კარანტინის გამო გლეხები მოსავლის გაყიდვას ვერ ახერხებენ
მართალია, დიდი ქალაქების სუპერმარკეტებში დეფიციტი არ არის და სურსათის საკმარისი მარაგია, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა ფერმერებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. რეგიონებში პროდუქტის რეალიზაციის პრობლემაა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი შრომით მოწეული მოსავლის მიწოდების შესაძლებლობა ხალხს ადგილობრივ ბაზარზეც არ აქვს, ხოლო მსხვილი ფერმერები, რომლებსაც ექსპორტზე გაჰქონდათ საქონელი, გაჩერებულები არიან.
ვითარება კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე იღებენ მოსავალს (მწვანილი, მხალეული, საადრეო ბისტნეული) ანდა მისდევენ მესაქონლეობას და უჭირთ რძისა და რძის პროდუქტების გაყიდვა. ყველაზე დიდ დაბრკოლებას ხალხი მიმოსვლის შეჩერების გამო აწყდება. ტრანსპორტი არ მოძრაობს, ხოლო გადამყიდველები რაიონებში ეპიდემიის შიშით არ ჩადიან, რამაც გლეხები გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდო.
სამეგრელოში, სოფელ ხეთაში მცხოვრები რუსლან იოსავა ამბობს, რომ ხალხი პროდუქტს ვერ ყიდის. ამის გამო არც საგაზაფხულო სამუშაოების მიმართ იჩენენ დიდ ინტერესს, რამაც შეიძლება წელს სასურსათო კრიზისი გარდაუვალი გახადოს.
,,კორონავირუსის შიშით ხალხი სახლში ჩაიკეტა. არც ტრანსპორტი მოძრაობს, კერძო მანქანა სოფელში ისედაც ცოტას ჰყავს და ისინიც ცდილობს, უკიდურსი აუცილებლობის დროს გადაადგილდნენ. 4 დღეა ბაზარი დაკეტილია, მარტო სასურსათო მაღაზიები მუშაობენ. რაც მოგვყავს, იმასაც ვერ ვყიდით.
ჩემს შემთხვევაში ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაფნის საწარმო მაქვს. რამდენიმე დღეში სეზონი სრულდება და უკვე 150 ტონით ვიზარალე. მთელი მოსავალი დაუკრეფავი დარჩა. რომც ჩამებრაებინა, ექსპორტზე ვერ გავიტანდი, რადგან რეალიზაციის სერიოზული პრობლემაა. შარშან ამ დროს ევროპის ბაზარზეც გავედით, წელს მთელი წარმოება ჩაკვდა, დიდი დანაკარგი განვიცადეთ. ასეა ყველა სფეროში, მალე პირველი მოსავალი გაჩნდება და ხალხი, ელემენტარულად, ტყემლის გაყიდვასაც ვერ შეძლებს, თუკი შეზღუდვა მაისშიც გაგრძელდება“, _ უთხრა „ბიზნე-რეზონანსს“ რუსლან იოსავამ.
ანალოგიური პრობლემის წინაშეა მოსახლეობა გურიაშიც. გარდა იმისა, რომ ადგილობრივები პროდუქტის რეალზიაციას ვერ ახერხებენ, საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარებაც უჭირთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის მკვიდრი დავით ბოლქვაძე ამბობს, რომ პროდუქტების რეალიზაცია ყველგან ჭირს, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობს და ჯერჯერობით არც აგრარული ბაზარი გახსნილა.
,,კორონავიურსუმა ყველგან პრობლემა შექმნა. მალე პირველი მოსავალი გაჩნდება და ხალხი ვერაფერს გაყიდის. შეზღუდვა გამართლებულია და ყველას გვესმის, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ხალხი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება“, – აღნიშნა დავით ბოლქვაძემ და დასძინა, რომ დიდი პრობლემაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მხრივაც, რადგან ტრაქტორები არ არის საკმარისი და ხალხი თავის რიგს უცდის, რომ მიწაა დროულად დაამუშავოს.
