ის, რაც უნდა ვიცოდეთ _ ფრინველის (ქათმის) ბიოლოგიური თავისებურებები
ფრინველი ხერხემლიან ცხოველთა კლასს მიეკუთვნება, რომელთა ტანი შემოსილია ბუმბულით.
ბიოლოგიური თვალსაზრისით ფრინველისთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია ფრენის შესაძლებლობა, რაც მას სხვა ჯგუფის ხერხემლიანებისგან განასხვავებს.
ფრენის დროს ფრინველი უამრავი მოძრაობას ასრულებს და დიდ ენერგიას კარგავს, უძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, რაც განაპირობებს ფრინველის სხეულის მუდმივად მაღალი ტემპერატურის _ 38-42,2 გრადუსის შენარჩუნებას. ყოველივე ეს კი მოითხოვს გულის მძლავრ მუშაობას. მაგალითად, ქათმისმაგვართა გულისცემის სიხშირე წუთში 128-340 დარტყმას აღწევს, ხოლო ღორის და ძროხის _ 50-80 დარტყმას.
ფრინველის მოძრაობა დაკავშირებულია კუნთების ინტენსიურ მოქმედებასთან. ყველაზე მეტად განვითარებულია მკერდის კუნთები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ფრთების მოძრაობაში, ფრთები მიერთებულია მკერდთან და ფრინველის მთლიანი მასის 15-20% შეადგენს. მსხვილი კუნთები, რომლებიც ფეხების მამოძრავებელია, მიერთებულია მენჯის ძვალთან. დასახელებული კუნთები განლაგებულია ტანის სიმძიმის ცენტრთან ახლოს, რაც ფრინველს ფრენისას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.
გახსოვდეთ!
- ფრინველს არ აქვს საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები. გამონაკლისია კუდუსუნის ჯირკვალი, რომელიც ცხიმოვან სეკრეტს შეიცავს. ფრინველი ნისკარტის საშუალებით იღებს კუდუსუნის ჯირკვლიდან ცხიმს და ისვამს ფრთებზე, რის გამოც იგი წყალში არ სველდება.
- ფრინველის კანი თხელია, იგი დაფარულია ღინღლითა და ბუმბულით, რომელიც ფრინველს ორგანიზმის მუდმივ ტემპერატურას უნარჩუნებს.
- ფრინველი გარკვეული დროის შემდეგ ბუმბულს იცვლის. ამ პროცესს განგურიეწოდება. განგურის დროს სხეულის მასა მცირდება. ბუმბულის ცვლაზე დიდ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც ბუმბულის ზრდა-განვითარებას არეგულირებს. განგურის დროს ფრინველს ესაჭიროება დიდი რაოდენობით ცილები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. განგური დაახლოებით 2 თვე გრძელდება.
- ფრინველს გააჩნია მფარავი და საფრენი ბუმბული, რომელიც მოთავსებულია ფრთებზე და იყოფა პირველად და მეორად საფრენ ბუმბულად. პირველადი საფრენი ბუმბული 10-ია, მეორადი -14, მათ შორის არის პატარა სასაზღვრო ბუმბული. პირველი ბუმბული ამოვარდება სასაზღვრო ბუმბულის ახლოს. თითოეულ შეცვლილ ბუმბულს 10%-ით აღნიშნავენ, შეცვლილი ბუმბულების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რამდენი პროცენტით მიმდინარეობს განგური.
- დედალი წიწილა უფრო სწრაფად იბუმბლება, ვიდრე მამალი.
- ქათმის ყველაზე დიდი ბიოლოგიური თვისება ის არის, რომ ნაყოფი ვითარდება კვერცხში დედის ორგანიზმის გარეშე.
- ფრინველს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ აქვს საოფლე ჯირკვლები. სითხის გამოყოფა ხდება სასუნთქი ორგანოებით. ამიტომ მაღალ ტემპერატურაზე ქათამს პირი აქვს ღია.
- ფრინველს კარგი სმენა და ხედვა აქვს. ქათმის ხედვის არეალი 300 გრადუსია, იხვის _ 360. მახვილი ხედვა განპირობებულია იმით, რომ თვალის ბადეზე აქვს 2-3 მგრძნობიარე ადგილი, რომლებშიც თავმოყრილია დიდი რაოდენობით მგრძნობიარე უჯრედები, რომლებიც მხედველობის ნერვის დაბოლოებებია. შედარებისთვის, ადამიანს ასეთი მხოლოდ ერთი რგოლი აქვს, ამიტომ ფრინველის მზერა 4-5 ჯერ უფრო მახვილია ადამიანისაზე.
