ხარისხიანი ქართული ღვინის საწარმოებლად საჭიროა, ვენახების გაშენება რეგულაციებს ექვემდებარებოდეს
საქართველოში ღვინის ხარისხის ამაღლებისა და სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ვენახების გაშენების ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ვაჭარაძის განცხადებით, 2026 წლის 1 მაისამდე კანონქვემდებარე აქტის სახით შემუშავდება ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის გამჭვირვალე წესები და პროცედურები.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდეგ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას გადაწყვეტენ.
„მძაფრი კონკურენციისა და ჭარბწარმოების ფონზე, ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს. აქცენტი უნდა გაკეთდეს ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით – ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი საუკეთესო ღვინის დასამზადებლად“, – აღნიშნა ზურაბ ვაჭარაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაცია არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.
ვენახების გაშენების ახალი წესები წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული მეღვინეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.
რეგულაციების ამოქმედება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზრებზე და გრძელვადიან პერსპექტივაში მევენახეებისა და ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერას.

