, ხოლო სამკურნალო-დიეტური თვისებების გაუმჯობესების მიზნით ცომეული ჩანაცვლებულია ნატურალური, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე დანამატებით; მეჩაიეობაში შექმნილია ახალი სახის ე.წ. ელიტური, ყვავილოვანი ჩაის სახვადასხვა ვერსიები, რომელთაც ორგანოლეპტიკურ ღირსებებთან ერთად აქვს ძალიან ეფექტური მიმზიდველი სასაქონლო სახე; ვაკუუმური ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულია ე.წ. გლუვზედაპირიანი, მწვანედ გამშრალი დაფნა, რომლის ამერიკული ანალოგები დაფასოებული მინის ქილებში 4გ 5$-ია.1კგ.

შექმნილია ასევე ახალი პროდუქტი ე.წ „სწრაფხსნადი ტყემლის საწებელი” (ტყემლის საწებლის მშრალი კონცენტრატი). სიახლე წარდგენილია გამოგონებაზე საქპატენტში. ტრადიციული მეთოდებით მიღებულ პროდუქტთან შედარებით, ახალი პროდუქტის უპირტესობაა ის, რომ ხარშვა, როგორც არასასურველი ტექნოლოგიური პროცესი, ჩანაცვლებულია შრობით (ვაკუუმური ან სუბლიმაციური), რის შედეგადაც პროდუქტი მარტო ორგანოლეპტიკურად კი არა, ბიოქიმიური შემადგენლობითაც უმჯობესდება და საერთოდ გამოირიცხება შენახვის ვადის გამახანგრძლივებელი კონსერვანტების გამოყენება. პროდუქტი ფხვნილის სახით იფუთება ერთჯერად პაკეტებში, მცირდება ტრანსპორტირების ხარჯები. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ახალი სახის პროდუქტების ლაბორატორიული ნიმუშებითაც კი გამოვიწვიეთ დაინტერესება აშშ-ში, გერმანიასა თუ ლიტვაში.

2. ჩვენი ფერმერული მეურნეობები უცხოელთაგან განსხვავებით მრავალი სახის პროდუქციას აწარმოებენ, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი ნაწილი მალფუჭადია, რაც ამცირებს მის სარეალიზაციო პერიოდს და ფერმერი იძულებულია წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია განახორციელოს ოპერატიულად და, შესაბამისად, დაბალ ფასად. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ე.წ. მრავალპროფილიანი საწარმოების ორგანიზებით, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს ოპერატიულად შეძლონ ყველა სახის პროდუქციის რეალიზაცია, რომელსაც ისინი სეზონზე აწარმოებენ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ცვალებადი კლიმატის პირობებში მიზანშეწონილი არ არის ჩვენი ფერმერები მხოლოდ ერთი სახის პროდუქციას აწარმოებდნენ. ამასთან, შეძლებენ მოსავლის აღების შრომატევადი პროცესი მთელ სეზონზე გადაანაწილონ, თავიდან აიცილონ სიმძლავრეების მოცდენა და მუშახელი პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ჰყავდეთ დასაქმებული.

3. ქვეყნის ეროვნული ინტერესები მოითხოვს, უმოკლეს ვადაში მოგვარდეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რაც, ჩვენი აზრით, შესაძლებელია სოციალურად ორიენტირებული გადამმუშავებელი მრეწველობის ორგანიზებით, ანუ ეკონომიური თვალსაზრისით ისეთი აგრო-სამრეწველო სისტემის ჩამოყალიბებებით, რომელიც დააინტერესებს ფერმერს სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების მიზნით გააფართოოს მეურნეობა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ ფერმერის ინტერესი გათვალისწინებული იქნება წილის სახით იმ მოგებაში, რომელიც მიიღება ზემოთაღნიშნულ მრავალპროფილიან საწარმოში გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად. ამ შემთხვევაში შეიქმნება ე.წ. მეწარმე ფერმერების კატეგორია, რომლებიც მოტივირებულნი იქნებიან გააფართოონ თავიანთი მეურნეობა და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური პირობები.

შემოთავაზებული ახალი მიდგომის პრაქტიკული რეალიზაციის ორ ვერსიას განვიხილავთ:

I სოფლად ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობებს ვთავაზობთ გაერთიანდნენ გამსხვილებულ კოოპერატივებში (სიდიდისა და რესურსების მიხედვით კოოპერატივში შეიძლება გაერთიანდეს 1,2,3 ან რამდენიმე სოფელი) და ფინანსური დახმარებების ნაცვლად ვთავაზობთ ზემოაღნიშნული მრავალპროფილიანი საწარმოს ორგანიზებას, რომელიც მათი საკუთრება იქნება, ანუ ვთავაზობთ ე. წ. აგროფირმის ორგანიზებას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ნედლეულის წარმოებას, ასევე მის გადამუშავება-რეალიზაციას. პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება ნაწილდება ფერმერებზე ჩაბარებული ნედლეულის რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით. მოგების წილი განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც აფორმებს ფერმერი კოოპერატივთან.

