დარგებიმეფუტკრეობა

კანდის ნაჭერმა შეიძლება ფუტკრის ოჯახი იხსნას

კანდი ნატურალური თაფლის, ან ინვერსირებული სიროფისა და შაქრის პუდრისგან მომზადებული ცომია, რომელსაც, მისი თვისებების გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა მინარევებს უმატებენ. უკანასკნელ ხანს, მეფუტკრეები დიდ ყურადღებას აქცევენ კანდის მომზადებას, რაც ფუტკრის თხევად საკვებთან შედარებით, მისი მრავალი უპირატესობითაა განპირობებული.

  — კანდის მიცემა ფუტკრისთვის დღე-ღამის ან სეზონის ნებისმიერ დროს შეიძლება, რადგან ის არ იწვევს ფუტკრის აღელვებას, ქურდობას და სხვა უარყოფით შედეგებს, რაც თხევადი საკვების — შაქრის სიროფის მიცემას ახასიათებს;

— კანდს ფუტკარი მთლიანად იყენებს საკუთარ საკვებად და მარაგად არ ინახავს;

— ფუტკრისთვის კანდის მიცემა არ მოითხოვს შრომისა და დროის დიდ დანახარჯს;

— კანდში ადვილია საკვებდანამატების, ვიტამინების, ფერმენტების, სტიმულატორების, სამკურნალო პრეპარატების ჩართვა;

— მომზადებული კანდი ვარგისია რამდენიმე თვის განმავლობაში, მაშინ როცა შაქრის სიროფი მხოლოდ 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება გამოვიყენოთ.

კანდის გამოყენებას სპეციალისტები ურჩევენ შემდეგ შემთხვევებში:

— როცა რაიმე მიზეზის გამო ვერ ხერხდება ფუტკრის მაღალხარისხოვანი თაფლით მომარაგება საზამთროდ, სიროფის მიცემა კი დაგვიანებულია;

— საზამთროდ, ნორმალურად მომარაგებული ფუტკრის ოჯახების შემთხვევაშიც კი, როცა შემოდგომა-ზამთრის პირველი ნახევარი თბილია, ფუტკარი აქტიურია, მეტ საკვებს ხარჯავს, ჩარჩოებზე დედა ფუტკარი ინტენსიურად დებს კვერცხს. ზამთრის მეორე ნახევარი ცივია, ფუტკარი კრავს გუნდას უთაფლო ჩარჩოებზე, დაბალი ტემპერატურის გამო კი გვერდით, თაფლიან ჩარჩოზე გადასვლა არ შეუძლია და იღუპება; მაშინ, როცა სკაში თაფლის მარაგი შეიძლება საკმაო იყოს. ასეთ პირობებში 0,5-1 კგ კანდის ნაჭერმა შეიძლება კარგი ოჯახი დაღუპვისგან იხსნას;

— დედა ფუტკრების გამოყვანისას, ძირითად საკვებად მცირეზომიან ნუკლეუსებში, როცა საკვების დამოუკიდებლად შევსება მცირე ოჯახს არ შეუძლია, შაქრის სიროფი კი პროვოცირებას უწევს ქურდობის განვითარებას;

— დედა ფუტკრის გადაგზავნისას გალიებით, ასევე, უჩარჩოო პაკეტებით ფუტკრის ოჯახების გადაგზავნისას;

— ფუტკრის საკვებად წლის ნებისმიერ დროს;

— ფუტკრის სამკურნალოდ აქტიურ და, განსაკუთრებით, მოსვენების პერიოდში, როცა დაავადებული ოჯახი აღმოაჩინეთ; გვიან, როცა სიროფში შერეული პრეპარატების მიცემა უკვე აღარ შეიძლება — ამ შემთხვევაში იყენებენ სამკურნალო კანდს, რომელშიც შერეულია შესაბამისი სამკურნალო პრეპარატი;

როგორც ხედავთ, თხევად საკვებთან შედარებით, კანდს მრავალი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ არსებობს გარკვეული სიძნელეებიც 1-2 კგ-ზე მეტი რაოდენობისას მისი მომზადება ხელით (მოზელა) ძალიან შრომატევადია; ნატურალურ თაფლზე მომზადებული კანდი ძვირია, თანაც ყოველთვის არ არსებობს დაავადებებისგან გარანტირებულად თავისუფალი თაფლის საკმაო რაოდენობა.

პირველი სიძნელის გადასაჭრელად, დიდ საფუტკრეებში და სამრეწველო საწარმოებში იყენებენ ელექტროცომსაზელ აგრეგატებს. მეორე სიძნელის გადასაჭრელად კი, თაფლს ჩაანაცვლებენ ინვერსირებული სიროფით. ინვერსირებული სიროფი — შაქრის სიროფია, რომელშიც რთული შაქრები დაშლილია. ასეთ სიროფს ფუტკარი ისევე ადვილად ინელებს, როგორც თაფლს. გარდა ამისა, ინვერსირებული სიროფი თავისუფალია სხვადასხვა დაავადების გამომწვეებისგან. შაქრის სიროფის ინვერტირების მრავალ მეთოდთაგან, კანდის დასამზადებლად საუკეთესო გამოდგა მელნიჩუკის მეთოდი, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე ნატურალური თაფლის ფერმენტების საშუალებით შაქრების ინვერსიას ითვალისწინებს. ამ მეთოდით დამზადებული ინვერსირებული სიროფი არ შეიცავს ფუტკრისთვის დამღუპველ შენაერთებს, რაც, დამახასიათებელია შაქრის ორგანული მჟავებით ინვერსიის დროს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“