ივნისის მიმდინარე სამუშაოები საფუტკრეში
ამ პერიოდში მცენარეები აქტიური ყვავილობის ფაზაშია, ფუტკარი მთლიანად გადართულია ნექტრის შეგროვებაზე, მეფუტკრე ემზადება თაფლის დასაწურად და მთაბარობისათვის.
აუცილებელია 3-5 დღეში ერთხელ ოჯახების შემოწმება;
ყოველდღიური დაკვირვება ნექტრის შემოტანაზე საკონტროლო სკის მეშვეობით;
გადაბეჭდილი ჩარჩოების ამოღება და დაწურვა;
დასავლეთ საქართველოში თაფლის ამოღების ძირითადი პერიოდია. ეცადეთ გამოწუროთ მხოლოდ გადაბეჭდილი ფიჭები. აუცილებელია გამოწურული ფიჭების უკან დაბრუნება.
დაწურვის შემდგომ ვაროატოზის საწინააღმდეგო პრეპარატით ფუტკრის ოჯახების დამუშავება (ფლუვინატის, ეთეროვანი ზეთების შემცველი პრეპარატებით);
ღალის დამთავრების შემდეგ ძველი დედების შეცვლა ახალი დედებით;
მთაბარობისათვის ფუტკრის ოჯახების მომზადება;
ახალი ოჯახების შექმნა ხელოვნური გაყოფის გზით;
დედების გამოყვანა და ა.შ.
მთაბარობა ხდება ღამით სიგრილეში, დღისით არ არის რეკომენდებული, რადგან გამოიწვევს ფუტკრის ოჯახის ჩახუთვას. მთაბარობა ფუტკრისთვის დიდი სტრესია და ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, მთავარი პირობაა კარგი ვენტილაცია, რადგან მთაბარობისას ფუტკრის გუნდში ტემპერატურა მაღლა იწევს, ფუტკარი ვერ ღებულობს ჟანგბადს და იხუთება, ასევე სკაში არ უნდა იყოს გადაუბეჭდავი თაფლი, რადგან გადაყვანის დროს შეიძლება ჩაიქცეს სკაში და ფუტკარი დახოცოს. ჩარჩოები და სკის სახურავი კარგად უნდა იყოს დამაგრებული.
თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდში მეფუტკრემ უნდა გაითვალისწინოს – ღალიანობის პერიოდში დაუშვებელია ხელოვნური კვება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი