აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ხალხური რიტუალები და წეს-ჩვეულებები

ჩვენი აზრით, ღრმა შესწავლას მოითხოვს მეცხოველე­ობას­თან დაკავშირებული ის ხალხური ტრადიციები, რომლებიც ათეული საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და იხვეწებოდა  ჩვენი წინაპრების მიერ და რომლებმაც ჩვენამდე ძირითადად ზეპირი გადმოცემის სახით მოაღწია.

ეს წესები თუ ტრადი­ციე­ბი დაკავშირებული იყო ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას­თან. ზოგი  ეხება სხვადასხვა რიტუალს, შელოცვას, მსხვერპლთშეწირვას, ნაწილი კი ურთიერთდახმარების ფორ­მებს და სხვა.

ზოგი თქმულების სახით არის გადმო­ცემული, ზოგი კი ემპირიული სახით ხალხშია გაბნეული და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ჩანაწერის სახით  მოსახლეობაში იშვიათად ან თითქმის არ გვხვდება. ერთი უბრალო შეხედვითაც ჩანს, რომ მათ უმრავლესობას ძი­რი შორეულ წარსულში აქვს. ბევრი  ეხება  უშუ­­ალოდ ცხოველებს, მაგალითად, შელოცვები, სხვადასხვა სახის რიტუალი და სხვა, ზოგი კი ადამიანთა ყოველდღიურ  ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. 

ჩვენ (სამეცნიერო ეთნოგრაფიული ექსპედიცია)  შევძელით ჩაგვეწერა ზოგიერთი, რაც მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ მდიდარი ტრადიციებისა, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონიათ.

რამდენადაც მეცხოველეობა ადრე განვითარდა, ვფიქრობთ, მასთან დაკავშირებული რიტუალები თუ შელოცვები უფრო ძვე­ლია, ვიდრე ადამიანთა ურთიერთობაში არსებული ბუნებ­რი­ვად დაკანონებული ტრადიციები, რომლებიც საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ვითარდებოდა, სახეს იც­ვ­ლიდა ან კიდევ ახალ ფორმას იძენდა.

ეთნოგრაფიული ექსპედიციის მიერ ქვემო სვანეთში (ლენ­ტე­ხის რ-ნი, სოფელი მოაში) 1985 წელს ჩაწერილია ლოცვები, რომ­ლე­ბიც ცხოველებს ეხება. იგივე ლოცვები ჩაუწერიათ  1935 წელს და უფრო ფართო მოცულობით, სა­დაც ძალიან მდიდარი ეთნოგრაფიული მასალაა თავმოყრილი _ ჩანაწერის სახით. საქართველოს ყველა მთიან მხარეში მეურ­ნე­ო­ბის ძირითად ფორმას მესაქონლეობა წარმოადგენდა. ერთ-ერ­თი იყო სვანეთი. როგორც ცნობილია, აქ მეცხო­ვე­ლეობა ადრე განვითარდა და შემდგომშიც მაღალ დონეზე იდ­გა მისი მოვლა-პატრონობა, მკურნალობა თუ ცხოველური ნა­წარმის ტექნოლოგია. რადგანაც იქ ყველაზე უკეთესი პირობები მსხვილფეხა პირუტყვისათვის იყო შექმნილი, ამიტომაც წარ­მო­ადგენდა სოფლის მეურნეობის ძირითად ფორმას, განსა­კუთ­რე­ბით უვლიდნენ ძროხებს და ასევე განსაკუთრებით უფრთხილ­დებოდნენ მაკე ფურებს, ეშინოდათ  ძროხის გაბერწების. ერთ-ერთი ლოცვა ეხება ძროხის მაკეობას და ნაყოფის შენარ­ჩუ­ნებას. მათი შეხედულებით, ეს ლოცვა კარგ შედეგს იძლეოდა.

ლოცვა ასე ჟღერს:

სამჯერ სახელითა ღვთითა,

მამითა სულითა წმინდითა,        

აბრამისა წყაროზე დედა-შვილი მოდიოდა,

შვილმა დედას ანი სთხოვა, ბანი სთხოვა;       

ანი არ მისცა, ბანი არ მისცა;

ანი დადგა, ბანი დადგა,          

ცა დადგა, ცაში ვარსკვლავი დადგა,

რაც ძროხამ ეს შეჭამოს, იმ ძროხას 

მუცელში ხბო დადგეს, არც იმძვრა უდროოდ,   

არც იყარა; ღმერთო, ეს ლოცვა ჩემი იყოს,

ბრძანება შენი იყოს, დრომდე, დრომდი,   

მართებლობამდი.

ხშირად ავ თვალს მიაწერდნენ  საქონლის ავადმყოფობას. ამ შემთხვევაშიც მის საუკეთესო წამლად ლოცვას თვლიდნენ. ამ შელოცვას ნათვალევის შელოცვას (სვანურად ნათალყვი-ლამ­ზირს) ეძახიან. მას  ადამიანებზედაც იყენებდნენ.

_ დედა მარია, ღვთის დედა მარია, დედა მარია,

რა გატირებს, რა გაჟივლებს, რავა რა მატირებს,

_ რავა რა მაჟივლებს, ჩამეიარა ურია ქეთერმა,

შამომთვალა, შამომღალა,     შამომიგირძნეულა;

ქსელი ამიშალა ძოწეულისა,

სკამი დამირღვია ოქროსა,

ცრემლი მაყრევინა მარგალიტისა,

ნუ შამომაღლოს ურია ქეთერმა,    

ქსელი ნუ ამიშალოს ძოწეულისა,  

სკამი ნუ დამირღვიოს ოქროსა,    

ცრემლი ნუ მაყრევინოს მარგალიტისა;

გასკდა შავი კლდე, გამოვარდა შავი ქალი,

მას გამოყვა შავი გველიისე ტყდება, ისე გჯება;

იმ ბავშვის, ქალის მღალავს,

მთვალავს გულში მახვილი, თვალში ნაცარი,

ასი კონა ეკალი გულს ასვია,

ასი კონა მახათი თვალს ასვია.

ფუ! აი რუუი, რუი მის მთვალავს, მის მღალავს.

ამ შობას წმინდა გიორგის ჯვარი სწერია.  

ასევე აქვთ წელკავის შელოცვა. „როცა წელკავი გამოუვლის საქანელს ის თავის შელოცვას თხოულობს“:

ლამზირ-წელკავი ათი ქუთუნი,          

ჩარი ჩარენი სამი სოფელი,

ერსკენის შვილი, ანიისა, განიისა         

მოუკელი კელიასა,    ერგო ცხენსა რუხი მგელსა.

თითქმის მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება მსგავსი შელოცვები როგორც „ნათვალევის“, ისე ადამიანთა და ცხოველთა სხვადასხვა დაავადების განსაკურნავად.

საქართველოში გავრცელებულ ტრადიციებზე წარმოდგენას გვაძლევს, აგრეთვე, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე რელი­გი­უ­რი გადმონაშთები და გამოქვაბულთა კედლებზე შესრულე­ბუ­ლი, შემორჩენილი გამოსახულებანი, ფოლკლორული მასალები და სხვა.

აკადემიკოსი ი. ჯავახიშვილი წერდა, რომ საქართველოს რელიგიურ წეს-ჩვეულებებში უპირველესი მნიშვნელობა ენი­ჭე­ბა წმინდა გიორგის, შემდეგ მოდის ღმერთი _ ქვეყნის შემ­ქმნე­ლი, ბოლოს „ელია“ (ილია) _ ამინდის ღმერთი. ერთ-ერთი წეს-ჩვე­ულების მიხედვით გვალვის დროს აგროვებდნენ შესაწირ­ავებს, რომლებსაც ყიდდნენ და აღებული ფულით ბატკნებსა და თიკნებს ყიდუ­ლობ­დ­ნენ. ბატკნები შესაწირად მიჰყავდათ შემ­ქმ­ნელ ღმერთთან, ხოლო თიკნები – „ელიასთან“.

თუშეთში შემოღებული იყო „მგლის უქმე“. ფშაველთა წარ­მოდ­გენით, ის ღმერთის მიერ იყო დაწესებული. ვინც ამ დღე­სა­სწაულში მონაწილეობას არ მიიღებდა, მის საქონელსა და ცხვარს მგელი შეჭამდა. მოხევეები ვნების კვირას აწყობდნენ „ცხვრის უქმეს“. მათი წარმოდგენით, ვინც ამ დღესასწაულში მი­იღებდა მონაწილეობას, მის ცხვარს მგელი ვერ გაეკარებოდა.

მ. რჩეულიშვილს მოჰყავს მაგალითი ცხვრის კულ­ტთან დაკავშირებით: ყაზბეგის ჩრდილოეთით სამ კილო­მე­­ტრზე სოფელ ცდოსთან მაღალ ბორცვზე დგას ნახევრად დან­გრეული ოთხკუთხა ქვის ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთ მხა­რეს მოთავსებულია ცხვრის კერპი გამოთლილი ანდე­ზი­ტი­სგან. მას უწოდებენ „კვირეის ყოჩს“, ე.ი. კვირიას ყოჩს. კვი­რიას ყოჩთან დაკავშირებით დღესასწაული იმართებოდა აღდ­გო­მიდან მესამე კვირას. იქ მოდიოდნენ შესაწირი ცხვრებით.

კვირეის ყოჩის კერპთან კლავდნენ შეწირულ ცხვრებს და სთხოვდნენ მის გამრავლებას. აქ გაზაფხულზე ამოდიოდნენ მე­ცხვარეები, კლავდნენ დოლიდან მიღებულ პირველ ბატკანს, ლო­ცულობდნენ, სთხოვდნენ დოლის გამრავლებას და თავისი ცხვრის მფარველობას.

აქ ცხვრის კულტი დაფუძნებული იყო ღვთაება კვი­რია­ს­თან. ცდოს კერპს მოხევეები კვირიას ყოჩს უწოდებდნენ.

მოხევეებში გავრცელებული იყო სპარსანგელოზობა. სპარსანგელოზის ხატი იმყოფება მაღალ მთაზე _ ზღვის დონიდან ოთხი ათას მეტრზე, ყაზბეგის ახლოს. აქ მოდიოდნენ მოხე­ვე­ე­ბი შესაწირი ცხვრებით ცხვრის კერპის თაყვანის საცემად, რო­მელსაც ადრე წვერის ანგელოზი ცხვარი ეწოდებოდა, ხოლო შემ­დეგ სპარს-ანგელოზის ცხვარი. მლოცველები წვერისანგე­ლოზის კერპს თაყვანს სცემდნენ, თან სამჯერ შემოუვლიდნენ მუხლებზე დაჩოქვით. ზოგს შემოვლის დროს ხელში ქვები ეჭირა  და სთხოვდნენ მფარველობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. დეკანოზი კი ლოცავდა ხალხს დროშა-ხატით ხელში, რომელზეც ზარები იყო მიმაგრებული. ზარების ხმაური ახშობდა შესაწირი ცხოველების ღრიალს.

