აგროსიახლეები

იტალიაში თხილის ბუმია

იტალიაში თხილის კულტურა წარმოება კვლავ აქტუალური ხდება. მოთხოვნის ზრდა, ახალი კვლევები და რეგიონული მხარდაჭერის პროგრამები მიუთითებს, რომ ეს უძველესი კულტურა ახალ ეტაპზე გადადის და ფერმერებისთვის რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის.
იტალიური სანერგე კომპანია Battistini Vivai, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიონ თხილის ნერგს აწარმოებს და ყიდის, ადასტურებს, რომ თხილის მიმართ ინტერესი აშკარად გაიზარდა.

წარმოების ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 70%, მოდის ცნობილ და ბაზარზე კარგად დამკვიდრებულ ჯიშზე Tonda di Giffoni, ხოლო დანარჩენი 30% სხვა პოპულარულ ჯიშებს მოიცავს, მათ შორის Tonda Romana, Tonda Gentile delle Langhe, Barcelona, Segorbe, Mortarella და Nocchione. ასეთი მრავალფეროვნება ფერმერებს აძლევს არჩევანის საშუალებას, საკუთარი პირობების მიხედვით შეარჩიონ ოპტიმალური ჯიში.

კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით თუ გასულ წლებში ძირითადი მოთხოვნა უცხოეთიდან მოდიოდა, 2025 წლის გაზაფხულიდან სურათი შეიცვალა და თხილის ნერგებზე აქტიური მოთხოვნა თავად იტალიელი მეწარმეებისგან ფიქსირდება. ეს პროცესი მხოლოდ მსხვილ გადამმუშავებელი კომპანიების ინიციატივებს არ უკავშირდება. თხილი კვლავ ბრუნდება იტალიურ კვების ტრადიციაში, ხოლო ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ბევრ ფერმერს სტრატეგიულ არჩევანად ესახება.

თხილის მოყვანა პრაქტიკულად იტალიის თითქმის ყველა რეგიონშია შესაძლებელი, თუმცა დღეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ საკითხს, თუ რომელი ჯიში რომელ კლიმატურ ზონას საუკეთესოდ ერგება. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება და ექსპერიმენტები. რამდენიმე რეგიონმა უკვე ჩართო თხილის კულტურა საკუთარ რეგიონულ განვითარების გეგმებში და  შესაბამისი დაფინანსებაც დააწესა, ხოლო სხვა რეგიონებიც მსგავს ნაბიჯებს განიხილავენ.

კვლევა განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის ცვლილების პირობებში. პერუჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს შედარებითი ანალიზი მიკროდედუქციურად გამრავლებულ და ნამყენ თხილის ნერგებს შორის. მიზანი ერთია — დადგინდეს, როგორ შეიძლება ხარისხისა და მოსავლიანობის გაუმჯობესება სხვადასხვა ეკოლოგიურ ზონაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ თხილის დარგვა შესაძლებელია თითქმის ყველგან, თუმცა მაღალი შედეგის მისაღებად აუცილებელია ჯიშისა და გარემოს ზუსტი შეხამება.

იტალიის რეალობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თხილის პლანტაციები ხშირად 100 ჰექტარსაც აღემატება, იტალიაში მცირე მეურნეობები ჭარბობს. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ფერმერების კოოპერაცია და მეზობელი ნაკვეთების გაერთიანება, თუნდაც 10 ჰექტრამდე, კონკურენტუნარიანობის ზრდის აუცილებელი პირობაა. ერთობლივი წარმოება ამცირებს ხარჯებს და ზრდის ბაზარზე პოზიციებს.

იტალიაში თხილის სექტორი ახალ სიცოცხლეს იძენს. ტრადიციული კულტურა, თანამედროვე კვლევები, კლიმატურ პირობებზე მორგებული მიდგომები და ფერმერთა თანამშრომლობა ქმნის მყარ საფუძველს მდგრადი განვითარებისათვის. ეს გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორად დაგეგმილი თხილის მეურნეობა შეიძლება  როგორც მცირე, ისე საშუალო ფერმერებისთვის სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავლის წყარო გახდეს.