ინფრასტრუქტურის მინისტრი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში იმყოფებოდა
იმერეთის რეგიონში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენითი და პრევენციული სამუშაოები გრძელდება.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკანიანი.
მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები. რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა სრულად ჩართულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესში და მათ უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად მუშაობს დაზარალებულების საცხოვრისის საკითხზე ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი სახლი ან შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია.
სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძემ ადგილზე დაათვალიერა მდინარე ყარნაზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგვისტოდან ახორციელებს წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია-პრევენციის ღონისძიებებს.
მუნიციპალიტეტის დაკვეთით უკვე მომზადებულია სოფელ ხემაღალასა და ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის სტაბილურობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტების – გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობისა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის სამუშაოები.
სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