ცხვრების გარდა წვერის ანგელოზს სწირავდნენ  ბეჭდებს, სამაჯურებს, სხვადასხვა სამკაულს, რათა მის­გან შეწყალება მოეპოვებინათ.  

დაახლოებით, ასეთივე სურათს ვხედავთ მეზობელ მხა­რეებ­შიც, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში. ნარზანში ჩა­წე­რი­ლი მასალების მიხედვით თუ ძროხა წველას უკლებდა, პატრონს აღარ იკარებდა და წველისას წიხლს კრავდა, თავს დაბლა ჩამოუშვებდა, ფიქრობდნენ, რომ ის გათვა­ლული (თვალნაცემი) იყო. მას ქალები შეულოცავდნენ და „თუ მართ­ლა თვალნაცემი იყო საქონელი, ის აუცილებლად მორჩებოდა“. ისინი ულოცავდნენ, აგრეთვე, ადამიანის მსგავსი რაღაც სუ­ლის წინააღმდეგ, რომელსაც საქონელს აწვალებდა. შელო­ცვე­ბი უმეტეს შემთხვევაში როგორც საქართველოში, ასევე ჩრდი­ლოეთ კავკასიაში სპეციალურად გამოყოფილ ასაკოვან ხალხს ჰქონდა მინდობილი. ისინი ძირითადად  ქალები იყვნენ.

წარმოდგენა ჰქონდათ  ადამიანის მსგავს არსებაზე (სულ­ზე), საქონლის მტერზე _ ჯინებსა და ეშმაკეულზე, რომ­ლებსაც ვნება მოაქვთ საქონლისათვის ღამით. იმისათვის რომ ეს არსებები (ჯინიში და ღამიში) არ შესუ­ლი­ყვნენ საქონლის სადგომში, კარებთან საქონლის მეპატრო­ნეე­ბი დააკრავდნენ ლერწმის ხეს – დაიაროს. ეს დამცველი ჯე­ბირია, რომელზეც გადასვლაც ამ ავ სულებს არ შეუძლიათ. ყოველივე ამის შესრულების დროს თან ულოცავდნენ.

ჩრდილოეთ ოსეთში (ვლადიკავკაზი) ჩაწერილია მასალები, რომლებიც ასევე ეხება საქონლის კეთილდღეობასთან დაკავ­ში­რებულ რიტუალებს. თუ საქონელი ღამე გარეთ დარჩებოდა, იმის შიშით, რომ ის მგელს არ შეეჭამა, მიმართავდნენ „მგლის კბი­ლის შეკვრას“: ჩანთაში ჩადებდნენ პურს და ყველს, თავს შე­უკრავდნენ და კარებთან ჩამოკიდებდნენ. კარებთან წვერით დაარჭობდნენ ხანჯალს ან მაკრატელს. მათი აზრით, მგელს მო­უმზადეს საჭმელი და მგელი გარეთ დარჩენილ საქონელს კი არ მიეკარებოდა, არამედ მათ მომზადებულ საჭმელს შე­ჭამდა. როცა  საქონელს იპოვნიდნენ, ამ საჭ­მელს გა­და­აგ­დებდნენ. მგლის პირის შეკვრა ასეც ხდებოდა: დიდი მაკ­რატლის პირებს კბილებს შეუკრავდნენ, რომ ამით მგელს პირი შეკვროდა და კარებთან მიაყუდებდნენ. აქვე ჩამოკიდებდნენ ჩან­თას, სადაც საჭმელი იყო (ძირითადად პური და მარილი) და მიაყუდებდნენ ჯოხსაც. ეს ჯოხი მწყემსი იყო, რომელიც დაკარგულ საქონელს და­რა­ჯობდა. ყოველივე ეს ხელუხლებლად იყო, სანამ საქონელს იპოვნიდნენ.

საჭმლის მომზადებისას  ლოცულობენ, მგელს სთხოვდნენ, რომ პირი შეეკრა და საქონლისათვის არაფერი დაეშავებინა.

ძროხას, რომ თვალი არ სცემოდა, კუდზე ნა­ჭერს მოაბამდნენ, ყელზე კი პირველი შვილის ფეხსაცმლის ნაგლეჯს ჩამოკიდებდნენ. თუ შვილი არ ჰყავდათ, სხვას სთხოვდნენ სიყრმის შვილის ფეხსაცმლის ნაგლეჯს. ეს უკეთდებოდა მხოლოდ ძრო­ხებს. ცხენებს ჩამოკიდებდნენ ურძნის ხის გახვრეტილ ნაჭერს ან  დათვის ბრჭყალებს. ურძნის (Viburnum lantana L.) ხეს განსაკუთრებით ინგუშეთში ჰქონდა მაგიური მნიშვნელობა. ურძნის მაგარი ხეა და ეს თვისება განაპირობებდა,  რომ, სა­ქონლის დაცვის მიზნით, მსხვილფეხა საქონლის სადგომში ­­დებდნენ მის ჯოხს. ამასთან ყოველი მოქმე­დე­ბის შესრულების დროს ლოცულობდნენ, რომ საქონელი დაცუ­ლი ყოფილიყო. იცოდნენ საქონლის „ავი სულებისაგან“ დაცვის კი­დევ სხვა ხერხებიც: საქონლის სადგომის კარებთან დააჭე­დე­ბ­დნენ ცხენის დასაჭედ ლურსმნებს, ორკაპ ჯოხს კი მიწაში ჩაფლავდნენ ისე, რომ ვერავის და­ე­­ნახა. ან კიდევ საქონლის სადგომის კარებთან ამოთხრიდნენ მი­წას, დაკლავდნენ ქათამს, ხორცს შეჭამდნენ, ძვლებს და სისხლს ჩამარხავდნენ ამ ორმოში. ყოველივე ამას აკეთებდნენ, რათა „ავ სულს“ და „ავ თვალს“ ძა­ლა დაკარგოდა.

ასევე, საქონლის სადგომის კარებთან, სადაც საქონელი უნდა შესულიყო, ღამე დადებდნენ შიშველ ხანჯალს. მათი აზრით, ავი სულები, ეშმაკები ამ ხანჯალზე ვერ გა­დაა­ბიჯებდნენ. დღე კი ხანჯალს აიღებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ „ავი სულები და ეშმაკები ყოველთვის ღამე დადიოდნენ“.

ძროხას და ხბოს, რომ არავის გაეთვალა, ყელზე ჩამოკი­დე­ბ­დნენ ტყავის ნაჭერს _ პირველი შვილის მარცხენა ფეხის ფეხ­საცმლის ძირის ნაწილს. მარცხენა ფეხისას იმიტომ, რომ „ავი თვალით მოსული მარცხენა ფეხით მოდის და მას მარცხენა უნდა დახვედროდა“. გარდა ამისა ლურჯ ნაჭერში გამოხვევდ­ნენ მწვანე ქვას, ცოტა მარილს და ნახშირს. მას ჩამოკი­დებდნენ საქონელს კისერზე. თუ ძროხა მაკე იყო, კუდზე მოაბამდნენ წითელ ნაჭერს, რომ არ გაეთვალათ.

ყველა აღწერილ რიტუალს, როგორც შინაარსიდან ჩანს, ძა­ლიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ბევრი მათგანი მისი ჩაწერის დროსაც _ მე-20 საუკუნის 70-იან წლებშიც იყო შემორ­ჩენილი.

საქონლის შეწირვის დანიშნულების შესახებ საინტერესოა ზემო იმერეთში _ საჩხერის რაიონში (სოფ. იტავაზა) 1977 წელს  ჩაწერილი მასალა. აქ შეწირვა იცოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში საქონელი არ მრავლდებოდა. მიდიოდნენ ეკლესიაში და სთხოვდნენ მთავარანგელოზს მოემრავლებინა მათთვის სა­ქო­ნელი და პირობას დებდნენ, რომ ერთ სულ საქონელს შეს­წირავდნენ. შეწირული საქონლის გამოყენება შეპირების მიხედ­ვით ხდებოდა: დაკლავდნენ ოჯახში და მეზობლებს მიაწო­დებდ­ნენ, ან ოჯახში მოიწვევდნენ მეზობლებს. შეიძლებოდა, ასე­ვე, შეწირული ცხოველის ეკლესიის ეზოში გაშვება.

თუ შეწირულ საქონელს დაკლავდნენ _ უნდა დაეკლათ აუცილებლად „მთელ დღეს“. ასეთად ითვლებოდა: სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა. დანარჩენი დღეები „ნაკიან“ დღეებად ითვ­ლებოდა. შაბათი, ასევე ითვლებოდა სულის მოხსე­ნი­ების დღედ. შესაწირ ხარს სანამდე შეწირავდნენ, ორივე რქა­ზე ან ერთზე მაინც, სანთელს უნ­თებ­დ­ნენ. ასეთი საქონელი წინასწარ იყო შერჩეული, მას კარგად უვლიდნენ, ეფერებოდნენ, არ დაარტყამდნენ.

როცა საქონელს გამრავლებისთვის სწირავდნენ, მას აუცილებ­ლად ოჯახში კლავდნენ, აქ სალოცავი  არ ერეოდა. მაგრამ, როცა საქონელს ოჯახისათვის სწირავდნენ, ამ შემთხვევაში სა­ლო­ცავი ერეოდა: უნდა მოეწვიათ ხალხი, მოეყვანათ მღვდელი, გადაეხადათ წირვა. სადღეგრძელოშიც ამბობდნენ, რომ სალო­ცავს „შეეწირა“ (შეწირვა მიეღო).   

ვფიქრობთ, ინტერესს მოკლებული არ იქნება, ისევ გავიხ­სე­ნოთ საჩხერის რაიონში მოპოვებული მასალა წვრილფეხა სა­ქონლის მომრავლების შესახებ. მას წვრილფეხა საქონლის დღეს _ „მარეშელს“ უწოდებდნენ, მაგრამ მისი ძირითადი სახელი იყო მარეშელობა. მარეშელობა ხუთშაბათ დღეს უნდა გამარ­თუ­ლიყო, დიდი მარხვის დაწყებამდე. „ხუთშაბათს უნდა იყოს მა­რეშელი, მომდევნო კვირას ხორცის დაურწყებაა. ორშაბათს (თეთრი ორშაბათი) ყველიერია. მაშინ ხორცის ჭამა არ შეიძლე­ბა“.

იცოდნენ წმინდა მარეშელისადმი თხოვნა _ ოთხფეხი და ორფეხი (იგულისხმება  ფრინველი) მოგვიმრავლეო. თუ ავად გაუხდებოდათ წვრილფეხა საქონელი ან ფრინველი შესთხოვდ­ნენ მარეშელს: „წმინდა მარეშელო, გადაგვირჩინე და შენს სახელზე დავკლავო“. 