,,ტექნიკის დეფიციტი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შარშან გურიის მიწების ნახევარზე მეტი დაუმუშავებელი დარჩა. ახლა ხალხი შეშინებულია და ყველა ცდილობს, რომ მიწას მიხედოს, 1200 კომლია სოფელში და ყველას დასათესი და სახნავი აქვს. სათესლე მასალას როგორმე იყიდის ხალხი, მაგრამ ხვნა-თესვის ხარჯის გაწევა უჭირთ. არასაკმარისია ტექნიკა, ხალხს რიგში უწევს ხალხს დგომა. მიწა აპრილის ბოლომდე უნდა დაიხნას, მერე დაგვიანდება.
ცალკე პრობლემაა დამუშავების მაღალი ხარჯიც, 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი რომ დაიხნას და დაითესოს, სულ მცირე 200 ლარია საჭირო, ერთი ჰექტარის შემთხვევაში, ხარჯი 1500 ლარს აღწევს, რის შესაძლებლობაც ხალხს არ აქვს. მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვინც ლუკმაპურს შოულობდა, ისიც ვერაფერს ახერხებს”, – ჩივის გურული გლეხი.
აგრარულ სფეროში არსებული პრობლემა კარგად ცნობილია აგროექსპერტთა ასოციაციისთვის, რომლის ხელმძღვანელი მიხეილ ჭიჭაყუა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს ორგანიზებული ბაზრობები, რაც დღევანდელ რთულ მდგომარეობას გაუმკლავდებოდა. ცხადია, გლეხებს რთულ სიტუაციასთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირთ.
,,აგრარული ბაზრები დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკს ზრდიდა. უსაფრთხოების დასაცავად ეს გადაწყვეტილება გამართებულიცაა, თუმცა კარგად გამოჩნდა, რა მოუმზადებელი ვართ ჩვენ ასეთი ფორსმაჟორული ვითარებისთვის. თუნდაც ის, რომ არ გვაქვს ინფორმაცია ჩვენი ბაზრების მაშოაბასთან დაკავშირებით და თითქმის ყველა ბაზარი მოუწესრიგებელია.
2000-მდე ფერმერს ვუწევთ კონსულტაციას და აქედან უმეტესობა მცირემიწიანია. ისინი ხშირად ამბობენ, რომ კარგი იქნება არსებობდეს უფასო ბაზრობები, სადაც ფულს არ გადაიხდიან და პროდუქტის გაყიდვას შეძლებდნენ. ეს უნდა იყოს მცირე ფერმერთა ბაზარი, სადაც საკუთარი მოსავლის გაყიდვას გლეხები ნორმალურად მოახერხებენ. სისტემა რომ მეტად მოწესრიგებული იყოს, კრიზისს უფრო მომზადებული შევხვდებოდით. ბაზრობების დახურვა ადვილია, მაგრამ ამისთვის არავინ აღმოჩნდა მზად“, – განაცხადა ჭიჭაყუამ.
მისი ინფორმაციით, ეპიდემიის გამო ათასობით შინამეურნე უსაქმოდ დარჩა, რაც კრიზისულ სიტუაციას უფრო მეტად ამძიმებს.
,,ხალხს სოფლის პროდუქტი ვერ გამოაქვს გასაყიდად, ეს დიდი პრობლემაა. ზოგიერთ ფერმერს სწორედ ამ პერიოდისთვის ჰქონდა გადანახული ხილი, ძირითადად ვაშლი, რომ მეტი მოგებით გაეყიდა, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ახერხებს. პრობლემაა ისიც, რომ ხალხს მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის შესაძლებლობაც არ აქვს. ქვეყანაში რამდენიმე სამაცივრე მეურნეობაა, მაგრამ არ აქვს ხალხს ინფორმაცია და არ იცის, რა მოუხეროს მოსავალს. როგორმე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ სამომავლოდ მაინც გამოუვალი სიტუაცია არ შეიქმნას“, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” მიხეილ ჭიჭაყუამ.
ირაკლი ლომიძე
წყარო: www.resonancedaily.com