ფრინველის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ძლიერად მიმდინარეობს, რაც მოითხოვენ დიდი რაოდენობით საკვებს, რომელსაც ფრინველები სწრაფად ითვისებენ.
საკვები ნივთიერებები და მათი როლი ფრინველის ორგანიზმისათვის
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სხეული შედგება წყლისგან და მშრალი ნივთიერებისაგან. მშრალი ნივთიერება იყოფა ორგანულ და მინერალურ ნაწილად. ორგანული ნივთიერება შედგება აზოტშემცველი (პროტეინი) და უაზოტო (ნახშირწყლები და ცხიმები) ნივთიერებებისაგან.
ცილები – ნებისმიერი ცხოველის ორგანიზმის ძირითად შემადგენელ ნაწილად ითვლება პროტეინები (ცილები). ისინი საჭიროა ფრინველის სხეულის ქსოვილის ასაშენებლად.
ორგანიზმში მოხვედრილი ცილები იშლება ამინომჟავებად, ამინომჟავები სისხლით გადანაწილდება მთელ სხეულში და ფრინველის ორგანიზმის სპეციფიკურ ცილის წარმოსაქმნელ საშენ მასალად გამოიყენება. ცილები მოიპოვება საკვებიდან, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა რაოდენობის და სახის ამინომჟავებს.
საკვების ხარისხი განისაზღვრება მასში შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით და არა, საერთო ცილის რაოდენობით. ამიტომ საკვების ეფექტიანი გამოყენებისთვის საჭიროა რაციონი დაბალანსებული ამინომჟავებით შევადგინოთ.
ფრინველის ორგანიზმში ამინომჟავების მარაგი არ იქმნება, ამიტომ აუცილებელია მათი მიცემა დროულად და საჭირო დოზით.
მცენარეული და ცხოველური ცილები შედგება 20 სხვადასხვა ამინომჟავისგან. მათგან 10 (ლიზინი, მეთიონინი, ტრიპტოფანი, არგინინი, ცისტიდინი, ტრეონინი, ფენილალანინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი ) შეუცვლელია.
ყველა ამინომჟავიდან პირველხარისხოვნად ითვლება: ლიზინი, ტრიპტოფანი, მეთიონინი და ცისტინი.
ამინომჟავები უზრუნველყოფს არა მარტო ცილის, არამედ ფერმენტების, ჰორმონების და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზს.
ცხოველური წარმოშობის ცილებს (ხაჭო, რძე, ქათმის კვერცხი, მწერები და მათი მატლები) აქვთ ბევრად უფრო მდიდარი ამინომჟავების შემადგენლობა, ვიდრე მცენარეულს. ფრინველისათვის აუცილებელია ცხოველური საკვების მიცემა, თუმცა, ცხოველური საკვები ძვირია, ამიტომ საკვებში ამატებენ მცირე რაოდენობით-10%-მდე, დანარჩენი პროტეინი მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეებით ან მცენარეული შროტით ივსება.
ნახშირწყლები და ცხიმები- ფრინველის ორგანიზმის მთავარი ენერგეტიკული მასალაა, რომლებიც გარდაიქმნება ბიოლოგიურ ენერგიად. ნახშირწყლები გლიკოგენების სახით მარაგად გროვდება ღვიძლსა და კუნთში. ასევე, ცხიმების სახითაც. აუცილებლობის დროს (ავადმყოფობის ან შიმშილის პერიოდი) გამოიყენებიან ორგანიზმის მიერ ენერგიის შესავსებად.
ცხიმებში შედის ცხიმში ხსნადი ვიტამინებიც, რომლებიც მხოლოდ მათთან ერთად ხვდება ორგანიზმში.
ცხიმები დიდი რაოდენობით ენერგიის მატარებელია, ვიდრე ცილები და ნახშირწყლები. ცხიმების ბიოლოგიური ფასეულობა ის არის, რომ შეიცავს რიგ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არ წარმოიქმნება და შეუვსებლად ითვლება.
ცხიმები აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ზრდის კვერცხმდებლობას, შებუმბვლას და უზრუნველყოფს ხორცის მაღალ ხარისხს.
ცხიმის ძირითადი წყაროა: შროტები, პარკოსნები, სიმინდი, ცხოველური საკვები, მცენარეული და ცხოველური ცხიმები.
მცენარეულ საკვებში ნახშირწყლები წარმოდგენილია სახამებლით, შაქრით, უჯრედანით.