მარეშელობაზე იცოდნენ ღორის (ან გოჭის) და ქათმის და­კვლა, ასევე იცოდნენ მარეშელობისათვის ყვინჩილის დაკვ­ლა. მარეშელის მოახლოებისას ყვინჩილას  დააბამდნენ და ასუქებდნენ. მარეშელობა დღეს, დილით ადრე, სანამ ყვინჩილა რაიმეს შეჭამდა, დაკლავდნენ, გაპუტავდნენ და ჩამოკიდებდნენ მარჯვენა ფრთით. საღამოს (მზის ჩასვლამდე) მოხარშავდნენ და შეჭამდ­ნენ მხოლოდ ოჯახის წევრები. სტუმარი ამ დღეს არ მოდიოდა, მაგრამ თუ მაინც მოვიდოდა, მისთვის სხვა ქათამი უნდა დაეკლათ.

მარეშელისათვის შეწირული მამალი იმ საღამოსვე უნდა შეეჭამათ. მისი ბუმბული და ძვალი სრულად უნდა დამწვა­რიყ­ო­. თუ წვენი მორჩებოდა, მასაც იქვე ბუხარში ჩაასხამ­დ­ნენ.

მარეშელობა დღეს ღორიც დილით იკვლებოდა. ისიც ოჯა­ხის წევრებს უნდა შეეჭამათ. თუ გოჭი დაიკვ­ლე­ბოდა, მას შეწვავდნენ და შეჭამდნენ, დიდი ღორის შემთხვევაში ხორცს ინახავდნენ. მხოლოდ შემოსულ სტუ­მარს შეეძლო ამ დღეს  ღორის ხორცი შეეჭამა, გაგ­ზავ­ნით კი ვერავის გაუგზავნიდნენ, ვერც მეზობელს ვერ მიაწო­დებდნენ, ვერც იმ დღეს და ვერც შემდეგ დღეებში.

მარეშელისადმი მთხოვნელი და შემსრულებელი ქალი იყო _ წვრილფეხა საქონლისა და ფრინველის გამზრდელი. ამ დღეს ქალი სხვა საქმეს ვერ გააკეთებდა ოჯახში _ ნემსს ვერ იხმარდა, ვერ გარეცხავდა, ვერ მოქსოვდა, ვერ დართავდა, რადგანაც წვრილფეხა საქონლის და ფრინველისათვის „არ ვარგაო, დაიგრიხებაო, დაიხრჩობაო, კისერს მოიწმაწნისო, თვა­ლები აერევაო“ და ა.შ.  ერწო-თიანეთში კი იცოდნენ ზვარას შე­წირვა. ზვარა ხბოა, რომელსაც დეკეული პირველად მოი­გებს. მას საშობაოდ კლავენ. ზვარას სახლში კლავ­დ­­ნენ (შობის ხატში არ გადიოდნენ) და ის საქონლის გამრავ­ლე­ბას ემსახურებოდა. ხბო-ზვარა, რომ დაიბადებოდა შუბლს შეუტრუსავდნენ, სანთლებს დაანთებდნენ, ქალები ქადებს გა­მო­­აცხობდნენ და ასე დაილოცებოდნენ: „ბარაქა დაგვიდევი ნაწ­ველს და ნადღვებსო, ამბარში ნუ გა­მოგვილევ პურს და ფქვილს, თავთავიანსაო, შენც არ მოგაკ­ლებთ ზვარასაო, არც ნაწილსაო, არც რქიანსაო და არც ურქო საქონელსაო“.

იცოდნენ ასევე შობის ხატში ცხვრის დაკვლა (შეწირვა), მაგრამ არ შეიძლებოდა შავი ცხვრის შეწირვა, ამბობდნენ „მას ხატი არ მიიღებსო“.   

თუშეთში იცოდნენ ნათვალის შელოცვა. ეს ხდებოდა უზანის (ურძანი) (Viburnum lantana L.) მეშვეობით. ყოველ წე­ლიწადს ხარება დღეს, დილით ადრე ქალი წავიდოდა, მო­ტეხ­და და მოიტანდა უზანის ტოტს და შეინახავდა. როცა დასჭირ­დე­ბოდა იხმარდა. უმძრახი თვალის შელოცვის ნიშანია, მაგრამ ამავე დროს უზანის ტოტს ჰქვია. ის ყველა ოჯახს აქვს. ამ ტოტის პატარა ჩხირს მოტეხდნენ, ცოტა ტყვიასა და საკ­მეველთან ერთად ჩვარში შეახვევდნენ, თვალისას შეალო­ცი­ნებდნენ და წითელი ბაწრით ძროხას შეაბამდნენ კის­ერზე, რომ თვალი არ სცემოდა. ზოგჯერ მარტო უზანის შეხვეულ შე­ლოცვილ ჩხირსაც აბამდნენ. ასევე   ცურიან ფურს და ხარსაც თუ ის ავად იყო.

წყალტუბოს რაიონში (სოფელი ცხუნკური) მოპოვებული მა­სალების მიხედვით, როცა ძროხა პირველ ხბოს მოიგებდა, მის რძეს და ყველს 40 დღის განმავლობაში არ ჭამდნენ, რამდე­ნა­დაც საჭირო იყო მისი მიტანა სამლოცველოში. ეს კი ხბოს დაბადებიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა. ამ დღეს ძროხას რქებზე ანთებულ სანთლებს უკეთებდნენ და დაიწყებოდა ლოც­ვა. ამ დღეს ქალები კეცზე დიდ ხაჭაპურს აცხობდნენ. კაცები მოხდიდნენ პატარა ქვევრს. როცა ლოცვას დაამთავ­რებ­დ­ნენ, ერთმანეთს მიულოცავდნენ, შემდეგ გატეხდნენ ხაჭაპურს და დაიწყებოდა ქეიფი. სადღეგრძელოებშიც სთხოვდ­ნენ ღმერთს, რომ მათ ძროხას ბევრი მოეწველა.

რაჭაში (სოფელი ჭიორა) იცოდნენ ნებიერას დაკვლა. ნებიე­რას უწოდებდნენ ხარს, რომელმაც 14 – 15 წელი იმუშავა. შემდეგ თავისუფლად მიუშვეს. მას კარგად კვებავდნენ  და დასაკლავად ასუქებდნენ. ნებიერა შესაწირი არ იყო, მას საახალ­წლოდ კლავდნენ. ყოველ წელს ოჯახში ერთი ნებიერა იკვლებოდა.

ასეთივე დღესასწაული სცოდნიათ სხვა კუთხეებშიც.

რაჭისაგან განსხვავებით,  ის  მხოლოდ ღორის (ღორების) დაკვლას ემთხვეოდა, რაც ძირითადად წლის მიწურულს, დე­კემ­ბერში ხდებოდა. ამ დროისათვის ღორებს სპეციალურად ასუ­ქებდნენ, კლავდნენ და შაშხის (ლორი) სახით საზამთროდ ინახავდნენ. გარდა იმისა, რომ რაჭაში ნებიერას კლავდნენ, იქ საზამთროდ ღორებსაც „შაშხავდნენ“. ეს ტრადიცია საქართვე­ლოს ყველა კუთხეში იყო, რაც დროსტარებით (პურის ჭამით, ქეიფით) მთავრდებოდა.

ერთ-ერთი ნადიმის შესახებ მოთხრობილია ი. ჯავა­ხიშვი­ლის რედაქციით გამოცემულ წიგნში. აქ ზემო ქართლის სო­ფელ დირბში 1935 წლის ექსპედიციის დროს გლეხები ეთნოგ­რაფებს უყვებოდნენ: „დავპატიჟებდით მეზობლებს, ნათესავებს, გა­ვატარებდით დროს და მრავალჟამიერს დავძახებდით _ მოგვი­ლოცნია დღესასწაული, დაგვასწროს მრავალ ამ დროსა. შემდეგ ტოლუმბაში შემოსძახებდა სიმღერას:

„ჩონგურო, ჩემო ჩონგურო

მაღლა მოჭრილო ხისაო,    

მამიდაჩემის ნაქონო,

ბებიაჩემის ხნისაო“.

მრავალთა შორის ერთი კარგი ტრადიცია ჰქონიათ ჩვენს წინაპრებს.ეს არის ე.წ.  „ოჩხარი“. ის საქართველოს ბევრ კუთხეში გვხვდება და მისი მიზანი კეთილშობილური საქ­მეა. ის ემსახურებოდა საქმეში ჩავარდნილ, ღარიბი კაცის (ოჯა­ხის) დახმარებას და წინ წამოწევას. გვხვდება,  როგორც ცხვრის, ისე საქონლის ოჩხარი ან კიდევ სხვადასხვა მიზეზით გაღარიბებული ოჯახის დასახმარებლად. ოჩხარი იყო ადამიანების მოწვევა პურ-მარილზე დახმარების მიზნით. ხში­რად ასეთ შეკრებებზე ბევრი ადამიანი იყრიდა თავს, ისეთები, რომლებსაც სურვილი და შესაძლებლობაც ჰქონდათ დახმარე­ბოდ­ნენ გაჭირვებულ ადამიანებს. ასეთ შემთხვევებზე ზოგჯერ უცხო ადამიანიც მოდიოდა დახმარების მიზნით. როგორც არსებული მასალებიდან ჩანს, ხშირი იყო მეცხვარეთა ოჩხარი. ეს ალბათ იმიტომ, რომ, სტიქიური უბედურების გა­მო, ზოგჯერ ავადმყოფობით და ხშირად კი მძარცველების შე­მო­სევების გამო მეცხვარე ზარალდებოდა, ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი ფარა დაღუპვია ან წაურთმევიათ, მაგ­რამ ოჩხარის მეშვეობით ზარალი მთლიანად აღუდგენია.

1935 წელს ქიზიყში შეკრებელ მასალებში ვკითხულობთ, რომ ერთ მეცხვარეს ცხვარი გაწყვეტია და ოჩხა­რი­სათვის მიუმართავს. ერთ-ერთ ბინაში გაუმართია კარგი ქეიფი. როცა შე­ზარ­ხოშებულან, დაუწყიათ „გადალოცვა“ _ ვისაც რამდენი შე­სა­ძლებლობა ჰქონდა იმდენი უჩუქებია. ერთი კაცი სუფრის ბო­ლოში ჩუმად მჯდარა. როცა ყველას  თავისი სიტყვა უთქვამს, ამდგარა და ლექსად წარმოუთქვამს:

თქვენც კარგად მოგეხსენებათ ბორჯომი დიდი მთა არის;

სამი ათასი ცხვარი მყავ, იმის ბატკანი სხვა არი,

სამასი სული ცხენი მყავ, იმისი კვიცი სხვა არი,

სამოცი სული ძაღლი მყავ, იმისი ლეკვი სხვა არი,

სამასიც მიჩუქებია, მასზე ნაკლები რა არის.

