კენკროვანი კულტურების გასხვლის თავისებურებანი
წითელი მოცხარი
წითელი მოცხარის გასხვლის მთავარი მიზანია გადაშლილი, კარგად განათებული ბუჩქის მიღება, სადაც ხორციელდება მობერებული ძირითადი ტოტების ახალი ნაზარდით დროული ჩანაცვლება და რეგულარული გამეჩხერება ჩახშირების თავიდან აცილების მიზნით.
I წელს ფორმირება იწყება დარგვის შემდეგ, დარგვისას ნერგის ყველა ტოტი გადაიჭრება ნიადაგიდან 3-4 კვირტზე.
II წელს წინა წლის ნაზარდებიდან შეირჩევა და დარჩება მხოლოდ 3-4 ყველაზე ძლიერი ტოტი, ხოლო ყველა დანარჩენი ტოტი ამოიჭრება რგოლზე. თუ ნაზარდი სუსტია, ძლიერი ტოტების დამოკლება ხდება ნიადაგიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე.
III წელს ყველა ორწლიანი ტოტი დარჩება, მათზე განვითარებული ზოგიერთი ჩამახშირებელი მეორადი ტოტები ან დამოკლდება ან ამოიჭრება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ტოტების ამოჭრა ხორციელდება ღეროს მართობულად ისე, რომ მასზე დარჩეს სამკუთხედი ქუსლი, მომავალი წლისთვის ძლიერი, ორწლიანი სანაყოფე ტოტის მისაღებად. წინა წლების ნაზარდებიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი, სივრცეში პროპორციულად განლაგებული 3-4 ტოტი; დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე.
IV წელს ბუჩქებზე დარჩება ყველა 3-წლიანი და 2-წლიანი ტოტი. მათზე განვითარებული ზოგიერთი ჩამახშირებელი მეორადი ტოტები ან დამოკლდება ან ამოიჭრება. წინა წლის ნაზარდებიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი 3-4 ტოტი; დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე.
V წელი და შემდეგ – ამოიჭრება ყველა 4-წლიანი, მობერებული ტოტი. წინა წლის ნაზარდებიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი 3-5 ტოტი. ზოგადად მოცხარის გასხვლისას დაცული იქნება სხვლის შემდეგი პრინციპი: ამოისხვლება დაზიანებული, დაავადებული, ნიადაგზე გართხმული და ჩამახშირებელი ტოტები, დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე. ბუჩქში არ დარჩება 4 წელზე მეტი ხნოვანების ტოტი. სწორად ჩამოყალიბებული მოცხარის ბუჩქი შედგება 3-4 ერთწლიანი, ამდენივე ორწლიანი და სამწლიანი ძირითადი ტოტებისაგან.
შავი მოცხარი
შავი მოცხარის ისხვლება წითელი მოცხარის მსგავსად, განსხვავებულია მხოლოდ სანაყოფე 2-3 წლიანი ტოტების გასხვლა: მესამე წლიდან მიმართავენ ამ ტოტების დამოკლებას განტოტვის ადგილამდე და მეორად ტოტებზე გადაყვანას.
ჟოლო
ჟოლო მოსავალს იძლევა გასული წლის ტოტებზე, რომლებიც მოსავლის მოცემის შემდეგ ხმება. იმავე წელს, ფესვის კვირტებიდან ამოდის ახალი ერთწლიანი ტოტები. ამ ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებაზე არის აგებული სხვლის სტრატეგია. გასხვლა ტარდება გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ამ დროს ახდენენ ყველა ძველი ტოტის ამოჭრას და ახალი ნაზარდების გათხელებას. აუცილებელია, რომ რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40 სმ-ს, რადგან ფართო რიგებში მატულობს დაავადებების გავრცელების ალბათობა. პლანტაციის ყოველ 1 გრძივ მეტრზე უნდა დარჩეს არაუმეტეს 16–20 ძლიერი, ერთწლიანი ტოტი. დარჩენილ ტოტებს ამოკლებენ ერთი მეოთხედით ან ერთი მეხუთედით. ასეთი ტიპის გასხვლა გამოყენებულია ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებზე. რაც შეეხება შემოდგომის მსხმოიარე ჯიშებს, მათი გასხვლა უფრო მარტივია: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.
საყრდენი სისტემის მოწყობა
ცნობილია, რომ ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად იზნიქება ნაყოფის სიმძიმით, ამიტომ ჟოლოს პლანტაციის გაშენებისას აუცილებელია საყრდენი სისტემის მოწყობა. ყველაზე უფრო გავრცელებულია მარტივი ტიპის შპალერული ან T-სებრი საყრდენი სისტემა. საყრდენ სისტემაზე მცენარეების დამაგრება ხდება კანაფის ან პოლიეთილენის ბაწრის მეშვეობით.
