კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა – მაისი 2025
2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%იყო. 2023 წელს ზრდის ტემპის შენელება, რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და ნავთობის შედარებით დაბალ ფასებს უკავშირდებოდა.
2024 წელს ზრდა 6.6%-მდე აჩქარდა, რაც დიდწილად მონეტარული შემსუბუქების შედეგია.
2025 წლიდან ზრდის ტემპი ისევ შენელდა. იანვარ-მარტში კავკასიის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა.
2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ითგაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარმარტში ეკონომიკა 9.3%-ით გაფართოვდა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული და ტექნიკური საქმიანობების, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობების, მშენებლობის და ტელეკომუნიკაციების სექტორებმა შეიტანა. კლება დაფიქსირდა დამმუშავებელ მრეწველობაში.
2024 წელს სომხეთის ეკონომიკა 8%-ითგაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ეკონომიკა 4.1%-ით გაფართოვდა. სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებულ როლს სავაჭრო სექტორი თამაშობს, რომელმაც ამ პერიოდში 6%-ით მოიმატა, სამშენებლო დარგმა კი-13.6%-ით. მომსახურებაში გამოშვება კი 11.5%-ით გაფართოვდა.
2024 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.1%-ით გაფართოვდა. მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკა 0.3%-ითგაიზარდა. აზერბაიჯანის ეკონომიკის 32.6%-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იკავებს. ამ ინდუსტრიის გარეშე, ზრდის ტემპმა 2.5% შეადგინა. სოფლის მეურნეობა კი 1.1%-ით გაფართოვდა.
ინფლაციის მაჩვენებელი კავკასიის რეგიონში, ძირითადად, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს იმეორებს. საუკეთესო მდგომარეობა სომხეთშია, ხოლო ფასების დონის ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში დაფიქსირდა.
2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. აპრილის ინფლაციაში მაღალი წვლილი ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 9.2% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.4%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.2% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2.4%-იანი კლება ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზე შენარჩუნდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. მარტში ეს ნიშნული 5.9% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში წინა პერიოდებში შედარებით მაღალი ინფლაციით გამოირჩეოდა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.