იური და მისი ძმები _ ნაჩუქარი ბოცვრის ბაჭიით დაწყებული ბიზნესი
არის ერთი ჭეშმარიტად მართებული, საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული ქართული მაქსიმა: „თუ ოჯახი ძლიერია, სახელმწიფოც ძლიერია“!
ოჯახის გასაძლიერებლად კი ცხვირის ჩამოშვება, პრობლემებთან შეგუება, დეპრესიაში ჩავარდნა კი არა, გამოსავლის ძიება და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო, თორემ სახელმწიფოსკენ ხელს რომ გაიშვერ, იმაზეც ხომ უნდა ფიქრობდე, თვითონ რას აძლევ სახელმწიფოს?
მოქმედების სწორედ ეს წესი აქვს გათავისებული სულმნათი აკაკის გამზრდელ სოფელში, სავანეში, მცხოვრებ ირაკლის და ვერას, რომლებიც ძალიან ამაყობენ თავიანთი სოფლითაც და გვარის სიდიადითაც _ ერაძე!
მათი შრომისმოყვარეობა შემოქმედებითია და არა ჭაპანწყვეტა. არაფერს არ იშურებენ რათა საკარმიდამო მიწის ღალიანობა მაქსიმალურად გამოიყენონ ჭირნახულის მისაღებად. ამიტომაც, თუნდაც ათი კაცი ესტუმრონ, გარეთ გასვლა არ სჭირდებათ – ოჯახში აქვთ სიმინდის, ლობიოს, კარტოფილის, ხორცის, ღვინის, ხილის, ყველის, ბოსტნეულის და ბაღჩეული კულტურების მარაგები. ცოტა რამ აგრარულ ბაზარშიც გააქვთ.
ყოველივე ამასთან ერთად ოთხ სასახელო ვაჟკაცსაც უზრდიან სამშობლოს! მერე და რა შვილებს!
უფროსი, იური 15 წლისაა, ლუკა – 13 წლის, ილია – 5 წლის, ჯერჯერობით ნაბოლარა ლაზარე კი – სულ 8 თვის.
ღორი და ძროხა, ქათამი და ინდაური ტრადიციული, ხოლო ბოცვერი ერაძეების ოჯახური მცირე მეურნეობისათვის „ახალი ხილია“ .
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ მამის მეგობარმა ერთი მოზარდი ჯიშიანი მამალი ბოცვერი აჩუქა იურის. ისე მიეჩვივნენ ერთმანეთს ბიჭი და მისი ყურცქვიტა მეგობარი, რომ თითქმის ერთად ათენ-აღამებდნენ. მერე ბიჭს შეეცოდა მარტო რატომ უნდა იყოსო და მეწყვილე მოუყვანა.
ბაჭიები რომ გაჩნდნენ, საზრუნავი მოემატა იურის. მამამ ურჩია, მაგათ დიდი ყურადღება და მოვლის წესების ცოდნა უნდათ, ვერ გასწვდებიო. გასწვდა. სპეციალური ლიტერატურა იკითხა და ახლა მარტო მან კი არა, ლუკამაც და 5 წლის ილიამაც კარგად იცის, რომ:
ყინვა მხოლოდ ერთი კვირის ბაჭიებისთვის არის საშიში. უფრო საშიში ზაფხულის მაღალი ტემპერატურაა – ცხოველს სისხლი დის ცხვირიდან, ამიტომაც ძმებმა ხელოვნური წვიმის მოწყობილობა გააკეთეს საჭირო ტემპერატურული რეჟიმის შესაქმნელად;
ორმხრივი ქარი დამღუპველია – რინიტი (გაციება) შეეყრება. უკანა და გვერდითი მხრებიდან ფანერები გაუკეთეს გალიებს, წინიდან კი – მავთულბადეები;
გალიას მიწის პირიდან 60 სმ უნდა ჰქონდეს სიმაღლე, იგი მუდმივად უნდა დასუფთავდეს, რათა სიბინძურემ ცხოველები არ დააზიანოს.
ბაჭიების ბუდესთან სიფრთხილე გმართებს, პაწაწუნებს ხელი არ უნდა შეახო, თორემ შეიძლება ისინი დედამ დახოცოს;
წყალი დღეში ორჯერ მაინც უნდა შეუცვალო. საჭმელი მუდმივად უნდა ჰქონდეთ. დათვლილი აქვთ მათი ღორმუცელობა. დღე-ღამეში სულ მცირე 24-ჯერ ჭამენ.
უკვე 600-მდე ბოცვერი და ბაჭია ჰყავთ გაყიდული. საკუთარი შემოსავლებით იძენენ ქერს, ჭარხალს, სტაფილოს, კომბოსტოს, სპეციალურ ბოცვრის საკვებ გრანულებს. სიმინდი და იონჯა საკარმოდამო ნაკვეთში მოჰყავთ. მხოლოდ ეგაა, სიმინდის ნედლი მკლავი, ღერო, იონჯა და სხვა ბალახეულობა მოჭრა-მოცელვიდან 24 საათის გასვლის შემდგ უნდა მიაწოდო. არც მათთვის ყველაზე გემრილი ნეკერი უნდა მოაკლო.
ჯიშიანი ბოცვრების მოსაშენებლადაც თვითონ იზრუნა იურიმ. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანა ჯიშიანი ბოცვრის ბაჭიები: სერებრისტი, კალიფორნიული, წითელი ზელადიური, გერმანული რიზენი (8-9 კილოგრამამდე იზრდება), დაშვებულ ყურებიანი ბარანი. ზოგი სახორცეა, ზოგიც – საჯიშე.
ასე გასინჯეთ, საბოცვრე გალიების კეთებაშიც დაოსტატდა. მისხალ-მილიმერობით იცავს რეკომენდებულ ზომებს და კონსტრუქციას. დიზაინიც საკუთარი გემოვნებით აქვს შერჩეული. შკვეთებიც საკმაოდ აქვთ და ამის გამო, ძმების შემოსავლების ყულაბა თანდათანობით მძიმდება.
yutubi-არხიც შექმნა – „ბოცვრები და ბაჭიები საჩხერეში“ – რითაც დაინტერესებულ თანატოლებს ასწავლის ბოცვრების მოვლას, ესაუბრება მებოცვრეობის სიკეთეზე, უზიარებს გამოცდილებას.
ერთგვარი თამაშიც გამოიგონა: ვინც საქმიანობას მოუწონებს და მებოცვრეობაში ბედის ცდას მოისურვებს, ბაჭიებს ჩუქნის. მიზანი უკეთილშობილესია – სავანეში მებოცვრეობის განვითარება. მიმბაძველებიც ბლომად ჰყავს.
იურისა და ლუკასათვის, რომლებიც სკოლაშიც მოწინავენი არიან და სპორტშიც (მამის კვალობაზე ფეხბურთს თამაშობენ საჩხერის ,,ჩიხურის“ სასპორტო აკადემიის ასაკობრივ გუნდებში), კურდღლები ერთგვარი სპარინგ-პარტნიორებიც არიან, მათი დაჭერის დროს სწავლობენ ცრუ მოძრაობებს.
იურის სურვილია, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში საკუთარი თანხებით იცხოვროს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სურვილს აუცილებლად შეისრულებს. მანამდე მინი-მეურნეობას ლუკას და ილიას გადააბარებს. მერე ისინიც უფროსი ძმის კვალს გაჰყვებიან.
ნაბოლარა ლაზარე ჯერ კიდევ მხოლოდ ცისანა ბებიას მიერ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ბოცვრის ხორცით მომზადებული გემრიელი ,,გუფთის“ მირთმევით არის „დაკავებული“, მაგრამ ნახონ, რომ გაიზრდება, ძმებზე უკეთესი მეურნე თუ არ დადგეს.
ზურაბ თურმანიძე, სავანე, ნოემბერი, 2021წ.