აგროსიახლეები

კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა…

 

2025 წლის რთველი, როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის წარმატებული მაგლითი გახდა.
2025 წლის რთველი საქართველოში განსაკუთრებული მაჩვენებლებითა და შედეგებით გამოირჩეოდა, როგორც მოსავლის რაოდენობის, ისე საორგანიზაციო პროცესების მხრივ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კახეთის რეგიონში სუბსიდირების სისტემიდან ეტაპობრივი გამოსვლა სრულად გაამართლა, ხოლო კერძო სექტორის ჩართვამ დაამტკიცა, რომ ბაზარი უკვე დამოუკიდებელი მოქმედებისთვის მზად არის.

მეხუზლას თქმით, წელს სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე კერძო მარნებმა დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს, რაც მთლიანად შეესაბამება შარშანდელ მაჩვენებელს, როცა სუბსიდირების პროგრამა ჯერ კიდევ მოქმედებდა.

„ჩვენი პროგნოზი გამართლდა. სუბსიდიის შენარჩუნება დიდ ცვლილებას ვერ გამოიწვევდა, რადგან 20 თეთრიანი მხარდაჭერა ვერ იქნებოდა ისეთი მოტივატორი, რომ კერძო სექტორს მეტი მოცულობით ჩაებარებინა ყურძენი,“ – განმარტა ლევან მეხუზლამ.

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონში სუბსიდია კერძო კომპანიებზე აღარ გაიცემა.

ამის ნაცვლად, სახელმწიფო საწარმო შპსმოსავლის მართვის კომპანია ახორციელებს ხარისხის მიხედვით ყურძნის დიფერენცირებულ ფასად ჩაბარებას:

  • საფერავის ჯიში – 1.50 ლარი;
  • სხვა საღვინე ჯიშები („ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის ფარგლებში) –1.20 ლარი;
  • დაზიანებული ან არაკონდიციური ყურძენი – 1 ლარი.

ლევან მეხუზლას თქმით, ეს მიდგომა ქმნის უფრო სამართლიან და კონკურენტულ გარემოს: „სისტემა დაეყრდნო ხარისხზე ორიენტირებულ შეფასებას და არა საერთო სუბსიდიურ დაფინანსებას. შედეგად, ბაზარმა თავად დაიმტკიცა საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა.“

რაჭის რეგიონში კი განსხვავებული სტრატეგია იქნა გამოყენებული – მაღალი სტიმულირების მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა 4-ლარიან სახელმწიფო სუბსიდიას იმ ღვინის კომპანიებისთვის, რომლებმაც „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოყვანილი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი მევენახეებისგან არანაკლებ 8 ლარად შეიძინეს.

ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავებას რეგიონში.

რთველი 2025 – რეკორდული შედეგები და გამოწვევები

ოფიციალური მონაცემებით, 23 ოქტომბრისთვის საქართველოში 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 200 მევენახე ფერმერმა შეძლო მოსავლის დროული ჩაბარება, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინაციის მაღალი დონის მაჩვენებელია.

როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველი საორგანიზაციო სიმწყობრით გამოირჩეოდა:

„რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წლეულს იყო, დიდი ხანია არ გვქონია. ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული კრიტიკისთვის, მაგრამ როდესაც გვესმის შეფასება, თითქოს სისტემა მორღვეულია, ეს არ შეესაბამება რეალობას.“

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას  თქმით, რთველის პიკურ პერიოდში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია კლიმატურმა პირობებმა – უხვმა ნალექებმა და ერთდროულად დამწიფებულმა მოსავალმა, რამაც რამდენიმე დღით გაზარდა ღვინის საწარმოებთან ტრანსპორტის ნაკადები.

„ეს არ იყო ამინდზე გადაბრალება – ეს იყო მოცემულობა. მოსავლის ერთდროულმა სიმწიფემ განაპირობა გადამუშავების ტემპების ზრდა, მაგრამ სისტემა ამ გამოცდას ღირსეულად გაუმკლავდა,“ – აღნიშნაღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე იწყებს 2026 წლის რთველისთვის საორგანიზაციო მოდელის სრულყოფას.

ლევან მეხუზლას ინფორმაციით, დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელება რაჭის რეგიონში, რომელიც მოიცავს ე.წ. ყურძნის დაკრეფის ნებართვისსისტემის  ინოვაციურ მიდგომას, რომელიც ფერმერებს წინასწარ აცნობებს, როდის და რომელ მარანში უნდა წაიღონ მოსავალი.

„მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს ესპანეთში. ჩვენი მიზანია, რთველი გახდეს უფრო ეფექტიანი, თანმიმდევრული და მეღვინეთა შრომა გახდეს უფრო პროგნოზირებადი,“ – ამბობს სააგენტოს თავმჯდომარე.

2025 წლის რთველი გახდა სისტემური გარდატეხის წელი: კახეთის რეგიონმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფოსგან ეტაპობრივად გათავისუფლებული ბაზარი ფუნქციონირებს სტაბილურად; რაჭის სუბსიდიის მოდელმა კი გაამართლა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ამასთან, რეკორდული მოსავალი, ხარისხზე ორიენტირებული პოლიტიკა და მომავლისკენ მიმართულ ინოვაციური ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს, რომ საქართველოს ღვინის სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს,  უფრო კონკურენტუნარიანი, ორგანიზებული და გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისი გახდეს.