ანალოგიური ამბავი ჩავიწერეთ ერწოში (სოფელი თოლენჯი) 1973 წელს. ერთ ღარიბ კაცს მოუწვევია ოჩ­ხარი. გამართულა ქეიფი _ ერთი უბრალოდ ჩაცმული კაცი მჯდარა მაგიდასთან განმარტოებით. ოჩხარის მომწყობს სუფ­რის წევრებმა ცხვარი აჩუქეს  იმის მიხედვით, თუ ვის რამდენი უნდოდა ან რამდენი შეეძლო. როცა ჯერი უცხო ადამიანზე მიდგა, მას უთქვამს:

შვიდი ათასი ცხვარი მყავს,

ბატკანარდატი სხვა არი,    

ჩვიდმეტი უღელ ხარი მყავს,

მაგათ მოჯერე სხვა არის,   

სამოცი მიჩუქებია,    

ერთი და ორი რა არის“.

როგორც ვხედავთ, ორივე ამბავი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. შეიძლება ორივე მასალას ერთი და იგივე შემთხვევა ედოს სა­ფუძვლად, მაგრამ ისიც შესაძლებელია, სულ სხვადასხვა ამბავი იყოს აღწერილი, რამდენადაც პირველი ოჩხარი ქიზიყშია მო­წყობილი და ამავე დროს ლაპარაკია ცხენებზე, კვიცებზე, ძაღ­ლებზე, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ხარებზე. ცხენები და ძაღლები იქ ნახსენები არ არის. ასეა თუ ისე „ოჩხარი“ ეტყობა, მასიურად გავრცელებული იყო. მეორე შემთხვევაში ხომ ის ერწო-თიანეთის რეგიონში ხდება. ამასთან ნათლად ჩანს ჰუმა­ნუ­რი დამოკიდებულება. ადამიანთა შორის ოჩხა­რის მონაწილეები მოდიოდნენ ამ შეკრებაზე თავიანთი სურვი­ლით, არავითარი სხვა ზემოქმედება არ ყოფილა. არც ერთ მოპოვებულ მასალაში ეს არ შეიმჩნევა.

ხშირად „ოჩხარის“ მოწყობის ინიციატორი იყო იმ ღარიბი კა­ცის გულშემატკივარი, ვის სახელზედაც ეწყობოდა ის და ვი­საც საჩუქრის სახით ცხვარს აძლევდნენ. ეს ინიციატორი „ოჩ­ხარიდან“ რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოუვლიდა „ოჩხარის” ყველა მონაწილეს, შეაგროვებდა ნაჩუქარ ცხვრებს და „ოჩხარის“ მომწყობს მიუყ­ვან­და.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ოჩხარი“ იმართებოდა არა მარ­ტო ცხვრის ჩუქების მიზნით, არამედ სხვა ცხოველების, მა­თი საკვების შოვნის თუ ღარიბი ოჯახისათვის სხვადასხვა სა­ხის დახმარების გაწევის მიზნით. მაგ. სოფელ გუჯარეთში (გუ­ჯარეთის ხეობა) ჩაწერილ მასალაში ნათქვამია, რომ ოჯახი გა­მართავდა პურ-მარილს, ლუდს მოადუღებდა, საკლავს დაკლავ­და, ხალხს დაპატიჟებდა, სადაც წინასწარ ატყობინებდა, რომ მოწვევა „ოჩხარს“ შეეხებოდა. Eეტყოდა, რომ ხბოს „ოჩ­ხარს“ აკეთებს. ვისაც ჰქონდა ხბოს გაცემის საშუალება, ის მოვი­დოდა ამ ნადიმზე და იტყოდა, რომ ამ ოჯახს ხბოს ჩუქნიდა. შემდეგ  (მეორე ან მესამე დღეს) „ოჩხარის“ მომწყობი ჩამოივლიდა და ხბოებს წაიყვანდა. ამას აკეთებდა, ის ვინც ღარიბი იყო და საქონლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა.

სოფელ ორხევში ჩაწერილი მასალების მიხედვით „ოჩხარს“ მიმართავდნენ მაშინაც, როცა გლეხს შემოაკლდებოდა მარცვ­ლე­ული ან საქონლის საკვები,  სახლი დაეწვებოდა ან კიდევ სხვა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალდებოდა და საშუალება არ ჰქონდა  მდგომარეობიდან გამოსულიყო. ასეთ შემ­თხ­ვევაში მისი ახლობელი (ნათესავი, მეზობელი) წინასწარ შე­ატყობინებდა ახლომახლო სოფლებში ხალხს, პურ-მარილს მოაწყობდა  და იქ ყველა იმას მოიტანდა, რისი შესაძლებლობაც ჰქონ­და.

სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, მოპოვებული მასა­ლე­ბის მიხედვით „ოჩხარის“ მსგავს შეკრებას „აზარა“ ერქვა. თუ მესაქონლეს საქონელი გაუწყდებოდა დაავადებით, სტიქიური უბედურებით ან სხვა რაიმე მიზეზით, გამართავდა წვეულებას. ვისაც სურ­ვილი და შესაძლებლობა ჰქონდა მოვიდოდა წვეულებაზე და დაზარალებულ ოჯახს თითო სულ საქონელს აჩუქებდა. ასე გა­მოიყვანდნენ ადამიანს გაჭირვებიდან.

რაჭაში (ამბროლაურის რაიონი სოფ. მოტყიერი, დოსია შარაბიძე-მიქიაშვილისა) მოპოვებული მასალის მი­ხედ­ვით იქაც იკრიბებოდა „ოჩხარზე“ ხალხი. ეს იმ შემთხ­ვე­ვა­ში, თუ ოჯახს უჭირდა _ სახლი დაეწვებოდა, საქონელი გა­უწყ­დებოდა ან ოჯახის უფროსი გარდაიცვლებოდა. ოჯახის მახ­ლო­ბელი ხალხს მოიწვევდა  და ისინიც შეძლების მიხედვით ეხ­მარებოდნენ დაზარალებულს _ ზოგი საქონლით, ზოგი სხვა­დასხვა ნივთით, სხვები ფულით და ა. შ.

ლეჩხუმში (ცაგერის რაიონი) ჩაწერილი მასალის მიხედვით, სოფელი ეხმარებოდა ჩამორჩენილ და უპატრონო კომლებს ან კი­დევ თუ ოჯახის მარჩენალი გარდაიცვლებოდა, მაშინაც იცოდ­­ნ­ენ ერთდროული დახმარება. ასეთ ოჯახებს ეხმარე­ბოდ­ნენ ფიზიკურადაც _ ხვნა-თესვის, თოხნის, მკის დროს, უჭრიდ­ნენ შეშას, ახმარდნენ ხარებს და სხვა. თუ კომლი სუსტი იყო და ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ქელეხი (ტირილი ასე უწო­დებდნენ ლეჩხუმში) გადაეხადა, მას აუცილებლად, სოფელი გა­დაუხდიდა. წინასწარ მოილაპარაკებდენ, რა და რამდენი იყო საჭირო და ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა, „რათა სოფელი არ შერცხვენილიყო“, „სოფელს სირცხვილი არ ენახა“.

1969 წელს აჭარის ეთნოგრაფიული ექსპედიციის დროს ჩაწერილი მასალე­ბით თიბვის ვადების დადგომისას იცოდნენ ნადი _ მოიწ­ვევდნენ ხალხს დამხმარედ, რომ ბალახი დროზე გაეთიბათ, წვიმას რომ არ მოესწრო და არ გაფუჭებოდათ. სათიბის პატ­რო­ნი დილით ასაუზმებდა ხალხს, სადილად გამზადებულ საჭ­მელს გაატანდა, საღამოს კი ოჯახში ავახშმებდნენ. ალკოჰო­ლი­ა­ნი სასმელი არ იცოდნენ. ასე ეხმარებოდნენ მეზობლები რიგრიგობით ერთ­მანეთს.

რაჭაშიც (სოფელი გლოლა) იცოდნენ ნადის მოწვევა. იმ დღეს იკვლებოდა თხა, ცხვარი ან ხბო. საღამოს მესამედ უმას­პინძლდებოდა ოჯახი ნადის წევრებს და ვახშამი ქეიფად გა­და­იქცეოდა. ასეთი ნადის მოწვევა ძირითადად შაბათ-კვირას ხდე­ბოდა. შეიძლებოდა სოფელში ყოფილიყო სამი-ოთხი ოჯახი, რო­მელთაც ნადის მოწვევის საშუალება არ ჰქონდა (არ ჰყავ­და დასაკლავი). ასეთ შემთხვევაში მეზობლები მიდიოდნენ მათთან და ეხმარებოდნენ ხვნაში, თიბვაში, შეშის მოტანაში და ა. შ. „ღარიბ გლეხს სოფელი ფეხზე დააყენებდა. ასეთი ღა­რი­ბი ოჯახი გლოლაში 1917 – 1920 წლებში სამი-ოთხი თუ იქნებოდა მაშინ, როდესაც სოფელში სულ ორმოცი ოჯახი ცხოვრობდა“, _ უამ­ბობდა 78 წლის ვანო მაქსიმეს-ძე ბელაშვილი ეთნოგრა­ფი­ულ ექსპედიციას  1970 წლის 10 აგვისტოს.

ორხევის სოფელ ბუშატში ჩაწერილი მასალაც დაახლოებით იგივე შინაარსისაა _ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ხალხმა იცოდა ურთიერთდახმარება. დახმარების ერთი სახე იყო ნაც­ვალ­გარდა. ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთ დღეს ერთი და­ეხ­მარებოდა მეორეს, შემდეგ მეორე უნდა დახმარებოდა მას.

სოფელმა იცოდა საწყალი ოჯახის დახმარება _ მივიდოდნენ, დაუხნავდნენ მიწას ან გაუთიბავდნენ სათიბს და ა.შ. საღამოს ოჯახი უმასპინძლდებოდა მათ. ასეთ დახმარებას დახმარების მუშა ეწოდებოდა.

სოფელში მძიმე, დამქანცველი შრომის მიუხედავად ჩვენი წინაპრები მაინც ახერხებდნენ გამოენახათ მცირე დრო დას­ვენებისა და გართობისათვის.