მარტივი ტიპის შპალერი შედგება ხის ბოძებისგან და 0.90-1.00 მეტრ სიმაღლეზე გაბმული ერთი მავთულისგან. ბოძებს შორის მანძილი 10-12 მეტრია, ბოძის დიამეტრი 70-80 მმ, ბოძების სიმაღლე – 1.30-1.50 სმ მიწის ზედაპირიდან. მავთული გაბმულია ორივე მხრიდან.
ჟოლოს ფორმირების წესები
T-სებრი ტიპის შპალერი შედგება ხის ბოძებისგან, რომლებზეც თ-სებურად, 1 მეტრ სიმაღლეზე, ჰორიზონტალურად დამაგრებულია 40 სმ სიდიდის ფიცარი. ბოძებს შორის მანძილი 10-12 მეტრია, ბოძების სიმაღლე – 1.30-1.50 სმ მიწის ზედაპირიდან. ორი პარალელური მავთული გაბმულია ორივე მხრიდან. საყრდენ სისტემაზე ტოტების მიბმა ხორციელდება ან პირდაპირ ბაწრის საშუალებით ან მავთულის გასწვრივ გაბმული მეორე წვრილი თოკის საშუალებით, რომელიც სპირალურად არის დახვეული მთავარ მავთულზე.
ხურტკმელი
ხურტკმელის გასხვლისას გამოყენებულია მოცხარის გასხვლისთვის დამახასიათებელი პრინციპები – მთავარი მიზანია მობერებული, ძირითადი ტოტების ახალი ნაზარდით დროული ჩანაცვლება.
I წელი – დარგვისას ერთტოტიანი ნერგი გადაიჭრება ნიადაგიდან 3-4 კვირტზე. მრავალტოტიანი ნერგი დამოკლდება ნახევრამდე.
II-III წელი – წინა წლის ნაზარდებიდან შეირჩევა და დარჩება მხოლოდ 3-4, ყველაზე ძლიერი ტოტი, რომელიც გადაიჭრება ნახევარზე. ყველა დაზიანებული და მიწასთან გართხმული ტოტი ამოიჭრება.
IV-V წელი – ბუჩქებზე დარჩება ყველა 4-წლიანი, 3-წლიანი და 2-წლიანი ტოტი. გასული წლის ნაზარდებიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი 3-4 ტოტი, რომელიც დამოკლდება ნახევრამდე. ყველა დაზიანებული და მიწასთან გართხმული ტოტი ამოიჭრება.
VI-VII წელი – ამოიჭრება ყველა მობერებული ტოტი. წინა წლის ნაზარდებიდან დარჩება მხოლოდ 3-4 ყველაზე ძლიერი ტოტი; თუ ბუჩქი დასუსტებულია და ნაზარდი სუსტია, საჭიროა ბუჩქის მთლიანი გაახალგაზრდავება – მხოლოდ 3-4 ერთწლიანი ტოტის დატოვება და მათი გადაჭრა 3-4 კვირტზე.
მაყვალი
მაყვალი ხასიათდება მრავალი ამონაყრის განვითარების გაძლიერებული უნარით, რაც დედამცენარეს ართმევს საკვებ ნივთიერებებს და ჩრდილავს. მაყვლის გასხვლა დამყარებულია ამ მცენარის 2-წლიანი განვითარების ბიოლოგიური ციკლის გამოყენებაზე. მაყვლის გასხვლა-ფორმირება დამოკიდებულია ასევე მაყვლის ტიპზე. არჩევენ ამართულღეროიან და ლიანისებურ მაყვლის ჯიშებს. გასათვალისწინებელია, რომ მაყვლისთვის აუცილებელია 3-4მავთულიანი საყრდენი სისტემის მოწყობა.
ამართულღეროიანი მაყვლის ჯიშების გასხვლა
I წელი – დარგვისას მაყვლის ნერგი გადაიჭრება 20-25 სმ-ის სიმაღლეზე. როდესაც მიმდინარე წლის ნაზარდი მიაღწევს 1.0-1.2 მეტრს, ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით ადრე ზაფხულში. ერთწლიანი ტოტი იწყებს მეორადი ტოტების განვითარებას და მომდევნო წლისთვის საყვავილე კვირტების ჩასახვას. თუ მიმდინარე წლის ნაზარდი სუსტია და არ იძლევა საშუალებას მივიღოთ მომავალი წლისთვის საკმარისი ტოტები, მაშინ მეორე წლისთვის დატოვებენ ერთ ყლორტს და გადაჭრიან 20-25 სმ-ზე, შემდეგ გამეორდება ფორმირების ამ მუხლში აღწერილი ღონისძიებები.
II წელი – ადრე გაზაფხულზე გასული წლის ტოტებიდან შეირჩევა და დარჩება 3-5 ყველაზე ძლიერი ტოტი. ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად მას ამოკლებენ 20-25 სმ-ით. მოსავლის მიღება ამ წელს ხდება სწორედ ამ ტოტებზე. მიმდინარე წლის ნაზარდებიდან შეარჩევენ 3-5 ტოტს, რომლებსაც (1.0-1.2 მეტრის მიღწევისას) ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით. სხვა ამონაყრებს აცილებენ მცენარეს.
III წელი – მოსავლის მომცემი ყველა 2-წლიანი ტოტი ამოიჭრება მიწასთან, წინა წლის დარჩენილ 3-5 ტოტს ამოკლებენ 20-25 სმ-ით. თუ ეს ტოტები ღონიერია, მათი დამოკლება ხდება მხოლოდ 10-15 სმ-ით. მიმდინარე წლის ნაზარდს, ისევე როგორც წინა წელს, როდესაც მიაღწევს 1.0-1.2 მეტრს, ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით. სხვა ამონაყრებს აცილებენ მცენარეს.
IV და შემდეგი წლები – იმეორებს წინა ორ წელს გამოყენებული გასხვლის ციკლს.
ლიანისებრი მაყვლის ჯიშების გასხვლა
I წელი – დარგვისას მაყვლის ნერგი გადაიჭრება 25-30 სმ-ის სიმაღლეზე. ზაფხულში ახალი ყლორტებიდან შეარჩევენ 6-8-ს და ახდენენ მის დამაგრებას საყრდენ სისტემაზე: ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფორმირების ორი მეთოდი: (ა) ორმხარიანი კორდონი – 3-4 ტოტი გადაიწევა და დამაგრდება ერთ მხარეს, დარჩენილი ტოტები გადაიწევა და დამაგრდება მეორე მხარეს. დამაგრება მოხდება პირველ მავთულზე. ბ) ცალმხარიანი კორდონი – ყველა ტოტი გადაიწევა და დამაგრდება მხოლოდ ერთ მხარეს: პროპორციულად 2-3 ტოტი პირველ, 2-3 ტოტი მეორე მავთულზე, 2-3 ტოტი მესამე მავთულზე.
თუ ამ წლის ნაზარდი სუსტია და არ იძლევა საშუალებას მივიღოთ მომავალი წლისთვის საკმარისი ტოტები, მაშინ მეორე წლისთვის დატოვებენ ერთ ყლორტს და გადაჭრიან 20-25 სმ-ზე, შემდეგ გამეორდება ფორმირების ამ მუხლში აღწერილი ღონისძიებები.
II წელი – ადრე გაზაფხულზე: (ა) ორმხარიანი კორდონის ტიპით ფორმირებისას – პირველ მავთულზე დამაგრებული ტოტები აიხსნება და აიწევა ზედა მავთულებზე პროპორციულად. სასურველია თითოეულ მავთულზე მხოლოდ ერთი ტოტი – სუსტი ტოტები ამოიჭრება მიწასთან, მეორადი ტოტები კი გამეჩხერდება. (ბ) ცალმხარიანი კორდონი – სუსტი ტოტები ამოიჭრება, მეორადი ტოტები გამეჩხერდება. ზაფხულში: (ა) ორმხარიანი კორდონი – ახალი ტოტებიდან აირჩევა 3-4 ტოტი, გადაიწევა და დამაგრდება ერთ მხარეს, 3-4 ტოტი გადაიწევა და დამაგრდება მეორე მხარეს. სხვა ამონაყრები ამოიჭრება მიწასთან. დამაგრება მოხდება პირველ მავთულზე. ბ) ცალმხარიანი კორდონი – ყველა ტოტი გადაიწევა და დამაგრდება წინა წლის სანაყოფე ტოტების საპირისპირო მხარეს, იგივე წესის დაცვით – 2-3 ტოტი პირველ, 2-3 ტოტი მეორე, 2-3 ტოტი მესამე მავთულზე.
III წელი – ადრე გაზაფხულზე: (ა) ორმხარიანი კორდონის ტიპით ფორმირებისას – წინა წელს მსხმოიარე ტოტები ამოიჭრება მიწასთან. პირველ მავთულზე დამაგრებული ერთწლიანი ტოტები აიხსნება და აიწევა ზედა მავთულებზე პროპორციულად, მეორადი ტოტები გამეჩხერდება. (ბ) ცალმხარიანი კორდონი – სუსტი ტოტები ამოიჭრება, მეორადი ტოტები გამეჩხერდება. ზაფხულში: (ა) ორმხარიანი კორდონი – ახალი ტოტები ისევ დამაგრდება პირველ მავთულზე ორივე მხარეს. სხვა ამონაყრები ამოიჭრება მიწასთან. ბ) ცალმხარიანი კორდონი – ყველა ახალი ტოტი გადაიწევა და დამაგრდება სანაყოფე ტოტების საპირისპირო მხარეს, იგივე წესის დაცვით – 2-3 ტოტი პირველ, 2-3 ტოტი მეორე, 2-3 ტოტი მესამე მავთულზე.
IV და შემდეგი წლები – დაცულია წინა წლებში გამოყენებული გასხვლის წესი.
კუკური ძერია ს/მ მეცნიერების დოქტორი,
ზვიად ბობოქაშვილი, ს/მ მეცნიერების დოქოტორი