აგრარული განათლებადარგებიმებაღეობამემცენარეობა

კაკლის ბიოლოგიური თავისებურებები

კაკალი ახასიათებს აქტიური და ძლიერი ზრდა ახალგაზრდა ასაკში, რომელსაც მოსავლიანობის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად ანელებს. კაკალი ჩვეულებრივ მოსავლის მოცემას საკმაოდ გვიან, დარგვიდან მე- 6-8 წელს იწყებს, ხოლო სრულმსხმოიარობაში 12-15 წლის ასაკში შედის. მსხმოიარობის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და პროდუქტიული პერიოდი 40-60 წელს აღწევს.
კაკლის სამრეწველო ბაღები ძირითადად შენდება ნამყენი ნერგით. კაკლის ჯიშები ერთმანეთი განსხვავდებიან მსხმოიარობის ტიპის მიხედვით. კაკლის ჯიშების უმეტესი ნაწილი მსხმოიარობს უპირატესად ერთწლიანი ტოტების კენწრულ (აპიკალურ, ტერმინალურ) კვირტებზე, ამიტომ ასეთ ჯიშებს აპიკალური მსხმოიარობის ჯიშებს უწოდებენ. ასეთი ჯიშები უპირატესად გვიან შედის მსხმოიარობაში და ძალიან ძლიერი ზრდით ხასიათდებიან.

ჯიშებს შორის გამოიყოფა მეორე ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს შერეული ტიპის მსხმოიარობა – ისინი მოსავალს იძლევიან არამარტო კენწრულ, არამედ ტოტების შუალედური კვირტებიდან გამოსულ გვერდით (ლატერალურ) ტოტებზე, ასეთ ჯიშებს ლატერალური მსხმოიარობის ჯიშებს უწოდებენ. ლატერალური ჯიშები ადრეულად იწყებენ მსხმოიარობას და შედარებით კომპაქტური შეზღუდული ზრდით გამოირჩევიან.

კაკლის მსხმოიარობაში შესვლას და ზრდის სიძლიერეს ასევე განაპირობებს გამოყენებული საძირეც. კაკლის საძირეებად ძირითადად გამოყენებულია ჩვეულებრივი კაკლის ან ამერიკული (შავი) კაკლის ნათესარები და სელექციური გზით მიღებული სხვა საძირეები (პარადოქსი, შავი კაკალი, Vlach, VX 211, და სხვ.).

49qz6e3kwx0kgs0ws0cg8kcso0ocos

დამტვერვა

კაკალი ანემოფილური უპირატესად ჯვარედინმტვერია მცენარეა, თუმცა ჯიშების მიხედვით თვითდამტვერვის სხვადასხვა სიძლიერის გამოვლენასაც აქვს ადგილი. კაკალი ხასიათდება დიქოგამიით, ანუ მამრობითი და მდედრობითი ყვავილების არაერთდროული განვითარებით. ამ ნიშნის მიხედვით ჯიშები იყოფა პროტოანდრეულ (ადრე ყვავილობს მამრობითი ყვავილები) და პროტოგინეურ (ადრე ყვავილობს მდედრობითი ყვავილები) ფორმებად.

მამრობითი ყვავილები უპირატესად ისახება გასული წლის ნაზარდებზე, ხოლო მდედრობითი ყვავილები მიმდინარე წლის ნაზარდზე. მამრობითი და მდედრობითი ყვავილობის პერიოდი განცალკევებულია ერთმანეთისგან, ჯიშების ზოგიერთ ჯგუფში ისინი ერთმანეთ ნაწილობრივ, ან მთლიანად ფარავენ. კაკლის ზოგიერთ გენოტიპს შეზღუდულად ახასიათებს აპომიქსისი, ანუ ნაყოფების განვითარება განაყოფიერების გარეშე.

სიმწიფის პერიოდი და მოსავალი

კაკლის ჯიშების უმეტესობა მწიფდება სექტემბერ-ოქტომბრში. კაკლის ბაღის საშუალო მოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოცემული გენოტიპის მსხმოიარობის თავისებურებებზე. აპიკალური (კენწრული) მსხმოიარობის ჯიშების მოსავალი 3,0-4.0 ტ/ჰა ფარგლებშია, ხოლო ლატერალური (გვერდითი) მსხმოიარობის ზოგიერთი მაღალმოსავლიანი ჯიშის მოსავალი 5,0-7,0 ტონა/ ჰა-ზე აღწევს.

„საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები“

ზვიად ბობოქაშვილი,

ელენე მაღლაკელიძე