აჭარაში მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ აგვისტოს პირ­­ველ რიცხვებში იალაღებზე იმართებოდა დღესასწაული _ შუამთობა. შუამთობისას ბარიდან  საძოვრებზე ადიოდნენ როგორც კაცები, ისე ქალები და ბავშვები, ყველა ასაკის ხალ­ხი, ვისაც კი სიარული შეეძლო, იმართებოდა ცეკვა-თამაში. ეს დაახლოებით  ერთი კვირა გრძელდებოდა. შემ­დეგ დაბრუნდებოდნენ სოფელში. შუამთობა იმართებოდა, როდესაც ბარში ძირითადი სამუშაოები დამთავრებული იყო _ თივა აღებული, სიმინდის თოხნა დამთავრებული. ამ დროს იყო მთობის (მთის სამუშაო სეზონი) შუა პერიოდი. აქედან დაერქვა შუა­მ­თობა. ეს დღესასწაული ხიხაძირის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფლებშიც შუამთობის სახელით იყო ცნობილი. ასევე უწოდე­ბენ მას შუახევის რაიონში (სოფელი ფუტიეთი), ხოლო სოფ­ლებ­ში – თაგოსა და ჩაოში – მემხლიანობას, ახალცი­ხისა და ადიგენის რაიონებში _ ყიზენლუღს.     მეცხვარეების მო­ნა­­რე­ვის შესახებ კარგად არის ცნობილი როგორც ალექსანდრე  ყაზბეგის ნაწარმოებებიდან, ისე ეთნოგრაფიული მასალები­დან, მაგრამ არსებობდა მესაქონლეთა მონარევიც. ეს კარგად ჩანს 1977 წელს კახეთში წითელწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში მოპოვებულ მასალებშიც. 10 – 15 ოჯახი აერთიანებდა მსხვილფეხა საქონელს და ამ გაერთიანებას მონარევს უწო­დე­ბ­დ­ნენ. მათ ჰქონდათ საერთო ბინა _ არხაჯი. ეს იგივე მწყემ­სების ქოხი იყო. საქონელი ღია  (შემოურაგვავ) ადგილზე hყავ­დათ, მათი ძირითადი ჭურჭელი იყო: ხის კასრები რძისთვის, სადღვებელი და ყველის გუდები. მონარევის წევრები ირჩევდ­ნენ უფროსს _ სარქალს. მისი მოვალეობა იყო ბინის მოვ­ლა, შრომის განაწილება და, საერთოდ, მწყემსების  ხელმძღვა­ნე­ლობა. მშრალ საქონელს თავისი მწყემსი ჰყავდა, მეწველ ფურს _ თავისი. ყველა რაღაც საქმეზე იყო განაწილებული. უმეტეს შემთხ­ვე­ვაში, ერთიანდებოდნენ გაყოფილი ძმები, ბიძაშვილები და სხვა ახლობლები, მაგრამ ეს აუცილებელი არ იყო _ შეიძლებოდა უცხო ხალხის მიღებაც მონარევში, თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ. ყველაფერი შეთანხმებით ხდებოდა. საქონელი ერთად იწ­ველებოდა საერთო ჭურჭელში, პროდუქციას აკლებდა მხო­ლოდ იმას, რაც საკვებად სჭირდებოდა. Dდანარჩენს ანაწი­ლებ­დ­ნენ მონარევის წევრებზე ძროხების რაოდენობის მიხედვით.

აჭარაში იცოდნენ საქონლის სხვისთვის `აბარება~ ზაფხუ­ლის პერიოდში. ამას აკეთებდნენ ის სოფლები, რომლებსაც  მთებზე სა­ძოვრები არ ჰქონდათ. 1969 წელს სოფელ თაგოს მცხოვრები ალი-ოსმან ცეცხლაძე მოგვითხრობდა, „ჩაოელებსა და თაგოე­ლებს იაილები ჰქონიათ ადრე ლეკისძირში, დიდაჭარის იაილა­ზე, მაგრამ დიდაჭარლებმა აჯობეს, იქიდან გამოდევნეს და ად­გილები თვითონ დაიჭირეს. ვისაც ბევრი საქონელი ჰყავდა, ისი­ნი ბეგებისგან ქირაობდნენ საძოვრებს. მოსახლეობის უმრავ­­ლესობა კი საქონელს სხვას აბარებდა ზაფხულის პერიოდში“.

საქონელს აბარებდნენ იმ ხალხს, ვისაც მთები ჰქონდა  (მთები კი იყიდეს  ბეგებისაგან, მას შემდეგ, რაც ისინი დიდ­აჭარლებმა ლეკისძირიდან გამოყარეს), ასევე, დიდაჭარისა და ღორჯომის მცხოვრებლებს, მაგრამ მხო­ლოდ მეწველ საქონელს. მიბარების  პირობები კი ასეთი იყო: დაიანგარიშებდნენ საშუალოდ ძროხის წველადობას და პრო­დუქ­ტები მიმბარებელსა და ამბარებელს (ვინც მიიბარა ფურე­ბი) შორის შუაზე იყოფოდა. საქონლის ასეთ გაბარებას „ქესუ­მად მიცემას“ უწოდებდნენ.

რაჭაში (ამბროლაურის რაიონი სოფ. მოტყიერი, ამბროსი  მიქიაშვილი)  ყოფილა ასეთი წესიც: თუ რომელიმე ოჯახს მეწვე­ლი საქონელი არ ჰყავდა მაგრამ მეორეს ბევრი ჰყავდა, ეს უკანასკ­ნელი „დაუბამდა“ ამ ოჯახს ზამთრის პერიოდში მეწველ ძრო­ხას. მას, ვინც ძროხას დაიბამდა ზამთრის პერიოდში, ის უნდა ეკვება, სამაგიეროდ რძე და მისი პროდუქტებიც მისი იყო. სხვა რაიმე ცალმხრივი ვალდებულება არ არსებობდა. ხდებოდა ხა­რის დაბმაც, ასეთ შემთხვევაში, გაზაფხულზე გამომკვებს ყანას მო­უხნავდნენ, ხოლო შემოდგომაზე შეშას მოუტანდნენ.

აჭარაში სცოდნიათ მთვარეზე დაკვირვებაც. მთვარის ფორმის მიხედვით არკვევდნენ მომდევნო დღეებში როგორი ამინდი უნდა ყოფილიყო. ეს ძირითადად ხდებოდა ხვნა-თესვის დროს, ასევე საქონლის მთაში წაყვანასა და მო­სა­ვლის აღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თიბვის დროს. მათი თქმით,  თუ ახალ მთვარეზე მოხრილი იქნებოდა მისი ხაზი, მაშინ მთვარის დალევამდე კარგი ამინდი იქნე­ბო­და, ხოლო თუ ხაზი გაშლილი იქნებოდა, ავდარი იყო მოსა­ლო­დ­­ნელი. იმასაც არკვევდნენ, თუ რამდენ ხანში (რამდენ დღე­ში) იყო მოსალოდნელი ამინდის გაუარესება და ამის მიხედ­ვით იწყებდნენ მუშაობას. ამინდის სწორი გამო­ცნო­ბა  ყველაზე მეტად თიბვის დროს იყო საჭირო.

საქართველოში მტრებისაგან ხშირად განადგურებული და დანგრეული მეურნეობის აღდგენას ხელს უწყობდა და აჩქა­რებ­და ადამიანთა ის ურთიერთდახმარების ფორმები, რომელთაც ად­გილი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში. ყველა სოფელს ჰქონდა საკუთარი სახნავ-სათესი ფართობები, საძოვრები, სათი­ბე­ბი, ტყეები და ა.შ. ის გამოყოფილი იყო მეორე სოფლის სა­კუ­თრებისაგან. ეს გამოყოფა ხდებოდა არა ძალმომრეობით, არა­მედ თვით სოფლებს შორის ურთიერთშეთანხმებით. ერთხელ დაკანონებული მიწები ბოლომდე რჩებოდა  მესაკუთრე სოფლის ხელში.

სოფლის მიწა-წყალი განაწილებული იყო სოფლის მცხოვ­რებ­თა შორის. ვაჟა-ფშაველას თქმით, ამ მამულებს, სახნავ-სა­თიბს ერთმანეთში ინაწილებდნენ იმის მიხედვით თუ ოჯახში რამდენი ცხოვრობდა. საძოვარი კი _ ყველას ეკუთვნოდა _ სა­ერ­თო იყო. ამავე დროს ოჯახს შეეძლო ახოს დამუშავების გზით მოეპოვებინა ახალი მიწები. აღსანიშნავია ის, რომ ეს მიწა მას შეეძლო გამოეყენებინა ათი წლის განმავლობაში. შემდეგ კი გადა­დი­ოდა გამრავლებული ოჯახის საკუთრებაში. შეიძლება მოვი­ტანოთ ლეჩხუმის მაგალითიც. ისე, როგორც ფშავში ლეჩხუმის სოფლებშიც დანაწილებული იყო მიწები, მაგრამ როგორც კი სოფელში ახალი ოჯახი შეიქმნებოდა, ყველა შეძლების­დაგვა­რად ჩამოიჭრიდა მიწის ნაკვეთს ახალდაფუძნებული ოჯახის სასარგებლოდ. ეს ხდებოდა მხოლოდ ადამიანთა შეგნების, მო­რა­­ლისა და ტრადიციების საფუძველზე.

ერწო-თიანეთში დამკვიდრებული იყო ასეთი ტრადიცია: თუ ოჯახში რამდენიმე რძალი იყო, უმცროსი საქონელს მიჰყვე­ბო­­და მთაზე, უფროსი კი სახლში რჩებოდა.  როდესაც სო­ფელში მკა და თიბვა დაიწყებოდა უმცროსი სოფელში ბრუნ­დებოდა, ხოლო უფროსი რძალი მთაში მიდიოდა. უმცრო­სი რძალი ახლა სამკალსა და  სათიბში მუშაობდა. ეს იმიტომ, რომ უფროს რძალს პატივს სცემდნენ _ უფრო მსუბუქ  სამუ­შაოს ურჩევდნენ. Pპურის მკა და თივის აღებაზე მუშაობა უფ­რო მძიმე  შრომად ითვლებოდა, ვიდრე მთაში ფურების წველა და რძის პროდუქტების დამზადება. იმ შემთხვევაში, თუ დე­დამ­თილი ცოცხალი იყო, უფროსად ის ითვლებოდა. მთაში თუ ბარში ის უფრო მსუბუქ საქმეს აკეთებდა.  თუ დედამ­თი­ლის სურვილი იქნებოდა და მას შეეძლო ფიზიკური მუ­შა­ო­ბა, შეიძლებოდა მთაზე ორივე რძალი გაეშვა. თუ ძმები გა­იყ­ო­ფოდნენ, ყველაფერს ყოფდნენ, სამთო ქოხს კი საერთო სარ­გებ­ლო­ბაში ტოვებდნენ. ყოფდნენ საქონელსაც, მაგრამ ძმები მათ მაინც ერთად უვლიდნენ, მთაზედაც ერთად ჰყავდათ. მათი ცოლებიც ძველებურად მორიგეობით დაჰყვებოდნენ მთაზე. ძრო­ხებიც ერთად იწველებოდა, პროდუქტებიც საერთო კეთდებო­და. შემდეგ კი იმის მიხედვით ყოფდნენ თუ ვის რამდენი ძროხა ჰყავდა. იშვიათად იყო შემთხვევები, რომ ძროხები ცალ-ცალკე მოეწველათ და პროდუქტებიც ასე ცალკე დაემზა­დე­ბინათ.

ერწო-თიანეთში ჰქონიათ ასეთი ჩვეულებაც _ როდესაც ოჯა­ხი ქალს ათხოვებდა, წინასწარ ქალის ახლობლები მოდი­ოდ­ნენ ვაჟის ოჯახში და ამოწმებდნენ, რამდენი სული მსხვილ­ფეხა საქონელი, რამდენი ცხვარი და ა.შ. ჰყავდა ამ ოჯახს. ოჯახის ეკონომიური შესაძლებლობა საქონლის რაოდე­ნობით ფასდებოდა (მასალა ჩაწერილია სოფელ სიმონიან­თ­ხევ­ში 1973 წ.) აქვე ჩაწერილი მასალების მიხედვით _ თუ ქალს შვილი არ უჩნდებოდა, ქმარს შეეძლო მეორე ცოლი მოეყვანა ისე, რომ პირველს არ გაშორებოდა.    

საინტერესოა ის დაუწერელი სამართლებრივი წესები, რო­მელთაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. სამაჩაბლოში (სოფელი ქენ­ქა, მთხრობელი ვ. ქენქაძე) 1966 წელს ჩაწერილი მასალების მიხედვით, თუ მწყემსი დანაშაულს ჩაიდენდა, ცხვარს ან მსხვილფეხა პირუტყვს მოიპარავდა ან დაკლავდა, ან სერს შეუცვლიდა და მიითვისებდა, მეცხვარეები მოიწვევდნენ სასამართლოს _ აირჩევდნენ სამ კაცს, რომლებიც გავიდოდნენ ცალკე, მოილაპარაკებდნენ და დამნაშავეს სასჯელს გამოუ­ტან­დ­ნენ. ყველაზე დიდი სასჯელი იყო ზარალის შვიდმაგად გა­დახდევინება. ასეთ სასჯელს მაშინ გამოუტანდნენ მწყემს, თუ დანაშაული პირველი არ იყო და ის ორჯერ ან მეტჯერ ჰქონ­და ჩადენილი. ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა. ხში­რად კი შემთხვევით ნაპოვნ ან თავის ცხვართან (საქონელ­თან) შერეულ ცხოველის პატრონს დიდხანს ეძებდა ცხოველის მპოვნელი. სოფელ ქენქაში მოპოვებული მასალების მიხედვით, სოფლის ბოლოს (ქვემოთ) ყოფილა მიდელის ჭალა. საზა­ფხუ­ლო საძოვარზე წასვლის წინ „აქ ხდებოდა ცხვრის დარჩევა“ და აქედან მიდიოდნენ მთებში, საზაფხულო საძოვრებზე. იქიდან და­ბ­რუნების შემდეგ მიდელის ჭალაში იკრიბებოდნენ და აქ უნ­­და გაყრილიყვნენ“.ეს „გაყრა“ პურ-მარილით იწყებოდა და მთავრ­დე­ბოდა. მოიტანდნენ სასმელ-საჭმელს, პირველ რიგში კი ღვი­ნოს, საკლავს დაკლავდნენ, იქეიფებდნენ, თან ყოველგვარ ან­გა­რიშს ერთმანეთში გაასწორებდნენ, შემდეგ „გაიყრებოდნენ“ და ყველა თავისი გზით წავიდოდა. ცხვარიც აქვე იპარსებოდა, რის შემდეგაც მალე ზამთრის საძოვრებზე წაიყვანდნენ. ზემოთ აღწერილი პროცედურის დროს შეიძლებოდა ერთი მეპატ­რო­ნის ცხვარი შემთხვევით სხვის ცხვარს შერეოდა. მწყემსი ამ ცხვარს სერს ნიშანს არ შეუცვლიდა. მის ბატკნებსაც დედის სერს დაადებდა. როცა პატრონი თავის ცხვარს იპოვნიდა, მას წაიყვანდა და „შემნახავს ნაშენს შუაზე გაუყოფდა. თუ ცხვარს ბატკნები არ ჰყავდა, მაშინ ხარჯში სასაძოვრო მატყლი რჩებო­და შემნახავს. ცხვარი შენახვის ფასს მატყლით ფარავდა“. თუ შემთხვევით  მწყემსი ამ ცხვარს სერს შეუ­ცვ­ლი­და და მიითვისებდა, ეს ყველაზე დიდ სირცხვილად ჩაითვ­ლებოდა. შეიძლება დიდი ხნის შემდეგ პატრონს ეცნო თავისი ცხვა­რი, რომელსაც სერი შეუცვალეს და მიითვისეს. მაშინ ცხვრის პატრონი და სხვა მწყემსები მიმთვისებელ პიროვნებას შეარცხვენდნენ და შეიძლება მისი საქმე მეცხვარეთა სასამარ­თ­ლოზე გაეტანათ.

ქსნის ხეობაში (სოფელი მიდელაანი) მოპოვებული მასალე­ბი­თაც დიდ სირცხვილად და დანაშაულად ითვლებოდა სხვისი საქონლის ან სხვა რაიმე ნივთის მითვისება, ან მოპარვა. ასეთი პირობების წინააღმდეგ სოფელს გამოჰქონდა განაჩენი, რაც  ისევ ეკონომიკურ ხასიათს ატარებდა _ თუ ვინმე ძროხას ან რა­იმეს მოიპარავდა. სოფელი ერთს შვიდად აანაზღაუ­რე­ბი­ნებ­და. კახეთში (ქიზიყი) მოპოვებული მასალების მიხედვით, ქურდს სამმაგად ახდევინებდნენ ზარალს. ასევე  ჰქონ­დათ წესი _ თუ ტყუილუბრალოდ დასწამებდნენ ცილს ვინმეს, ცი­ლის­მწამებლები ერთს შვიდად იხდიდნენ. როცა მთხრობელი პატარა იყო, ზაქარია თამაზაშვილისგან გაუგონია  ერთი ასეთი ამბავი: „ვიღაცა მეცხვარეს (სახელი აღარ ახსოვს) მთაში მაკე ცხვარი დაჰკარგოდა. მწყემსისათვის დაუბრალებია _ შენ მომ­პარეო. მწყემსს არ ეკისრნა. გადაეწყვიტათ – ერთი სამად. მეორე წელიწადს მთაში რომ ასულან, სამი სული ცხვა­რი დაჰხვედროდათ. ცხვარს ბატკნები მოეგო, ცხვარი  სერზე ეცნოთ, ვისიც იყო, ეთქვათ: ამ კაცმა თავის მწყემსს ცილი დასწამა და ტყუილად აზღვევინა ერთი სამადო. გადაწყვიტეს ამისთვის ეზღვევინებინათ ერთი შვიდად, ოცდაერთი ცხვა­რი გადაეხდევინებინათ მეცხვარისათვის და მწყემ­სი­სათვის ჩაებარებინათ“. მართალია, ნათქვამს ზღაპარი ჰგავს, მაგ­რამ არსებული გადმოცემები იმაზე მიუთითებს, რომ ასე­­თი წესი არსებობდა.

ასევე საინტერესოა  მეზობლური ტრადიციები. ის საქართვე­ლოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება. ეს ტრადიციები შემდეგში გა­მო­ი­ხატებოდა: როცა ერთი ოჯახი რაიმე ახალი სახის კერძს გააკეთებდა, ის აუცილებლად ითვალისწინებდა ახლო მე­ზობლებისთვისაც. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სა­დილი, რომელიც გლეხის ყოველდღიური მე­ნი­უსაგან შედგებოდა, ან კიდევ, უმეტეს შემთხვევაში, თუ რაიმე სიახლე იქნებოდა ყოველდღიურ მენიუში ან კუ­ლი­ნარი­ა­ში. ხშირად ეს ემთხვეოდა საქონლის, ღორის, ცხვრის დაკვ­ლას; ზოგჯერ კი რაიმე დღესასწაულს. ხშირად, როდესაც ერთი ოჯახი პურს თონეში აცხობდა, ითვალისწინებდა მეზობლების მო­თხოვ­ნილებასაც. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყვ­ნენ ისეთი ოჯახები, სადაც დიასახლისები არ ჰყავდათ. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი მეზობლები სისხლით ნათესავები იყ­ვნენ _ ამა თუ იმ ოჯახის განაყოფები. იყვნენ ისეთებიც, რომ­ლებიც არც ერთი ოჯახის ნათესავები არ იყვნენ, მაგრამ არც­ ერთ შემთხვევაში მათი გარჩევა არ იყო. ეს ტრადიციები ყვე­ლასთან ერთნაირად იყო დაცული. 

აღსანიშნავია სამეგრელოში ცხვრის მწყემსობასთან დაკავში­რებული ტრადიცია. ის ბევრ რამეში განსხვავდება საქართ­ვე­ლოს სხვა კუთხეებში არსებული ტრადიციებისა და წესე­ბი­სა­გან: როდესაც ამხანაგები არეკავდნენ  ცხვარს მთაზე, ერთ ყვე­ლაზე გამოცდილ ადამიანს აირჩევდნენ კარეშუნჩაშად (კარვის უფროსად). ის ანაწილებდა მოვალეობას. ორ კაცს ირჩევდა მეშხურედ (ცხვრის მწყემსებად _ მეცხვარედ). მეცხ­ვარედ ირჩევდნენ პატიოსან და გამოცდილ ადამიანებს. ერთი _ მედუდე (მეთავე) წინ უძღვებოდა ცხვარს, მეორე – მეკუდელე უკან მიჰყ­ვებოდა. მედუდეს ყველა პატივისცემით ეპყრობოდა. რო­დესაც ის კარავში შევიდოდა, ყველა ფეხზე დგებოდა; ჭა­მის დროს კი შუაში ჩაისვამდნენ. ერთ კაცს ირჩევდნენ მე­თხა­ლედ (თხის მწყემსად), ერთს – მეხელედ. მეხელე რჩე­ბოდა კარავში, ამზადებდა და არიგებდა საჭმელს, ადედებდა მაწონს, ამოჰყავდა ყველი და სხვა. მის დაუკითხავად არავის შეეძლო საჭმლის აღება.

კარვის უფროსი ყოველდღიურად ნიშნავდა მეთი­ეს (მწყემსებთან საჭმლის მიმტანი) და შეშის მიმტანს _ მეშეშეს.

წველით ყველა წველიდა, გარდა კარვის უფროსისა და მე­ხელესი. მეთიეს მიჰქონდა საჭმელი მწყემსებთან, დარჩებოდა იქ და ცვლიდა მედუდეს _ ის ცხვრის ფარას დარაჯობდა ღა­მით. მეორე დღეს მოდიოდა მეორე მეთიე, რომელიც მეკუდელეს ცვლიდა.

მეცხვარე, რომელიც დარაჯობდა ცხვარს, რკინისწვეტიანი ხის გრძელი კეტი ჰქონდა, მას ლა­ბაშას უწოდებდნენ, თლიდნენ ჩხარაზისაგან (მაგარი და და­ბალი ტანის ხე, რომელიც იზრდება ტყის განაპირას). მე­ცხვა­რეს კარვიდან დღეში ერთხელ უგზავნიდნენ საჭმელს, რო­მელსაც ორზოლს ეძახდნენ. მოჰქონდათ გუდით მაწონი, ხორცი, პური და სხვა საჭმელი. მთაში მეცხვარეებს თან მიჰქონდათ კა­ჟის თოფი, ბერდენა, ცული (ბურჭული), ნაჯახი და დანა.

კარვის უფროსი ხვიშტაზე იწვა. (მიწაში ჩარჭობილ ხის ოთხ ბიჯგზე ჯოხები იყო გადებული). დანარჩენებს მიწაზე დაგებულ ლაგვიმარზე ეძინათ. დაგებული ჰქონდათ ლა­გ­ვიმარა – (Dryopteris filix mas (L.) Schott.) (გვიმრის მსგავსი მცე­ნარე, რომელიც მაღალ კონებად, ბუჩქებად იზრდება, აქვს რბილი ფოთლები). მთიდან დაბრუნების შემდეგ კარვის უფროსი ყველას თა­ვის ცხვარს უბრუნებდა (მასალა აღებულია სამეგრელოს სოფელ ჯვარის მცხოვრების, გუსარ ციმინტიას ნაამბობიდან).

საქართველოს ყველა კუთხეში კარგად ჰქონიათ შესწავლი­ლი შინაურ ცხვოველთა თვისებები. საინტერესოა ქართლში (სო­ფელი ყარაღაჯი) მცხოვრები ზაქარია დემეტრაშვილის ნა­ამბობი, რომელიც ეთნოგრაფებს უზიარებდა თავის გამო­ცდი­ლებას: „ზოგი ცხვარი არ არის საყოლი, არ უნდა შეინახო. კაი საყოლ ცხვარს ვეძახით კაი მატყლის ცხვარს. კაი ჯიშის რო­მე­­ლიც არის, იმას მატყლი გრძელი აქ, დიდი, ის არის კარგი. რომელსაც პატარა, კუტა, ფაცახი მატყლი აქ, იმას ვეძახით უვარ­გისსა. ფაცახს ხმარობენ ლოგინისათვის. სახელებს ვეძა­ხით ცხვარსა, როცა ვაჭმევთ შემოგვხედავს მაშინვე, ხელზე იცქირე­ბა. ეს არის ცხვარსა ენა არ აქ, ისე მომგებიანია ცხვარი, რო­გორც რომ გულთმისანი ისეთია. ვერ ამბობს, ისე კი სულ ყვე­ლაფერი იცის, როდის რა უნდა მოხდეს _ თოვლი როდის უნ­და მოვიდეს, რო მოღრუბლულია. ქურდი როდის უნდა მო­ვი­დეს, ირევიან ერთმანეთშია, ვერ ამბობს და ფრთხება, და რო­დე­საც ჩვენ ბინაში ვართ და უდგევართ ცხვარსა, ავდგებით ჭრაქს ავანთებთ და უვლით გარშემო, ვეძებთ რა არის. თუ მგელი მოდის, ადგება ცხვარი, რევას დაიწყებს და სირბილსა“.

ბევრი კარგი, საინტერესო გადმოცემა არსებობს ცხენის შე­სა­ხებ. ჩვენმა წინაპრებმა, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მა­სალებიდან ჩანს, ბევრი რამ იცოდნენ ცხენის ჯიშების, თვი­სე­ბების, მოშენების, კვების, მკურნალობის, გახედნის თუ გამო­ყე­ნების შესახებ. ამჯერად შევეხებით მხოლოდ ერთ დამახასია­თებელ ტრადიციას ცხენის გახედნისა და გაწვრთნის შესახებ. სამტრედიის რაიონის სოფელი პატარა ეწერის მკვიდრის – ტა­რა­სი კახიანის ნაამბობიდან: „ცხენის წვრთნის ხელოვნებას ხურო­ო­ბას ანუ მხედრობას ვუწოდებთ, თვითონ მწვრთნელს კი მხე­დარს“, როდესაც კვიცი სამი წლის გახდებოდა, დაადგამდნენ უნა­გირს. ის ექვს თვეში შეეგუებოდა მხედარს. ამის შემდეგ „ჩვენ მას გავულახავდით ტუჩს, ისე გავლახავდით, რომ ჩარბები თითქმის ლაგამით ჩაეხეოდა. ჩარბს ჩვენ უწოდებთ ცხენის ტუ­ჩის ბოლო ნაწილს, სადაც ლაგამი ედება. ტუჩებს მათრახის ტარით დაუჩეჩქვამდით. შემდეგ გავუშვებდით და მივცემდით თავისუფლებას. ასე იყო ექვსი თვე, სანამ ტუჩები და ჩარბები არ მოურჩებოდა. შემდეგ დაიწყებოდა ხედნა. მასთან შეიძლე­ბო­და თამაშის სწავლება, გაჭენება, გადახტომა. ცხენს თამაშს შე­­ვასწავლიდით ექვსი თვის განმავლობაში. გაჭენებას პირვე­ლად ვასწავლიდით. მეოთხე წლიდან დაწოლას ვასწავლიდით“. შემდეგ ცხენს ასწავლიდნენ, როგორ უნდა გაჰყოლოდა პატ­რონს უკან ისე, რომ მას აღვირი არ სჭეროდა ხელში. ამი­სათ­ვის ხშირად აჭმევდნენ შაქარს. როცა პატრონს უნდოდა ცხენი უკან გაჰყოლოდა, ის ცხენს აღვირს კისერზე გადაუგდებდა, დაანახებდა შაქარს, წავიდოდა და ცხენიც თან მიჰყვე­ბოდა. „ამას გახედვნის შემდეგ ვწვრთნიდით“.

ცხენისათვის გადახტომა რომ ესწავლებინათ, ჯერ პატარა თხრილს გააკეთებდნენ, მასზე ახტუნებდნენ, შემდეგ უფრო დიდ თხრილს აკეთებდნენ და იმაზე გადახტომას ასწავლიდნენ, როცა ამასაც კარგად შეძლებდა, შემდეგ თხრილს  ადი­დებდნენ. „ცხენი უნდა გადამხტარიყო ოთხ არშინზე მაინც“ (ერთი არშინი – 71,12 სმ),  ცხენს, ასევე, ჭიდაობას ასწავლიდნენ.

ამ მიზნით სამ კონა ჩალას ფეხზე დააყენებდნენ და ერთ­მა­ნეთს მიაყრდნობნენ, შემდეგ გამოაჭენებდნენ ცხენს და დაა­ტა­კებდნენ, ცხენი ჩალას გადალახავდა და „გათამამდებოდა, გუ­ლი მიეცემოდა“. ამას იმეორებდნენ რამდენიმეჯერ. შემდეგ დააჭიდებდნენ სუსტ ცხენს, რომ „ეს სუსტი ცხენი გაელახა, ემ­ჯობინა და გათამამებულიყო. შემდეგ დავაწყებინებ­დით ჭიდაობას შეჯდომის დროს და ცხენის ფალავნობისას, ჭიდაობის დროს როგორც ადამიანს, ისე ცხენს მოუვა  გული, თუ გული მაგარი გამოუყვებოდა“.

ხალხში დიდი ავტორიტეტით და მოწონებით სარგებ­ლობ­დ­­ნენ გამრჯე, მოწინავე მეცხოველეები, რომელთა შესახებ სა­ხოტბო ლექსები და თქმულებები იქმნებოდა, სადაც ჩანდა მა­თი შრომის, გამჭრიახობის და სიმამაცის მაგალითები.

მთხრობელი, ზემო ქართლის სოფელ დირბიდან 1935 წ. სტეფანე ჯოჯიშვილი ეთნოგრაფებს უყვებოდა ერთ-ერთი მოწი­ნა­ვე, გაბედული და შრომისმოყვარე მეღორე გიორგი აფთია­შვილის შესახებ. მას ჰყოლია „ღორების დიდი ფარა“ (კოლტი). განთქმული ყოფილა თავისი საქმიანობით, ამიტომ მის შესახებ ხალხს ლექსებიც შეუქმნია:

 გიორგი აფთიაშვილი შევარდენია ტყისაო,

დილაზე ადრე ადგება, ჩაუდის წყლის პირებსაო,

ერთი კლდე წამოწოლილა, ბელაქანია ძევსაო,

დევებს უნთიათ სანთელი, ერთმანეთს შეხედესაო,

მოდი ეს ბიჭი დავახრჩოთ, ამბავს ვინ მიუტანსაო,

გიორგიმ ღორი აშალა, დააკრა ფერდი ძირსაო.

ჭერეთხევში რომ ჩარეკა, ხარგალა დადგა ხისაო.

მოჯამაგირემ შეხედა, ფიცი თქვა მეუფისაო:

გუშინ რომ ტყეში ვიყავი, ნავალი ვნახე მტრისაო.

გიორგიმ უთხრა: ვაი შე გლახა, შე წუწკო,

ვაი შენ გიორგისაო, დაუჩოქე და ვესროლე

მოვარტყი გულისპირსაო.    

მექომაგე ეუბნება გიორგის:

მაგ თოფის ამბავი ვიცი, უცებ დაუცემდა ძირსაო.

გიორგი ეუბნება: მანგლისს რომ საყდარი არის ნაშენი

ქვიტკირისაო, იქ რომ ლეკები აწყვია, ნახიან გიორგისაო.

დაუღრენია პირები, პირს მატლი ამოსდისაო“.   

ქიზიყში (სოფელი ქვემო მაჩხაანი) მოპოვებული მასალები­დან ჩანს, რომ ტრადიციულად მოხარშული ან შემწვა­რი ფრინ­ველი შემდეგნაირად უნდა დაჭრილიყო (თავს დაკვლის დროს აჭრიდნენ, ფეხებს გაპუტვის დროს): ჯერ კისერს მოაჭრიდნენ, მერე ფრთებს ცალკე ან მხრითურთ და შემდეგ აჭრიდნენ  ფრთასა და მხარს, „მერმე გულისპირი ამოეჭრება, შემდეგ მხრის კისერი ამოეჭრება, დარჩება კურტუმი მთელი ხერხემ­ლით. კუჭი, ღვიძლი და გული ამოშიგვნაშივეა ამოღებული და თავსა და ფეხებთან არის. ამ წვრილ ნაჭრებს ალუხ-მალუხს ეძახიან“, – უყვებოდა ანა მენთეშაშვილი ეთნოგრაფებს.

აქვეა ჩაწერილი ხალხური ლექსი, რომელიც საქართვე­ლოს თითქმის ყველა კუთხეშია ცნობილი მცირეოდენი შეცვლილი ვარიანტებით. ქიზიყში ეს ლექსი ასე ჟღერს:

ქათმისა მიყვარს ენაო, მაღლიდან გადმოფრენაო,

მხარბარკალკურტუმკისერი, ცოტა რამ საწიწკარაო.

თუ საჭმელსაც მე მიბოძებთ, ისიცა ჩემთვის კმარაო.

კომში, კომში, კომალა, კომში გადმომიყარა.

თინამ დაკლა ქათამი, არ მაჭამა ბარკალი,

ღმერთო იმას გაუწყვიტე კრუხჭუჭულა ქათამი

მართალია, მართალია. ნეფემ დაკლა ქათამია,

მე არ მომცა ბარკალია, ღმერთო იმას გაუწყვიტე 

კრუხჭუჭულა ქათამია“.

საინტერესო ეთნოგრაფიული მასალაა მოცემული აკად. ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით გამოცემულ წიგნში „მასა­ლე­ბი საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტო­რი­ი­სათვის“. მასალა ჩაწერილია 1935 წელს ქარელში. ვინმე მოსე კაკიაშვილი ჰყვება, რომ ებრაელებში იკვლება „ხარი, ძროხა, კა­მე­ჩი, თხა, ცხვარი“. მათ კლავს ხახამი. მას „ალმასის დანა აქვს განსაკუთრებული, თხისა ცალკეა, ძროხის, კამეჩის, მხვილ­ფე­ხასი ცალკეა, ფრინველისა ცალკეა, სამად იყოფა რა“.

„დაკლამს და შეამოწმებს: თუ ვარგა ებრაელებს, თუ არა ქარ­თველებს; მარტო ფილტვიდანა სინჯამს: თუ ფეცხალზე მიკ­რული აქ, გავბერავ იმ ფილტვსა, თუ გაუვიდა სული უარ­გი­სია, თუ არადა ვარგისია. ჩვენ ვჭრით ორად: უკანა ნაწილს ვყი­დით ქრისტიანებში, წინა ნაწილს – ებრაელებში“.

მოტანილი ციტატიდან კარგად ჩანს ქართველ ებრაელთა ტრადიცია. მათი ტრადიციისათვის დამახასიათებელია ის, რომ ჭამენ მხოლოდ ხახამის მიერ დაკლული ცხოველისა და ფრინ­ვე­ლის ხორცს და ისიც არა მთლიანად, ნაწილს (კერძოდ, უკანა ნაწილს ისინი უვარგისად თვლიან და ქართვე­ლებ­ზე ჰყიდიან და საერთოდ ქრისტიანებზე).

ხალხის სამეურნეო საქმიანობასა და ცხოვრებასთან და­კავ­შირებული იყო ბევრი სხვადასხვა თქმულება. ეს თქმუ­ლებები უმეტესად ეხებოდა მეცხოველეობას  და უფრო ხშირად მეცხვარეობას.

ერთ-ერთი თქმულება ჩაწერილია ერწო-თიანეთის სო­ფელ მარგანეთში. მთხრობელი ამ სოფლის მკვიდრი პავლე ობგაიძეა, რომლის მამა მოსე „დიდი მესაქონლე“ ყოფი­ლა: ერთი საწყალი კაცი ცხვრის პატრონს მოჯამაგირედ და­უდგა ოთხი წლის ვადით. შეთანხმებით, მოჯამაგირისთვის მას უნდა მიეცა ყველა ის ჭრელი ბატკანი, რომელიც ამ ცხვარში და­იბადებოდა. გავიდა სამი წელი და ჭრელი ბატკანი არ გაჩნ­და. ერთ ღამეს მოჯამაგირეს ვიღაცამ სიზმარში ჩუმად უთხრა ყურში – კაჭაჭი დაფქვი, მარილში აურიე და აჭამე ყოჩსა და დე­დალ ცხვარს, სანამ ყოჩი დედალ ცხვარში გაერევაო – და­ახლოებით სექტემბრის 18 – 20 რიცხვებში. მწყემსიც ასე მოიქცა. იმ წელს ბატკანი თითქმის სულ ჭრელი გამოვი­და. ცხვრის პატ­რონი იძულებული იყო პირობა შეესრულებინა.

უდედო ბატკანი ბღაოდა, დედას ეძახდა. მოჯამაგირემ შუა­ზე გაჰყო ბატკნები, ერთ ნაწილს ერთი მხრიდან შემოატარებდა მთას, მეორეს _ მეორე მხრიდან, როცა ბატკნები ერთმანეთს შე­ეყრებოდნენ, ერთმანეთი დედები ეგონათ და წყნარდებოდნენ.

ასე გადააჩვია მოჯამაგირემ დედებს ბატკნები. ბატკნები ბა­ლახის ძოვასაც შეეჩვივნენ. შემოდგომაზე ყოფილ მო­ჯამაგირეს სტუმრად მისი ყოფილი პატრონი ეწვია. ნამოჯა­მა­გი­რალმა ბატკანი დაუკლა. ბატკანს იმდენი ჩობალი (მუც­ლის ქონი) ამოუვიდა, თავზე რომ გადაიფარა მუხლებამდე ჩა­მოსწვდა. ყოფილ პატრონს გაუკვირდა, ნამოჯამაგირალმა კი უთხ­რა: „დილას კურდღელი ამოფრინდა ღელიდან და ბატკანი დამიფრთხო, თორემ კოჭებამდე უნდა დამწვდომოდაო“.

საინტერესოა ლეჩხუმში (ცაგერის რაიონი, სოფ. ღვირიში) მცხოვრები მთხრობელების (ლევან  ხეცურიანი 100 წლის და ბიჭინა  ჩხე­ტიანი _ 98 წლის) ჩაწერილი მასალაც, რომელიც ეხება, ძველისძველ თქმულებას და მასთან დაკავშირებულ ხალ­ხურ ტრადიციასაც: დიდმარხვის მეორე დღეს იხსენიებდნენ შა­ვი ორშაბათის სახელით,^ამ დღეს საჭმელს საღამომდე არავინ შეჭამდა, არც რკინის იარაღის (ხმალი, ნამგალი, ნაჯახი, წალდი, თოხი, ბარი და ა.შ.) ხმარება შეიძლებოდა. მთელ დღეს სა­ღა­მომდე ატარებდნენ სიმღერასა და ცეკვა-თამაშში. საღამოს ქა­ლები დაახვედრებდნენ „ტაბლას და ღვინო-სალოცავს. „ასაკით ყველაზე უფროსი ქალი გატეხდა პურს, თითო ლუკმას ჩაასვე­ლებდა ღვინოში და დაურიგებდა ყველას“. ეს დღე ნადირივით არისო, ვიტყოდით. საკლავს პირს შევუხვევდით, ნადირის პირი შეკვრა იყო ეს _ პირი რომ არ მოეკიდა საქონლისთვის. ეს ტრა­დიცია დაკავშირებული ყოფილა, როგორც ამას მთხრობელები ყვებიან, ­ერთი გადმოცემიდან, რაც ადრე მომხდარა – „ერთ დროს გველეშაპი ყოფილა ტვიშში (სოფელია ლეჩხუმში), თურ­მე ის ურჯულო წყალს დარაჯობდა. მეტი წყალი არ ყო­ფი­ლა ახლო – მახლო. თუ ბოშს (ბავშვს) არ მიუყვანდნენ, ისე წყალს არ მისცემდა არავის და საქონელსაც უნადგურებდა, თურმე სოფელს. ვინმე ჟივჟიას შვილს – ვაჟიას გადაუწყვეტია  გვე­ლეშაპის მოკვლა. ხმლით მისულა გველეშაპთან მაშინ, როცა ის ბავშვის გადაყლაპვას აპირებდა და ხმლის უძლიერესი დარ­ტ­ყ­მით მოუკლავს და მერე სულ აუჩეხია: „შევიდა თურმე ვა­ჟინა შვილი, მამას ჟივჟია რქმევია მისას. ასეა და მართალიცაა, ეიჩემა შვილმა, რომ უნდა მოვკლა მაგი მხეციო. მოუყვანეს ბო­ში და უნდა შეყლაპოს, რომ ვაჟინამ დოუძახა, ვერ გადაყ­ლაპა­მო! მოუქნია ხმალი და შემოკრა. დაკრა ზურგზე და სულ აჩე­ხა, ეს იყო ტვიშში „ახლაც სისხლი ცხია იქ სულ ქვებს: შავ ორ­შაბადს მაგიტომ ვეტყვით და ვლოცულობთ ვაჯინა და… ჟივ­ჟიას…  ჟივჟიას და მის შვილ ვაჟინას შეუნდოს! იტყოდა, რომ ილოცებდა უფროსი კაცი. ყველა ვიტყოდით: შეუნდოს-თქო და გავტეხდით ტაბლას“.

წინაპართა გადმოცემით, ყველა ოჯახს ჰყავდა ფუძის ანგე­ლო­ზი. ფუძის ანგელოზად მოიაზრებოდა გველი, მას ფუძის გველს ან ალალ გველს უწოდებდნენ. იგი სახლის საძირკველში ბინადრობდა და  ოჯახის მფარველად ითვლებოდა. Mმას იცავდა ბოროტებისაგან. ოჯახის სიუხვეც მასზე იყო დამოკიდებული. მათ ეს გველი არ უნდა განერისხებინათ, წინააღმდეგ შემთხვ­ევაში სასჯელი არ ასცდებოდათ. მისი განრისხების შემთხ­ვე­ვა­ში სასჯელის თავიდან ასაცილებლად ოჯახს გამოსასყიდი უნ­და გადაეხადა. კახეთში იცოდნენ ფუძის ანგელოზის – გველის სუფრა. მას „დედა მდებიარის“ სუფრასაც უწოდებდნენ. ასეთი სუფრის გასაწყობად ყიდულობდნენ იხვს, რომელსაც ეზოში კლავდნენ. ზოგჯერ ქათამსაც და ცხვარსაც სწირავდნენ.

სუფრის ირგვლივ საკმეველს აკმევდნენ, სან­თელს ანთებდნენ და სამჯერ წარმოთქვამდნენ ლოცვას: „ფუძის ანგე­ლო­ზო, შენი სახელი დალოცვილია. თუ ვინმეს რაიმე უნებლიე ისე გაუკეთებია, როგორც წესი არ არის, აპატიე და მიუტევე.” ფუძის ანგელოზის სუფრაზე მოჰქონდათ ზედაშე (მიცვა­ლე­ბუ­ლის სახელზე შეთქმული ღვინო).

ფუძის გველის მოკვლა არავის ეპატიებოდა, რადგანაც მას მო­ჰყვებოდა ოჯახის გაუბედურება.

ფუძის ანგელოზის რწმენა საქართველოს მეზობელ ხალხში­აც გვხვდება.

მსგავსი გადმოცემები, რომლებიც თქმულებების თუ ლეგენ­დე­ბის სახით შემორჩა  და რომლებიც მეტად თუ ნა­ლებად ასახავს სინამდვილეს ჩვენი წინაპრების ცხოვრებიდან ბევრია, მაგრამ ამჯერად მათზე აღარ შევჩერდებით.

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე