კეთილშობილი დაფნა (LAURUS NOBILIS)
მსოფლიოში არსებულ მრავალ მცენარეს შორის, დაფნა ერთ-ერთი უძველესი მცენარეა. მისი ფოთლები გამოირჩევა ამავე კულტურისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური არომატით, რასაც განაპირობებს მასში დიდი რაოდენობით არსებული სურნელოვანი ნივთიერებები.
დაფნა ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში, პარფიუმერიაში. აღსანიშნავია მისი სამკურნალო თვისებები სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად, რის გამოც მან მედიცინაშიც დიდი აღიარება პოვა, ამიტომაც სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია, ის ერთ-ერთ წამყვან სასოფლო-სამეურნეო კულტურად დავასახელოთ.
კეთილშობილი დაფნა LAURACEAE-ს ოჯახსა და LAURUS-ის გვარს ეკუთვნის. მისი სახელწოდება ლათინურად ასე გამოთქმის (LAURUS NOBILIS).
დაფნა მარადმწვანე მცენარეა, მისი სწორად მოვლა-პატრონობის შემთხვევაში ის 6-დან 16 მ-მდე სიმაღლის იზრდება, მაგრამ რადგან მცენარე გასხვლას კარგად იტანს, მას დეკორატიულ მცენარეთა რიცხვს მიკუთვნებენ. მისი ფოთლის სიცოცხლისუნარიანობა 8-9 წელიწადს აღწევს.
მცენარე ძველი ფოთლების ჩამოცვენის შემდგომ ახალი ფოთლებით იფარება. ყვავილობას 6-8 წლის ასაკიდან იწყებს და ყვავილობის ხანგრძლივობა ეკოლოგიურ პირობებთანაა დაკავშირებული.
დაფნას ახასიათებს ძლიერ დატოტვილი ფუნჯა ფესვი, რის გამოც ის ნიადაგში საკმაოდ ღრმად ვრცელდება.
ლიტერატურული მონაცემების მიხედვით დაფნა ხმელთაშუა ზღვის ფლორას ეკუთვნის. ის სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა და სწორედ ამიტომ საქართველოში მისი ზრდა განვითარება უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე თავის სამშობლოში. მცენარე ამტანია არახელსაყრელი პირობების მიმართ, როგორებიცაა: გვალვა და დაბალი 100-120 ტემპერატურა.
დაფნის გავრცელება საქართველოში
საქართველოში დაფნის მრავალი სახეობაა გავრცელებული. დღეს დაფნის ნარგაობების სიმრავლით საქართველოს რეგიონებიდან პირველ ადგილს სამეგრელო იკავებს. კერძოდ: ხობის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტები. ისტორიული დასაბუთებით ამ რაიონებში საბჭოთა კავშირის დროს ფართოდ იყო გავრცელებული დაფნის მწარმოებელი მეურნეობები, რომლებიც ამ რაიონებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სეგმენტს წარმოადგენდა, ამიტომაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში კვლავ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დაფნის კულტურის განვითარებას მთელ კოლხეთის დაბლობზე, რადგან კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკული კულტურების, მათ შორის დაფნის, წარმოების განვითარების მნიშვნელოვანი ბაზაა.
ჩვენ ქვეყანაში დაფნა, სხვა სუბტროპიკულ კულტურებთან შედარებით, დიდი ისტორია აქვს, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მის ფართო გამოყენებასა და დამუშავებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა მანამ სანამ ანასეულის ჩაის და სუბტროპიკული კულტურების კვლევითმა ინსტიტუტმა არ დაიწყო აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა.
მ. ბზიავას დასაბუთებით წითელმიწა ნიადაგების პირობებში, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა ახალგაზრდა ჩაის პლანტაციაში K-ის (კალიუმი) ეფექტიანობა ნაკლებადაა გამომჟღავნებული, განსხვავებით დაფნისგან. დაფნის მიმართ შეიმჩნეოდა განსხვავებული სურათი. K-ის მოქმედება კულტურის 4-5 წლის მცენარეში იგი უკვე შესამჩნევია და ის ასაკის მიხედვით იზრდება. რაც კიდევ უფრო ადასტურებს იმ აზრს, რომ დაფნის მოთხოვნილება კალიუმიანი სასუქების მიმართ დიდია. მისივე მონაცემებით მინერალური და ორგანული სასუქების ერთობლივი გამოყენება, გაცილებით კარგ შედეგს იძლევა ვიდრე მათი მცენარისთვის ცალ-ცალკე მიწოდება.
ფერმერები ხშირად გვეკითხებიან თუ რომელი სასუქი უნდა შევიტანოთ დაფნის პლანტაციაში, ჩვენივე მონაცემებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი სასუქების შეტანა რომლის შემადგენლობაშიც შედის K (კალიუმი), მაღალ შედეგს იძლევა, რის შემდეგაც დაფნის მცენარეს უძლიერდება იმუნური სისტემა, ის გამძლეა სხვადასხვა მავნებელ-დაავადებების მიმართ და მასში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს მისთვის დამახასიათებლად. ასევე იზრდება მისი ფოთლის ხარისხი და სიჯანსაღე.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებში პროდუქციის ხარისხის და მოსავლიანობის გაზრდა დიდადაა დამოკიდებული მათი წყლით უზრუნველყოფაზე.
როგორც ცნობილია მცენარის ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები, მისი ნორმალური ზრდა განვითარება დამოკიდებულია უჯრედში წყლის გარკვეული რაოდენობის არსებობაზე. დამტკიცებულია, რომ დაფნის მცენარეში 53-63 პროცენტი წყლის დაკარგვის შემთხვევაში ფოტოსინთეზის ენერგია თითქმის ნულამდე ეცემა, რაც მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.
ცნობილია რომ წყლის დაკარგვის დროს მცენარის ფოთლებში ხდება ტურგორის შესუსტებას, ფოთლების ჭკნობას, იკეტება ბაგეები რის შემდეგაც ფოტოსინთეზის ინტენსივობა ქვეითდება. დადგენილია, რომ დაფნაში და არამარტო დაფნაში, სხვა მცენარეებში სასუქების შეტანა ძალზედ აუმჯობესებს წყლის რეჟიმს. პირველ რიგში ის აძლიერებს ფესვთა სისტემის მიერ წყლის შთანთქმის პროცესს. განსაკუთრებულ როლს ყოველივე ამაში აზოტოვანი, ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები ასრულებს, ამიტომაც დაფნის კულტურაში კომპლექსური სასუქების გამოყენება სხვა პროცესებთან ერთად წყლის რეჟიმის დარეგულირებასაც მოახდენს, მაგრამ აუცილებელია დავიცვათ როგორც სასუქების შეტანის, ასევე წყლის მიწოდების დოზები, რადგან მოჭარბებული ტენიანობის და სასუქების მაღალი დოზების მიწოდების შემთხვევაში ბრკოლდება მცენარეთა ზრდის პროცესი.
საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ კეთილშობილი დაფნის პლანტაციების აღორძინება და მასიურად გადამუშავება ძალზედ დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე დაფნას საქართველოში დიდი ისტორია აქვს და მისი მოვლა-მოყვანისათვის ყველა პირობას აკმაყოფილებს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ტენიანი კლიმატი.
გიორგი სალუქვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების სტუდენტი