დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობარეგიონები

ჯერსის ჯიშის ძროხის უპირატესობა და მომგებიანობა საოჯახო მეურნეობებისთვის

ფერმერი ზვიად მახარაძეს ქობულეთის სოფელ ზედა აჭყვაში მეცხოველეობის საოჯახო მეურნეობა აქვს. ძირითადად, ჯერის ჯიშის ძროხებს ამრავლებს. ამ ეტაპზე, 36 სული მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს და მათი ნაწილი ხელოვნური განაყოფიერების გზით გაამრავლა.  ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში არსებულ პირობებს ჯერსი კარგად შეეწყო და მეურნეობაც მომგებიან საქმედ აქცია.

მეცხოველეობის დარგით ზვიად მახარაძემ 2015 წელს დაინტერესდა. მაშინ უკრაინიდან ახალი დაბრუნებული იყო და ამ სფეროში გარკვეული გამოცდილებაც ჰქონდა.

თავდაპირველად, ადგილობრივი ჯიშის 4 სული პირუტყვი იყიდა, შემდეგ კი საქონლის გამრავლება ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიწყო. ამასობაში, საცდელად მაღალპროდუქტიული ჯიშებიც შეიძინა: „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა  პროექტი ჯიშების გამოყვანასთან დაკავშირებით და ვცადეთ ხელოვნური განაყოფიერებით საქონლის გამრავლება და მერე იყო კიდევ ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი სული ჯერსის ჯიშის საქონელი  ვიყიდე, დაკვირვების მიზნით. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩვენს პირობებში ჯერსი კარგი ჯიშია და მისი აქტიურად მოშენება სწორი იქნებოდა“, – ამბობს ფერმერი ზვიად მახარაძე.

იმ პერიოდში, ფერმერმა ჯერსის ჯიშებში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. როგორც თავად იხსენებს, 40%-იანი თნადაფინანსების გარდა ერთ ძროხაში, დაახლოებით, _ 930 ლარი, ხოლო მეორეში 870 ლარი გადაიხადა.

„როცა ევროპიდან წუნდებული პირუტყვი შემოვიდა. მაგალითად, ჩემს ჯერსის ჯიშის ძროხას ცური ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ მაინც 17 ლიტრას იწველებოდა.  შემდეგ, როცა უკვე ჩვენს ფერმაში სუფთა სისხლის ჯერსი დაიბადა და გაიზარდა, პირველივე ლაქტაციაზე 24 ლიტრი რძე მოიწველა. ამ ჯიშის ლაქტაციის პერიოდი  300–305 დღე გრძელდება, მაგრამ ვერანაირად ვერ გავაშრე _ 360 დღე იწველებოდა, 5 დღეში ხბო გააჩინა და შემდეგ უკვე 16 ლიტრზე მეტი არ მოიწველა, რადგანაც ამ პერიოდში არ დაუსვენია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლაქტაციისთვის 5-6 ლიტრით მეტი უნდა მოეწველა, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე“, – ამბობს ფერმერი.

Moo-ching About
ჯერსის ჯიშის  ძროხები 

ზვიად მახარაძე ჯერსის ჯიშის მოშენებით კმაყოფილია. როგორც განმარტავს, მომგებიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიკვებება საქონელი. ამ ეტაპზე იგი  პირუტყვს ბაგური წესით უვლის. ამბობს, რომ ასეთი ჯიშებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალური საკვები რაციონის შერჩევა. მეპატრონემ უნდა იცოდეს რამდენი, რა და როდის უნდა აჭამოს საქონელს. შესაბამისად, ფერმერი პროდუქციასაც მაღალხარისხიანს მიიღებს.

ახლა საოჯახო მეურნეობაში სულ მოზარდებიანად 36 სული პირუტყვი ჰყავს.  უმეტესი ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული. მათ შორის მერძეული ჯიშის: შვიცი, ჰოლშტეინი და ჯერსი. უპირატესობას კი ჯერსს ანიჭებს, სუფთა სისხლის ჯერსი ფერმაში ორი სული ჰყავს.

