ხბოს გამოზრდა 6-დან 12 თვემდე
6 თვეზე მეტი ასაკის მოზარდის კვების ძირითად ამოცანას წარმოადგენს მათი ინტენსიური ზრდის უზრუნველყოფა, რათა 12 თვის ასაკში მიაღწიოს საბოლოო ცოცხალი წონის 50%-ს, ხოლო განაყოფიერებისას 16-18 თვის ასაკში ძროხის საბოლოო ცოცხალი წონის 2/3-ს. არასაკმარისი კვებისას დეკეულები ჩამორჩებიან ზრდაში, ერღვევათ კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური განვითარება, აქვთ ვიწრო ტანი და მაღალი ფეხები, ეზრდებათ სქესობრივი მომწიფების ასაკი.
მოზარდეულის ჭარბი კვება, განსაკუთრებით კონცენტრატების სიჭარბე და მოცულობითი საკვების ნაკლებობა ნეგატიურად აისახება აღწარმოებისა და შემდგომში რძის პროდუქტიულობის მაჩვენებელზე. მოზარდეულის ნორმალური განვითარება და ჯიშობრივი კონდიციები უზრუნველყოფილია მხოლოდ დაბალანსებული კვებით.
ხბოების საძოვარზე გაყვანა შეიძლება დავიწყოთ 2-4 თვის ასაკიდან, თუმცა რეგულარული ძოვება უნდა დაიწყონ 6 თვის ასაკიდან. ძოვების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ცხოველთა მინერალურ კვებას. მოზარდი ხბოების კვების რაციონის შემადგენლობა და სტრუქტურა 6 თვის ასაკიდან თანდათანობით უნდა მიუახლოვდეს ფურების კვების რაციონს, ამ დროს ამცირებენ კონცენტრირებული საკვების წილს, ხოლო უხეშ და წვნიან საკვებს ზრდიან. დაბლა მოცემულია მაღალპროდუქტიული მოზარდი ხბოების კვების რაციონი 6 თვის ასაკში (ცხრილი).
ვარიანტი 1 | ვარიანტი 2 |
თივა 3-4კგ. | თივა 3-4კგ. |
სილოსი – 5-7კგ; | ბალახი- 20 კგ; |
ბალახი – 18-20კგ; | ძირხვენები 5-6 კგ; |
ჭარხალი – 3-4კგ; | კონცენტრატი- 0.5 კგ. |
ძირხვენები -1კგ. | |
მარილი 100 კგ ცოცხალ წონაზე 5-7 გ. |
მაღალპროდუქტული მოზარდი ხბოების კვების რაციონი (ნიმუში) 6 თვის ასაკში
მე-7 თვიდან მოზარდებს ეწყებათ სქესობრივი სიმწიფე, ამიტომ მათი კვება განსხვავდება მოზვრების კვებისაგან. დეკეულები ამ პერიოდში უნდა ვითარდებოდნენ და ინტენსიურად მატულობდნენ წონაში. მათ აძლევენ უხეშ საკვებს, ძირხვენებს და კონცენტრატებს. თუ დეკეულები იზრდებიან დაბალი ინტესივობით, შეიძლება მივიღოთ სასქესო ორგანოების არასრულყოფილი განვითარება, შემდგომი უნაყოფობით. მაღალინტენსიური კვების შედეგად კი ადრეული სქესობრივი მომწიფება და დეკეულებს შესაძლოა წარმოექმნას საკვერცხეების კისტები, აღენიშნოთ გადასუქება და ამის გამო გაურთულდეთ მოგება. დაბლა მოცემულია მაღალპროდუქტიული მოზარდი ხბოების კვების რაციონი 6 თვის ასაკში (ცხრილი).
ვარიანტი 1 | ვარიანტი 2 |
თივა -1-3კგ. | თივა – 2კგ. |
სენაჟი -3-10კგ; | სილოსი ან სენაჟი – 12 კგ; |
სილოსი – 5-15კგ; | კონცენტრატი (გრანული) – 1-1.5 კგ; |
ძირხვევნები – 3-7კგ; | მწვანე ბალახი _ 18-25 კგ. |
ჩალა -1-2კგ. | |
მარილი 100 კგ ცოცხალ წონაზე 5-7 გ. |
დეკეულების კვების რაციონი 7 დან 18 თვემდე
ხბოს შენახვის პირობები
ახალდაბადებული ხბო საჭიროებს ყველა იმ ზემოქმედებისგან დაცვას, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე. ამისათვის დარწმუნდით, რომ საკვები ადგილი არის მშრალი, სუფთა, შემაწუხებელი სუნის გარეშე, რათა ხბომ არ შეამციროს საკვების მიღება. დარწმუნდით, რომ ცივი ამინდების დროს თივა ახდენს ცხოველის დათბუნებას, სიცივემ შესაძლოა გამოიწვიოს ხბოებში პნევმონია. ხბოს რესპირატორული და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სუფთა და მარტივად განიავებადი სადგომი.
ხბოს ინდივიდუალური შენახვა რეკომენდებულია ახალდაბადებული ხბოები პირველი სამი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად განთავსდნენ. ხბოს სადგომი (ბაკები, გალიები, სპეციალური „ქოხები“) ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არსებობდეს ოპტიმალური ვენტილაცია. ხბომ უნდა მიიღოს საკმარისი სუფთა ჰაერი და დაცული იყოს სიცივისგან, წვიმისა და ორპირი ქარისგან. სადგომში კლიმატის კონტროლის სირთულის გამო, შესაძლოა მათი ინდივიდუალურ გარე გალიაში განთავსება.
ხბოებს სჭირდებათ სუფთა გარემო მშრალი ქვეშსაფენით. ხბოს სადგომი უნდა გაიწმინდოს, არა ნაკლებ, თვეში ერთხელ. სადგომებს დეზინფექცია ყოველთვის არ სჭირდება. დეზინფექციას ვატარებთ მაშინ, როდესაც ხბოებს აღენიშნებათ რაიმე დაავადების გავრცელების საშიშროება. ხბოს სახლი დამზადებული უნდა იყოს ყინვაგამძლე პოლიეთილენისგან. მისი სპეციალური ფორმა იცავს ცხოველს ქარისგან. ხბოს სახლი უნდა განთავსდეს გარე სივრცეში, ქარისგან შედარებით დაცულ ადგილას. ხბოს შეყვანამდე რეკომენდებულია სადგომის რეცხვა და დეზინფექცია. სახლის სტანდარტული ზომები შეადგენს: სიგრძე 150, სიგანე 120, სიმაღლე 125 სმ.
ხბოს ჯგუფური შენახვა
ინდივიდუალური შენახვის შემდეგ შესაძლებელია 3-10 ხბოს ერთად, ჯგუფურ სადგომში გადაყვანა.
დაავადებისადმი მგრძნობელობის გამო, რეკომენდებულია ხბოების ზრდასრული ცხოველებისაგან განცალკევებით, სხვადასხვა ბოსელში მოთავსება, ასე ხბოები ნაკლებად ავადდებიან და სიკვდილიანობაც მინიმალურია. ხბოს სადგომები იყოფა სექციებად მეტალის ტიხრების მეშვეობით. როგორც წესი, ყველა ასაკობრივი ჯგუფი ინახება იმავე შენობაში, მაგრამ სხვადასხვა განყოფილებაში. თითოეულ გალიაში უნდა იყოს დამონტაჟებული საკვებური და სარწყულებელი ისე, რომ ხბოებმა შეუზღუდავად შეძლონ წვდომა საკვებზე და წყალზე. ქვეშსაფენად გამოიყენება ჩალა, თივა ან სპეციალური ანტისეპტიკური ქვეშსაფენი. ექვს თვემდე გამოზრდისთვის ერთ ხბოზე რეკომენდებული 3-4 მ2 , ხოლო 6 თვეზე მეტი ასაკის შემთხვევაში სულზე 6 მ2 ფართობი. ხბოების ჯგუფური შენახვა მარტივია და ეკონომიურად გამართლებული, რადგანაც შემცირებულია ხბოების მომსახურების დრო და შრომის ხარჯები. ჯგუფური შენახვისას იატაკის დეზინფექცია რეკომენდებულია 3 კვირაში ერთხელ.
ინფრაწითელი ნათურის გამოყენება ხბოს სიცოცხლის პირველ თვეს ხელ უწყობს მათი ავადობის 10-14%-ით შემცირებას. ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება მოზარდეულის ლოკალური გათბობისთვის უნდა იყოს სადღეღემისო. 10-15 დღემდე ასაკის ხბოებში ინფრაწითელი გამოსხივებით უნდა ხდებოდეს 1 საათი გათბობა, ხოლო 0,5 საათი შესვენება.
ჯგუფური შენახვის ერთ-ერთი განსაკუთრებულობაა – კვების მოქნილობა. როგორც წესი, შრომის პროდუქტიულობა პირდაპირ კავშირშია რძის მიწოდების მოცულობაზე. ეს ნიშნავს, რომ კვების სისტემის მექანიზაცია აადვილებს რძის დიდი მოცულობით მიწოდებას შრომის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე. ჯგუფურ სადგომში კვების ერთ-ერთ მეთოდია დიდი კონტეინერების გამოყენება ბევრი საწოვარით. ამ შემთხვევაში თხევადი საკვები ხბოების მთელ ჯგუფს ეძლევა ერთდროულად.
ხბოების ჯგუფური შენახვა ასევე ხელს უწყობს ცხოველებში ბუნებრივ სოციალური ქცევების ჩამოყალიბებას, რომელიც მომავალში დაეხმარება მათ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში. ჯგუფურად შენახვის დროს სტრესის შესამცირებლად რეკომენდებულია, ჯგუფის შემადგენლობის მაქსიმალურად უცვლელად შენარჩუნება, ეს შეამცირებს დაპირისპირებას და შექმნის პოზიტიურ გარემოს ხბოების გასაზრდელად. ასევე დადგენილია, რომ როდესაც ხბოები ჯგუფურად იზრდებიან ისინი რძის პერიოდის შემდეგ უფრო სწრაფად და აქტიურად იწყებენ საკვების მოხმარებას. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გაუადვილდებათ თხევადი საკვებიდან უხეშ საკვებზე გადასვლა. ჯგუფური შენახვის მთავარი პრობლემა, ხბოებს შორის დაავადების გავრცელებაა.
მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;
ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;
დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;
ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;
ლაშა ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);
თამარ ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი