„ივრის ფერმები“ _ ნუში საქართველოსთვის პერსპექტიული კულტურაა
საქართველოში კაკლოვანი კულტურების მიმართ ინტერესი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩევა ნუში – კულტურა, რომელიც შიდა და გარე ბაზრებზე ერთდროულად მზარდ მოთხოვნას უპასუხებს. სწორედ ამ მხრივ გამოირჩევა კომპანია „ივრის ფერმების“ საქმიანობა, რომელიც კახეთში 350 ჰექტარ ფართობზე განლაგებულ თანამედროვე ნუშის ბაღებს ავითარებს.
კომპანია „ივრის ფერმები“ 2022 წელს დაფუძნდა და აქტიურად სარგებლობს სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი აგროპროგრამებით, მათ შორის, „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტით“.
საწარმოს მიზანია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის დანერგვა, რაც ითვალისწინებს, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აგროტექნიკური პრაქტიკის დანერგვას, ასევე მაღალეფექტიანი სარწყავი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნას.
ბაღები იმართება ესპანელ აგრონომებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სპეციალისტების მიერ შემუშავებული ფიტოსანიტარიული და აგროტექნოლოგიური ღონისძიებები მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე და სრულად შეესაბამება ბაღების მართვის თანამედროვე მოთხოვნებს. ბაღების მორწყვა წვეთოვანი სისტემით ხორციელდება, წყალი კი მდინარე ივრიდან მიეწოდება. ენერგეტიკული უზრუნველყოფისთვის კომპანიამ საკუთარი 1.75 მეგავატიანი ელექტროსადგრით უზრუნველყოფს.
„სამ წელიწადში შევძლებთ 160 ტონამდე ნუშის ექსპორტს. სრულ მსხმოიარობაზე გასვლის შემდეგ, მოსავალი 800-900 ტონას მიაღწევს“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ნინო ცხადაია. მისი თქმით, პროექტი არა მხოლოდ საექსპორტო პოტენციალს ზრდის, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და აღრმავებს რეგიონში აგრონომიულ ჩართულობას.
სახელმწიფო მხარესთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი ნათლად ასახავს იმ ტენდენციას, რომელიც საქართველოს აგრარულ სექტორში აქტიურად ვითარდება – კერძო ინიციატივების გაძლიერება მიზნობრივი სახელმწიფო დახმარებით.
როგორც სოფლის განვითარების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები აღნიშნავენ, ნუშის წარმოებას საქართველოში აქვს როგორც კლიმატური, ასევე ეკონომიკური უპირატესობა. სწორედ ამიტომ, სექტორის წარმომადგენლები ერთხმად საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს წარმოების პოტენციალის ათვისება.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში, კომპანიის „ივრის ფერმებს” სტუმრობდა, რომელმაც ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კაკლოვანი კულტურების, მათ შორის, ნუშის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.
დღეს „ივრის ფერმების“ მსგავსად, არაერთი ფერმერი და კომპანია აყალიბებს თანამედროვე, ტექნოლოგიურად სრულად აღჭურვილ ბაღებს, რაც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგის მოდერნიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესშიც.