აგროსიახლეები

ჯიღაურაში ყურძნის მავნებლების მართვის ეკომეგობრული მეთოდი ინერგება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ყურძნის ჭიის  (Lobesia botrana) მართვის თანამედროვე, ეკომეგობრული მეთოდის დანერგვა მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვენახების ეფექტიანი დაცვის, ქიმიური ჩარევის შემცირებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების მიმართულებით.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ჯიღაურაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით და ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მავნებლის განვითარების თავისებურებების, მონიტორინგისა და მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერომონული მეთოდის გამოყენებას, რომელიც მავნებლის კონტროლის ეფექტიან და გარემოსთვის უსაფრთხო გზას წარმოადგენს.

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი ჯიღაურას ვენახში გაიმართა, სადაც სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა ფერომონული დიფუზორებისა და მონიტორინგის მახეების განთავსება. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ მათი სწორად გამოყენების ტექნიკას და მნიშვნელობას.

ტრენინგს უძღვებოდნენ FAO-ს სპეციალისტები: თამარ ოთხმეზური, დავით კიკილაშვილი და გიორგი ფიფია.

ინიციატივა წარმოადგენს ინტეგრირებული დაცვის მიდგომის ნაწილს და მიზნად ისახავს ეკომეგობრული მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას ქართულ მევენახეობაში.