აგრარული განათლებადარგებივეტერინარიამეცხოველეობა

ხბოს გამოზრდა _ სასუნთქი გზების დაავადებები

ბაქტერიებმა, ვირუსებმა, სოკოებმა და პარაზიტებმა ხბოებში შეიძლება სასუნთქი გზების დაავადებები გამოიწვიოს.
სასუნთქი გზების ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პნევმონიები, მის ასაცილებლად საჭიროა შემდეგი სტანდარტული პროცედურები:

✔ დაავადებული ხბოების გადაყვანა სხვა სადგომში.

✔ ქვეშსაფენის რეგულარული გამოცვლა;

 ✔ სადგომში ვენტილაციის გაუმჯობესება ორპირი ქარის წარმოქმნის გარეშე;

 ✔ სადგომში ხბოების სიმჭიდროვის შემცირება;

 ✔ ცხოველთა ჯგუფების დაკომპლექტება ასაკის მიხედვით;

✔ ვაქცინებისა და შრატების გამოყენება ვეტერინართან შეთანხმებით.

პნევმონია (ფილტვების ანთება) ვითარდება, სასუნთქი გზების ინფექციური პროცესების დროს, რომლის გართულებაც ძალიან საშიში შეიძლება იყოს ხბოსთვის, მის განსაკურნებლად მნიშვნელოვანია სწრაფი რეაქცია. პნევმონის გამომწვევი მრავალი მიკრობია. პნევმონიით ხშირად ავადდებიან ხუთ თვემდე ასაკის მოზარდები, ხოლო დაავადების ყველაზე საშიში პერიოდია ზამთრის დასასრული და გაზაფხულის დასაწყისი. ვირუსული პნევმონია ხშირად ემართებათ 2-3 კვირის ასაკში. არასათანადო მკურნალობისას მოსალოდნელია გართულებები და დაავადების დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ ლეტალობა.

ხბოებში პნევმონიის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებებია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინფექციური რინოტრაქეიტი, პარაგრიპი-3, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი. ხბოებში პნევმონიის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული დაავადებებია: მიკოპლაზმებით, პასტერელებით, ჰემოფილური ბაქტერიებით გამოწვეული პათოლოგიები.

სიმპტომები:

✔ დაუძლურება, ლეთარგია;

✔ მადის დაქვეითება;

✔ ტემპერატურის მატება (39.50 С-ზე მეტი);

✔ ხველა;

დაავადების დამძიმების შემთხვევაში გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:

✔ სუნთქვის სიხშირის გაზრდა ან სუნთქვის გაძნელება;

✔ გამონადენი ნესტოებიდან;

✔ ქაფიანი პირი;

✔ უხეში ბეწვი;

✔ დიარეა.

გამწვავების შემთხვევაში სიკვდილი შესაძლოა დადგეს რამდენიმე საათში ან დღეში.

დაავადების განვითარების ხელშემწყობია ხბოებში დაქვეითებული რეზისტენტულობა (როცა იმუნური სისტემა დათრგუნულია), რომელიც შეიძლება სიცივით, ამინდის ცვლილებით, ტრანსპორტირებით, ჭექა-ქუხილით და სხვა მიზეზებით გამოწვეულმა სტრესმა განაპირობოს.

მკურნალობა თუ დაავადებას აღმოაჩენთ ადრეულ ეტაპზე და ხბოს მხოლოდ ტემპერატურა აქვს, მაშინ შეგვიძლია მას მივცეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ანთების შესამცირებლად. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი მიდგომა ეფექტურია, მაგრამ მძიმე სიმპტომების მქონე ხბოებს დასჭირდებათ ანტიბიოტიკები. მკურნალობა უნდა დანიშნოს ვეტერინარმა. ცნობილია, რომ ვირუსულ პნევმონიაზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ის შეიძლება გამოვიყენოთ ხბოს მეორეული ბაქტერიული ინფექციებისგან დასაცავად. რეკომენდებულია, პნევმონიის მკურნალობის დროს გამოყენებული იქნას ფართო სპექტრის და ხანგრძლივი მოქმედების ანტიმიკრობული საშუალებები. მკურნალობის დროს, ასევე აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. განსაკუთრებით, სულფამინალიდების ჯგუფის პრეპარატების გამოყენებისას (90% გამოიყოფა თირკმელებიდან). წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანდება თირკმელები.

პროფილაქტიკა

✔ დაბადებისას ხბო უზრუნველყავით კარგი ხარისხის საჭირო რაოდენობის ხსენით;

✔ იმუნიტეტის გასაძლიერებლად ჩაატარეთ მაკე ძროხების და შემდგომ ხბოების ვაქცინაცია. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გამორიცხავს დაავადების რისკს;

✔ გააუმჯობესეთ შენახვის პირობები, დარწმუნდით რომ ხბოები შენობაში იმყოფებიან ორპირი ქარის გარეშე, სადაც საკმარისი ვენტილაციაა ტენიანობის მოსაშორებლად. უმჯობესია მოარიდოთ ბეტონის იატაკს;

✔ პნევმონიის სწრაფი გავრცელების შესამცირებლად საუკეთესო გზაა ინდივიდუალური სადგომები (სპეციალური ქოხები);

✔ სადგომში უზრუნველყავით ნორმალური ტემპერატურა (15°С-ზე მეტი), საკმარისი ჩალის ან თივის მშრალი ქვეშსაფენით;

✔ დარწმუნდით რომ ხბოები იღებენ საკმაო რაოდენობის წყალს და საკვებს მიზნობრივი ზრდის ტემპისთვის. არ დაუშვათ ზედმეტი კვება.

პასტერელოზი რესპირატორული დაავადებების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ჰემორაგიული სეპტიცემია (პასტერელოზი-იწვევს ბაქტერია პასტერელა), რომელიც ძირითადად მოზარდ ხბოებში მიმდინარეობს გულმკერდის ფორმით, ფილტვების ანთებით. ხოლო, ხბოების ადრეულ ასაკში, სიცოცხლის პირველ დღეებში თავს იჩენს ამ დაავადების ნაწლავური ფორმა.

დაავაბა ვითარდება სწრაფად, ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-2 დღე, აღინიშნება ტემპერატურის უეცარი მატება 41-42°C-მდე, მძიმე დეპრესია, პულსი და სუნთქვა გახშირებული, ხბოებს უვითარდებათ დიარეა, ხშირად სისხლიანი. პირველი-ორი დღის განმავლობაში მაღალია ხბოების სიკვდილიანობა.

ლეტალობა აღწევს 75%-ს. პასტერელოზის დიაგნოზი მეძუძურ ხბოებში შესაძლებელია დაისვას სიცოცხლის პირველ დღეებში. ყურადღება მივაქციოთ პნევმონიის ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებს. პასტერელოზგადატანილი ხბოები დაავადების აღმძვრელის მატარებლად ითვლება რამდენიმე თვე.

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი