აგროსიახლეები

ჯიღაურას  ბაზაზე  ორდღიან თემატურ სწავლებას 60-ზე მეტი  მონაწილე დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე, ვაზის სხვლა-ფორმირების თეორიულ პრინციპებზე, გასხვლის ჩატარების წესებსა  და ვადებზე ორდღიანი ტრეინინგი გაიმართა.
სწავლებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯამჯურიძე,  ცენტრის მევენახე სპეციალისტები თეკლე ზაკალაშვილი და ჯაბა აბაიშვილი უძღვებოდნენ.

თეორიულ და პრაქტიკულ სემინარებზე, მევენახე-მეღვინე ფერმერებმა, ექსტენციის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა თეორიული და პრაქტიკული მიმართულების ცოდნა და რჩევები  მიიღეს ვენახის გაშენების, სხვლა-ფორმირების, მერქნის ძირითადი დაავადებების, აგროტექნოლოგიური, ფიტოსანიტარიული და სხვა  მათთვის საინტერესო  საკითხებზე.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  საცდელ-სადემონსტრაციო  ბაზებზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, რეგულარულად ტარდება  თეორიული და პრაქტიკული ხასიათის თემატური    სემინარ-ტრენინგები, სადემონსტრაციო დღეები. ასეთი ღონისძიებები ფერმერების, ასევე სხვა  დაინტერესებულ პირთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების ცოდნის გაღრმავებას ემსახურება და  მათ  პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვას უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან უჯამჯურიძემ.

სემინარის მონაწილეები ვაზის სხვადასხვა ფორმების  სხვლის პროცესში ჩაერთვნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.