უჯრედანა – მცირე რაოდენობის უჯრედანა ესაჭიროება ნებისმიერი ასაკის ფრინველს, როგორც მექანიკური საშუალება, უფრო ღირებული საკვების გადასამუშავებლად.
მინერალური ნივთიერებები – ფრინველის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია არა მარტო პროტეინებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე, არამედ მინერალურ ნივთიერებზეც, რომლებიც ნებისმიერი საკვები ულუფის შემადგენელ ნაწილად ითვლება.
ფრინველის ულუფა დაბალანსებული უნდა იყოს მინერალური ნივთიერებებით: კალციუმით, ფოსფორით, ნატრიუმით და მიკროელემენტებით: მანგანუმით, თუთიით, იოდით, რკინით, სპილენძით, კობალტით.
მინერალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფრინველის ორგანიზმის სტრუქტურული ნაწილისა და ქსოვილის მშენებლობაში.
ვიტამინები – ორგანიზმში ყველა ბიოლოგიური რეაქციის კატალიზატორია, რომლებიც მცირე დოზებით აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისთვის.
მიკროელემენტების კომპლექსში ვიტამინები ხელს უწყობენ ორგანიზმში აუცილებელი სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობას. მათზეა დამოკიდებული ბიოლოგიური ზრდა, ჯანმრთელობა, პროდუქტიულობა. ვიტამინები აუცილებლად უნდა მოხვდეს საკვებთან ერთად, რამდენადაც ბევრი მათგანი ორგანიზმში არ სინთეზირდება.
განასხვავებენ ცხიმში და წყალში ხსნად ვიტამინებს.
ცხიმში ხსნადი ვიტამინებია: ვიტამინი A (რეტინოლი), ვიტამინი D (კალციფეროლი), ვიტამინი E (ტოკოფეროლი), ვიტამინი K (ფილლოხინონი).
ცხიმში ხსნადი ვიტამინები ხელს უწყობს ცხიმებისა და ცხიმოვანი მჟავების დაშლას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
წყალში ხსნადი ვიტამინებია: ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), B ჯგუფის ვიტამინები – B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი) B4 (ქოლინი)-თანამედროვე კლასიფიკაციაში B4 ვიტამინად არ ითვლება, B5 (პანტოთენის მჟავა), B6 (პიროდოქსინი ჰიდროქლორიდი), B12 (ციანკობალამინი), BC (ფოლიუმისის მჟავა).
ფრინველში ვიტამინების მოთხოვნა დამოკიდებულია ასაკზე. მცირე ასაკისას ბევრი სჭირდებათ. ასევე, სტრესული სიტუაციის დროს მათზე მოთხოვნა იზრდება.
ვიტამინი A – ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერებაა, კანის დამცავი ფუნქციის მატარებელი, ინფექციის საწინააღმდეგო და გამრავლებისთვის აუცილებელი. აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, საკვებზე მოთხოვნილებას. დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და სასუნთქ გზებზე.
გვხვდება მცენარეულ საკვებში-სტაფილო, ბალახის ფქვილი და მწვანე მცენარეები. ძირითადი წყაროა რძე და რძის პროდუქტები, თევზის ზეთი, კაროტინი.
ვიტამინი D – აწესრიგებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლას ორგანიზმში. პასუხისმგებელია ძვლების ნორმალურ ზრდასა და განვითარებაზე, ხელს უწყობს ნაჭუჭის ჩამოყალიბებას. მისი უკმარისობა იწვევს რაქიტს.
ვიტამინი E – პასუხისმგებელია რეპროდუქციული სისტემის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირების ნორმალიზებასა და გაუმჯობესებაზე. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი (იცავს ორგანიზმს ტოქსინებისა და კანცეროგენებისაგან). აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს C ვიტამინის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ამ ვიტამინით მდიდარია მწვანე ბალახი, ბალახის ფქვილი, მზესუმზირა, პომიდორი, კომბოსტო (ბროკოლი), მცენარეული ზეთები და სოია. ასევე რძის პროდუქტები და კვერცხი.
ვიტამინი K – ხელს უწყობს ღვიძლში პროთრომბინის სინთეზს, სისხლის შედედებას. გვხვდება მცენარეებში (სტაფილო, ისპანახი, პომიდორი, მწვანე ბარდა, იონჯა).
B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებენ ნივთიერებათა შუალედურ ცვლაზე. ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლის რეაქციებში კატალიზატორები არიან – ორგანიზმში არ გროვდება. ამ ვიტამინების დიდი რაოდენობა გვხვდება ქორფა მწვანილსა და მცენარეულ საკვებში, ახალ ბოსტნეულში (კარტოფილი, სტაფილო, ბარდა, სოია), თევზის ფქვილში, კვერცხსა და რძის პროდუქტებში. ასევე მდიდარი წყაროა მარცვლეული კულტურები: წიწიბურა, ხორბალი, შვრიის ფაფა, ქატო.
თითოეული B ჯგუფის ვიტამინი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
B1- ახდენს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას. თიამინის ნაკლებობით, ქათმები განიცდიან კოორდინაციის დარღვევას და შეიძლება გამოიწვიოს თავისა და კისრის კუნთების დამბლა.
B2 -აუცილებელია სასქესო ჯირკვლების და ნერვული ქსოვილების ფუნქციონირების ნორმალიზებისათვის და მონაწილეობს ცილების მეტაბოლიზმში (ნივთიერებათა ცვლა). ის პასუხისმგებელია წიწილების გამოჩეკასა და მათ სწორ განვითარებაზე.
B2 ჰიპოვიტამინოზის (ვიტამინების ნაკლებობა) მთავარი ნიშანია ფეხების დამბლა და კვერცხდების მკვეთრი შემცირება.
B3 – მონაწილეობს ცხიმოვან, ცილოვან და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ანეიტრალებს ტოქსიკურ კომპონენტებს, რომლებიც ორგანიზმში შედის საკვებით. ვიტამინის დეფიციტი გამოიხატება დერმატიტის გაჩენით და ბუმბულის ცვლის დარღვევაში.
B4 – ხელს უწყობს ორგანიზმში გარკვეული ამინომჟავების სინთეზს და პასუხისმგებელია ნერვულ აგზნებადობაზე. მონაწილეობს ღვიძლში ცხიმის მეტაბოლურ პროცესში, ხელს უშლის მის ჭარბ დაგროვებას. B4 -ის ნაკლებობა იწვევს ღვიძლის უჯრედების გადაგვარებას, ქათმების ზრდის შენელებას და პეროზისის შესაძლო განვითარებას.
B5- პასუხისმგებელია მეტაბოლიზმის ნორმალიზებაზე, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების აგზნებადობაზე. ის ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ხელს უწყობს ქსოვილების სუნთქვას.
B6- არეგულირებს ცილების მეტაბოლიზმს და მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ჰისტამინის სინთეზში. ის ახდენს სისხლის წარმოქმნის პროცესების ნორმალიზებას (აუმჯობესებს სისხლის შედედებას, შლის ქოლესტერინს) და პასუხისმგებელია კანის კვებაზე. B6 ხელს უწყობს გულის კუნთის სწორ შეკუმშვას. B6 ვიტამინის დეფიციტით, ცილების მონელება დარღვეულია.
B12- ინარჩუნებს კვერცხის დების მაღალ დონეს, ხელს უწყობს წიწილების გამოჩეკას და მათ სიცოცხლისუნარიანობას.
BC – (ფოლიუმის მჟავა) პასუხისმგებელია ორგანიზმის უჯრედებს შორის მეტაბოლიზმის ნორმალიზებაზე და განუყოფლად ურთიერთქმედებს B12-თან. ის ხელს უწყობს ემბრიონის ნორმალურ განვითარებას და ხელს უშლის ანემიის წარმოქმნას. შეიცავს ახალი ბოსტნეული, მწვანე ბალახი.
ვიტამინი C – კატალიზატორი ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ფრინველები მას წარმოქმნიან ღვიძლში. ეს ვიტამინი ასევე, უზრუნველყოფს უჯრედის სუნთქვას, ამინომჟავების სინთეზს, აუმჯობესებს რკინის შეთვისებას.
გარკვეული ფაქტორების გამო, ქათმებს შეიძლება დასჭირდეს ვიტამინების გაზრდილი რაოდენობა, შეიძლება 2-3 ჯერაც კი, შემდეგ შემთხვევებში:
- ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება (მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების განვითარება);
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები – მზარდი სხეული მოითხოვს ბევრად მეტ საკვებ ნივთიერებებს;
- ტემპერატურის ცვლილებების დროს (განსაკუთრებით საშიშია ტემპერატურის უეცარი მატება).
მიხეილ ჭიჭაყუა,
ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი
„აგრო ექსპერტთა ასოციაცია“
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 01 (148) 2025 წ.