კაკაო – შოკოლადის ხე მისი სასარგებლო თვისებები
კაკაო, შოკოლადის ხე (ლათ. Theobroma cacao) — ტანდაბალი (5-8 მ) მარადმწვანე სტერკულიასებრთა ოჯახის ხეა. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. კაკაოს ისხამს ყვითელ, ნარინჯისფერ ან წითელ, 30 სანტიმეტრამდე სიგრძის და 10-12 სმ. სიგანის ნაყოფს/პარკს, რომელიც 300-დან 600 გრამამდე იწონის და შიგ 25-დან 60-მდე თესლია მოთავსებული.
კაკაო ველურად იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში.
ის ძველთაგანვე მოჰყავთ ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს სათბურებში.
აცტეკები კაკაოს kakauatl-ს უწოდებდნენ, ანუ „მწარე წყალს”. ამ სიტყვამ შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა და „კაკაო” გახდა. მათ სჯეროდათ, რომ ძვირფასი კაკაოს პარკები დიდმა ღმერთმა კეცალკოატლმა (Quetzalcoatl) გამოუგზავნა. ინდიელთა მეორე ჯგუფს – კიჩეებს კი მიაჩნდათ, რომ კაკაოს მფარველი ქალღმერთი შკაკაუ იყო.
თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო კაკაოს თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2-7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს.
კაკაოს ნაყოფისაგან იღებენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით „სრესილ კაკაოს“, რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ.
სრესილი კაკაოს დაწნეხით ღებულობენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი კაკაოს ფხვნილს.
კაკაოს მედიცინაც იყენებს. მაგ. მისი წასმა ცხვირზე აბრკოლებს გრიპის ვირუსს შეღწევას ორგანიზმში. არის კარგი საშუალება ხველისა და ამოხველებისათვის, ბრონქიტის პროფილაქტიკისათვის, არეგულირებს არტერიულ წნევას…
კაკაოს ფხვნილის რეგულარული და ზომიერი გამოყენება ადამიანს სიმხნევეს მატებს, ამასთან, ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინსა და სეროტონინს – ჰორმონებს, რომლებიც ადამიანის კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. კაკაო ეფექტური საშუალებაა დიეტების დროს.
შოკოლადი კი კაკაოსგან მზადდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მაღალი საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ხოლო ქალებისა და ბავშვებისთვის – საერთოდ აკრძალული.
კაკაო – როგორც აფროდიზიაკი, ვალუტა, ღმერთების სამსხვერპლო და ძალზე სასარგებლო მცენარე.
კაკაო საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია – 289 ენერგეტიკული ერთეული 100 გრამ პროდუქტზე.
კაკაო შეიცავს: A, B ჯგუფის ვიტამინებს, E, PP; მიკრო და მაკროელემენტებს – კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას; სხვა ნივთიერებებს: უჯრედისს, სახამებელს, ნაჯერ ცხიმმჟავებს, ორგანულ მჟავებს.
კაკაო ძალზე მდიდარია ფლავონოიდებით – მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით. ფლავონოიდები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ანეიტრალებს ე.წ. თავისუფალ რადიკალებს – ჟანგბადის აქტიურ ფორმებს, რომლებიც აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამის წყალობით კაკაო აბრკოლებს ანთებითი პროცესების გამო გამოწვეული დაავადებების, მათ შორის, ათეროსკლეროზის განვითარებას.
კაკაოს ცხიმში შემავალი ცხიმმჟავები აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. კაკაოს ცხიმი სასარგებლოა გაციების, ყელის ტკივილის დროს.
კაკაოს თესლში შედის თეობრომინი, რომელიც შემადგენლობით კოფეინს ჰგავს. თეობრომინი აღაგზნებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებსა და ბრონქებს.
ძველ მექსიკაში კაკაოს ფართოდ იყენებდნენ სამკურნალოდ, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, გულის პრობლემებისა და გაციების დროს. კანის სიმშრალისა და მასზე ნახეთქების არსებობისას იყენებდნენ კაკაოს ფხვნილსა და ცხიმზე დამზადებულ მალამოს. მოგვიანებით ასევე აღინიშნა, რომ პროდუქტი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.
პირველი ევროპელები, ვინც კაკაოს ხე დაინახა, ქრისტეფორე კოლუმბი და მისი მეზღვაურები იყვნენ. 1502 წელს მათ ხელში ჩაიგდეს კანოე უცნაური ტვირთით – „თხილით”. იმ დროს აცტეკებისთვის ოქროს ფასი არ ჰქონდა, იაფფასიანი ლითონი იყო, კაკაოს მარცვლები კი სიმდიდრის საზომად და გადახდის საშუალებად მიიჩნეოდა.
1519 წელს ესპანელმა, გენერალმა ერნანდო კორტესმა მექსიკის სანაპიროზე დადგა ფეხი. აცტეკებმა ის კეთილ ღმერთ კეცალკოატლად ჩათვალეს, რომელსაც მუდამ წვერით გამოსახავდნენ. აცტეკების ბელადი მონტესუმა ესპანელ სტუმრებს შესქელებული სასმელით გაუმასპინძლდა. ეს კაკაო იყო ვანილით, წიწაკითა და სუნელებით შეზავებული, რომელიც სუფთა ოქროს თასებში ესხა. ამ სასმელს აცტეკები chocolatl-ს („ქაფიანი წყალი”) უწოდებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ სასმელი მამაკაცებს, მათ შორის, სექსუალურ ძალას აძლევს, ხოლო ბავშვებისა და ქალებისთვის ძალზე სახიფათოა. სწორედ აცტეკური chocolatl-დან წარმოიშვა ესპანური და შემდეგ ზოგადევროპული chocolate – შოკოლადი.
კაკაო, როგორც ძლიერი მატონიზირებელი ეფექტის მქონე მცენარე, მძლავრ აფროდიზიაკს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ის უწყობდა ხელს მონტესუმას ძალების შენარჩუნებაში – აცტეკების ბოლო იმპერატორს, დაუდასტურებელი ცნობებით, 600 ცოლი და 50 ბავშვი ჰყავდა. 1520 წელს, როდესაც ის მოკვდა, მის საცავში აღმოაჩინეს 25 ათასი ცენტნერი კაკაო (გადასახადების სახით შეგროვებული).
კორტესმა კაკაოს მარცვლები და მისი დამზადების წესი ევროპაში 1527 წელს ჩამოიტანა.
დროთა განმავლობაში ევროპელებმა კაკაოსგან დამზადებული სასმელი საკუთარ გემოვნებას მოარგეს.
კაკაო და მისგან დამზადებული პროდუქტი საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ძალზე პოპულარულია.