აგროფირმას მართავს ფერმერების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული მენეჯერი თავის აპარატთან ერთად, რომლის მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს ფერმერების მიერ არჩეული სამეთვალყურეო საბჭო.

II მეორე ვერსიის მიხედვით ვთავაზობთ ე. წ. მუნიციპალური მრავალპროფილიანი საწარმოების ორგანიზებას, რომელიც ფერმერებთან აფორმებს ხელშეკრულებას მათ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის მიწოდებაზე. ფერმერების მოტივირება ამ შემთხვევაში ხდება მოგებიდან გარკვეული წილობრივი უზრუნველყოფით ან პრემიალური წახალისებით. დარგის კრიზისიდან გამოყვანის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს უკვე მომგებიანი საწარმოს პრივატიზება.

შემოთავაზებული ეკონომიკური მიდგომების პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად ქვეყნის რეგიონები „დაიფარება“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი საწარმოებით, რომლებიც ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ნედლეულიდან აწარმოებენ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, სხვადასხვა ახალი სახის, მაღალი კვებითი ღირებულებების მქონე პროდუქტებს, რომელთა რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება გადანაწილდება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.

ადვილი წარმოსადგენია სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი, რომელიც მიიღწევა წარმოდგენილი წინადადების პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად:

1. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილობრივი უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გადამმუშავებელი მრეწველობის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებულ მოგებაში არა მარტო გამოიყვანს მათ ეკონომიკური კრიზისიდან, არამედ გახდის მოტივირებულს, რათა გააფართოონ მეურნეობა კიდევ უფრო დიდი მოგების მიზნით. ანუ ამჟამად დოტაციაზე მყოფი სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გახდება ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების შემომტანი;

2. მრავალი სამუშაო ადგილის შექმნა, რასაც უზრუნვლყოფს მრავალპროფილიანი საწარმოების ორგანიზება, განაპირობებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მასიურ დასაქმებას (მათ შორის ინჟინრების, ეკონომისტების, აგრონომების და სხვა), ხოლო შედეგად დაიწყება უკუმიგრაციის პროცესი, ანუ გადაიჭრება აგრეთვე ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა რასაც ქვეყნის „დეთავკომბალიზაცია“ ჰქვია, ანუ განიტვირთება დედაქალაქი.

3. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად სოფლად განვითარდება ინფრასტრუქტურა, შეიქმნება გასართობი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას;

4. გაიზრდება ექსპორტი, შემცირდება იმპორტი, რაც დადებით გავლენას მოახდენს ეროვნული ვალუტის გამყარებაზე;

5. ეკონომიკურად მდგრადი, აგროსამრეწველო სისტემის ჩამოყალიბება შექმნის წინაპირობას ეფექტიანად იქნას გამოყენებული ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი სამეცნიერო პროდუცია.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ცნობილი მეცნიერის, ბატონ რამაზ გახოკიძის მიერ შექმნილ ბიოენერგოაქტივატორს _ ბიორაგს, რომელსაც მრავალმხრივი დადებითი თვისებებით ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. იგი ყოველგვარი მინერალური სასუქების, პესტიციდებისა და შხამქიმიკატების გამოყენების გარეშე უხვ მოსავალთან ერთად იძლევა შესაძლებლობას დამზადდეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი კვებითი ღირებულების და ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენებით წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქტები შესაძლებელია ვაწარმოოთ როგორც ორგანული (ბიო).

ამით მივაღწევთ იმას, რომ სიტყვა „ქართული“ გახდება ბრენდი, ასოცირებული „ჯანმრთელ“ კვებასთან. აღნიშნულის შედეგად წარმოებული პროდუქცია გახდება კიდევ უფრო პოპულარული და ძვირადღირებული უცხოურ ბაზარზე;

6. ქვეყანაში „ჯანმრთელი“ კვების პროდუქტების წარმოება დადებით გავლენას მოახდენს ტურიზმის განვითარებაზე;

7. სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მკვეთრი გაუმჯობესება გამოიწვევს კრიმინალის შემცირებას, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე დამატებით სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებების გატარებით შევძლებთ მოვახდინოთ დემოგრაფიული კატასტროფის პრევენცია.

შემოთავაზებული ახალი მიდგომის ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია საწყის ეტაპზე საპილოტე პროექტის განხორციელება და მაღალი ეფექტის მიღების შემდეგ მისი ფართო მასშტაბით დანერგვა.

გიორგი მუხაშავრია,
ინჟინერ-გამომგონებელი