კალმახის გავრცელების არეალი და მისი მრეწველობის განვითარების ისტორია
ცისარტყელა კალმახის სამრეწველო დანიშნულებით მოშენებისა და გავცელების ისტორია 1875 წლიდან იწყება, როდესაც ამ სახეობის კალმახის ხიზილალის პირველი გასაყიდი პარტია კალიფორნიიდან ნიუ-იორკში შეიტანეს, შემდეგ უკვე 1877 წელს მორიგი პარტია შევიდა იაპონიაში, 1882 წელს – გერმანიაში, 1883 წელს ახალ – ზელანდიაში, 1884 წელს – ინგლისში, ხოლო 1895 წელს – რუსეთში.
ცისარტყელა კალმახის რეწვამ 1911 წლიდან აქტიურად იწყო განვითარება და მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ის ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში თევზის მრეწველობაში დომინანტი სახეობა გახდა. ამას ხელს უწყობდა ცისარტყელა კალმახის მიმზიდველი სამრეწველო თვისებები: თევზის დანაყრების სიმარტივე, ზრდის მაღალი ტემპი, განსაკუთრებული გემოვანი და სასარგებლო მაჩვენებლები და სხვა. ცისარტყელა კალმახის საქართველოში მოშენება საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება. სქართველოში ის 1936-1940 წლებში რუსეთიდან, კურსკის ოლქიდან შემოიყვანეს.
ბუნებრივად არსებული პოპულაციების არეალის ანალიზის საფუძველზე სპეციალისტები ასკვნიან, რომ ამ სახეობის გავრცელება და წარმოება წარმატებით არის შესაძლებელი ისეთ წყლებში, სადაც წყლის ტემპერატურა, ზოგადად 25°С-ს, ხოლო ქვირითობის პერიოდში 15°С-ს არ აღემატება.
დღეისათვის, ცისარტყელა კალმახი გავრცელებულია ხუთივე კონტინენტის 115-ზე მეტ ქვეყანაში. ეს სახეობა სხვადასხვა საარსებო არეალში, ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლის პირობებშიც კი თავისუფლად მრავლდება.
დღეისათვის, ცისარტყელა კალმახის მთავარი მწარმოებელები არიან: ევროკავშირი, ჩილე, ნორვეგია, თურქეთი და ირანი. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მონაცემების მიხედვით, კალმახის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: ნორვეგია, შვედეთი, დანია, იტალია და ესპანეთი, მთავარი იმპორტიორები კი – რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი, ფინეთი და პოლონეთი.
სამრეწველო დანიშნულების გარდა, ცისარტყელა კალმახი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სამოყვარულო თევზჭერის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში… კალმახის ჭერა ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები, კალმახის ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, ახალი ჯიშების გამოყვანაზე აქტიურად მუშაობდნენ. ზოგიერთი ფერმერის მიზანი იყო მაღალი რეპროდუქციული თვისებების მქონე, ზოგიერთის კი სწრაფი ზრდით გამორჩეული სახეობის გამოყვანა.
მიზანმიმართული სელექციის შედეგად, დღეისათვის, ცისარტყელა კალმახის ბევრი ფორმაა გავრცელებული.
„ცისარტყელა კალმახი
წარმოების ტექნოლოგია“