ფერმერი, ჰოლშტეინთან შედარებით ჯერსის ჯიშის უპირატესობაზე საუბრობს:

„ჯერსის აქვს მაღალცხიმიანი რძე, არ არის ჰოლშტეინივით მსუნაგი და რძის გამოსავლიანობა ძალიან კარგი აქვს. თუმცა რა რაოდენობის რძეს მოგცემს, დამოკიდებულია ჭამის რაციონზე. მისი რძის მაღალკალორიულობა თითქმის კამეჩის რძეს უტოლდება. გარდა ამისა, თუ ჰოლშტეინის ჯიშის 23–24 ლიტრა რძიდან 1 კგ. კარაქს ამოიყვან, ჯერსის მონაწველიდან 13–14 ლიტრაა საჭირო, რომ 1 კგ. კარაქი მივიღოთ.

ასევეა ყველიც. ერთი თავი ყველი ჰოლშტეინის შემთხვევაში 9–10 ლიტრიდან ამოდის, ჯერსის რძიდან კი _ 5.5–6 ლიტრიდან.

ჰოლშტეინი წელიწადში, დაახლოებით, 18 ტონა საკვებ ერთეულს ჭამს და 10 ტონა რძეს გვაძლევს, რომლისგანაც 1 ტონა ყველს ვაწარმოებთ.

ჯერსი წელიწადში 11 ტონა საკვებ ერთეულს ჭამს, გვაძლევს 6 ტონა რძეს, საიდანაც 1 ტონა ყველი ამოგვყავს.

ანუ გამოდის, რომ ჯერსი ჰოლშტეინზე 7 ტონით ნაკლებს ჭამს. იმიტომ, რომ წონაში არ არის ჰოლშტეინივით 800 კილოგრამი. მისი წონა მაქსიმუმ 400–420 კილოგრამია და თავისი თავის შენახვისთვის ნაკლებს მოიხმარს“.

მისივე თქმით, ასეთი ჯიშის საქონლის მოვლა რთული არ არის, მთავარია რომ გაითვალოს ძროხის წონა, წველადობა და ლაქტაციის პერიოდი, ამის შესაბამისად კი შედგეს საკვები რაციონი, რომელშიც მნიშვნელოვანია შედიოდეს საკვები დანამატები.

ამ ეტაპზე ზვიად მახარაძე მიღებული რძისგან მაწონს აწარმოებს, შემდეგ კი მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს: „შესყიდვის აქტით შეგვაქვს მაღაზიებში, რომლებიც დღგ-ს გადამხდელები არიან. წარმოებაში არ გვაქვს  ჯერ ჩაშვებული. ვაწარმოებ, როგორც ინდივიდუალური მეწარმე,  ზვიადი მახარაძის სახელით. ამავდროულად სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვიღებ ყველა საჭირო ანალიზს, რათა მაღაზიები შეტანის უფლება მქონდეს“.

სამომავლოდ, ფერმერი მეურნეობის გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც ზრუნვა უკვე დაწყებული აქვს. გურიაში, სუფსაში დიდ, ევროსტანდარტებით აღჭურვილ ფერმას აშენებს. ამბობს, რომ ამისი გაკეთება აჭარაში უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა: „სუფსაში ვიყიდეთ ტერიტორია და დავიწყეთ მშენებლობა, გადამმუშავებელ ქარხანის აგებასაც ვგეგმავთ, სადაც HACCP–ის სტანდარტს დავნერგავთ. საწარმოს „ჯერს ნატურალი“ ჰქვია.

„სამომავლოდ გვინდა, რომ მაწონი მინის ქილაში ვაწარმოოთ. არ ვაპირებთ დიდ მასშტაბებზე გასვლას. გვინდა, რომ ჰქონდეს ხარისხი და ჰყავდეს მომხმარებელი, ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია. მან უნდა იცოდეს, იმაში იხდის ძვირს, რომ ეს არის საღი და ნატურალური რძისგან წარმოებული. ამ პროდუქტს არ ექნება 20 დღიანი შენახვის ვადა, ვადა იქნება მაქსიმუმ 5 დღე, ვფიქრობთ, რომ 3 დღეც საკმარისი ინება მისი რეალიზაციისთვის, რადგან ეს ხარისხიანი,  გემრიელი,  ნატურალური პროდუქტი,– ამბობს ფერმერი ზვიად მახარაძე.

თაკო ფეიქრიშვილი,

ქობულეთი